კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოდან უზბეკეთში ვერ ბრუნდება

31 ოქტომბერი, 2006

ruka1.gif24 წლის 2 შვილის დედა, უზბეკეთის მოქალაქე 5 თვეა საქართველოში იმყოფება და სასამართლოს გაჭიანურების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ის ერთადერთია, რომელიც პროცესზე მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს და დაწვრილებით მოყვეს, მარინა ჩხიკვაძე-ოგანესიანმა დუბაიში როგორ გაყიდა, როგორ აიძულებდნენ სექსუალურ ბიზნესში ემუშავა და როგორ აღმოჩნდა ციხეში. 

ტრეფიკინგის მსხვერპლი სპეციალურ თავშესაფარში იმყოფება და ამ პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პატრონობენ. რაც შეეხება მის ისტორიას, ასეთია: მარინა ჩხიკვაძე-ოგანესიანმა გოგონა 3 წლის წინ უზბეკეთში გაიცნო, დაუმეგობრდა, მისი სოციალური პირობები და ოჯახური მდგომარეობა შეისწავლა და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით დუბაიში სილამაზის სალონში მუშაობა შესთავაზა.
 
მან გოგონა თავდაპირველად საქართველოში ჩამოიყვანა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაუკეთა და დუბაიში ტრეფიკერებს მიჰყიდა. გოგონას ტრეფიკერები სექსუალურ ბიზნესში ამუშავებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან გაპარვა შეძლო, თუმცა ციხეში აღმოჩნდა. საბოლოოდ, პოლიციელებმა ის დეპორტაციით საქართველოში გამოისტუმრეს, რადგან მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. 

მართალია, მარინა ჩხიკვაძე-ოგანესიანი დაკავებულია, თუმცა სასამარლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

როგორც მსხვერპლი ამბობს, ის საქართველოში 2006 წლის  26 მაისიდან იმყოფება. 3 წელია, შვილები არ უნახავს და შინ დაბრუნებას ითხოვს. მისივე თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს არაერთხელ მიმართა თხოვნით, რომ პროცესი მალე გამართულიყო, თუმცა უშედეგოდ: „სახლში 2 შვილი მელოდება. გთხოვთ, დამეხმაროთ და სახლში დამაბრუნოთ. როცა დუბაიში ჩამიყვანეს, მითხრეს, რომ მამაკაცებთან უნდა მემუშავა. წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ  მითხრეს, გინდა თუ არა, უკვე გვიანიაო.“   
 
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს. მოსამართლე კი ტარიელ ტაბატაძეა. მართალია, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა კომენტარი სპიკერ მოსამართლე შორენა გუნცაძემ გააკეთა. სასამართლო პროცესის გაჭიანურების მიზეზად მან დაგროვილი საქმეები დაგვისახელა.

შორენა გუნცაძე: „ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგროვილ საქმეთა რაოდენობა 3500-მდეა. ის განცხადება, რაც დაზარალებულმა გააკეთა, რომ თითქოს მისი პროცესი შეგნებულად ჭიანურდება, არასწორია. მიზეზი მხოლოდ საქმეთა სიმრავლეა და სხვა არაფერი. სასამართლოს აქვს 6 თვიანი განხილვის ვადა და  ეს საქმე სასამართლოში 4 აგვისტოს შემოვიდა. ანუ ვადა ჯერ კიდევ არის. სასამართლომ ეს პროცესი უკვე ჩანიშნა და მისი განხილვა 2 ნოემბერს მოხდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.“ 

საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სახალხო დამცველიც ჩაერთო.  როგორც „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ წარმომადგენელი ნანა ნაზაროვა აცხადებს: „დაზარალებულს სახელმწიფო სტრუქტურები არ პატრონობენ. ისინი არც არანაირი ფინანსებს იღებენ მისთვის. დაზარალებული მათი შესანახი რომ იყოს, სასამართლო ერთ კვირაში შედგებოდა. გოგონა იმდენად იყო დაუძლურებული საქართველოში რომ დაბრუნდა, ვერ დადიოდა. სიარული ხელახლა ისწავლა.“
 
აღნიშნული ისტორიის შესახებ კარგად იციან უზბეკეთშიც, თუმცა დაზარალებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაწვრილებით ვერაფერს ამბობენ. როგორც უზბეკეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ტონგ“-ის წარმომადგენელმა ვალენტინა ჩუპიკმა გვითხრა: „ამ ისტორიას ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ სამწუხაროდ, საუბარი არ შემიძლია, რადგან ეს საიდუმლო ინფორმაციაა. გეტყვით, რომ გოგონა საქართველოში პირველად 2004 წელს ჩამოიყვანეს და ყალბი საბუთების გაკეთების შემდეგ ემირატებში გაყიდეს. იქ ნახევარი წელი მუშაობდა და ისევ საქართველოში აღმოჩნდა.“

რაც შეეხება ტრეფიკინგში ეჭვმიტანილ ოგანესიანს, ის მსგავს საქმიანობაში ადრეც იყო შემჩნეული და გასამართლებული. ერთ-ერთი ისტორია კი ისევ უზბეკი გოგონების ტრეფიკინგს უკავშირდება. კერძოდ, 12 უზბეკი გოგონას ისტორიას, რომლებიც მან 2003 წელს თბილისში ჩამოიყვანა, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და დუბაიში გასაყიდად ამზადებდა, თუმცა ერთ-ერთმა გაქცევა მოახერხა და ამბავი პოლიციას შეატყობინა.

მომხდართან დაკავშირებით სს საქმე აღიძრა. გოგონები სამშობლოში დააბრუნეს, ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი ოგანესიანი  კი გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ თავდებში გაათავისუფლეს. დღეს კი ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

რაც შეეხება სტატისტიკას, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ ტრეფიკინგის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები თურქეთის შსს-მ და აზერბაიჯანის მიგრანტთა იურიდიული დახმარების ცენტრმა მიაწოდა. თურქეთის პოლიციის არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის განყოფილების მთავარი ინსპექტორის რამაზან დაისალის ინფორმაციით, წელს თურქეთში  უკრაინის  29 მოქალაქე გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი, 69 - მოლდოველი, 38 რუსი, ყირგიზეთის  24 მოქალაქე, 18 აზერბაიჯანელი, 14 უზბეკი, 1 ყაზახი, საქართველოს  6 მოქალაქე, 1 ბელორუსი, 4 თურქმენეთიდან, 1 სომხეთიდან, 2 ირანიდან და 2 ბულგარეთიდან.      
  
რაც შეეხება აზერბაიჯანში დაფიქსირებულ შემთხვევებს, მიგრანტთა იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის ალოვსატ ალიევის ინფორმაციით: 2005 წელს აზერბაიჯანში ტრეფიკინგის 231 შემთხვევა გამოვლინდა. 2006 წლის 9 თვეში კი 51 მსხვერპლი აღმოაჩინეს. მათ შორის 2 უზბეკი, 2 რუსეთის მოქალაქე,   1 უკრაინელი, 1 ყირგიზეთის მოქალაქე. რაც შეეხება დანიშნულების ქვეყანას, სადაც გოგონები გადაჰყავდათ ეს არის ემირატები, ირანი, თურქეთი და ამერიკა. დაკავებულია 58 ტრეფიკერი. მათ შორის 11 მამაკაცი და 47 ქალი.  

ეკა გულუა

ახალი ამბები