კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლემ ლუკა რამაზაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

6 ნოემბერი, 2006

ramazasvili.gifთელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა, „მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს და კომპანია „ყაზბეგი – ფშაველის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ლუკა რამაზაშვილს 26 ოქტომბერს განაჩენი გამოუტანა და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვეტერანთა საქმეების კახეთის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სახალხო რაზმის ყოფილი მეთაური და გორგასლის ორდენის კავალერი ლუკა რამაზაშვილი, კახეთის საოლქო პროკურატურამ 2006 წლის 30 იანვარს დააკავა.

„სხვისი ნივთის დაზიანება – განადგურება; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; გამოძალვა; ქურდობა; სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა; იძულება, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა“- ეს ის დანაშაულებებია, რომლის ჩადენაშიც პროკურატურამ ლუკა რამაზაშვილს ბრალი დასდო.

ბრალდებათა სიმრავლის მიუხედავად, ლუკა რამაზაშვილი დაკავების მომენტიდან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გოჩა მამაცაშვილის პირად პატიმრად მოინათლა. ამაში „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ მამაცაშვილი საჯაროდ დაადანაშაულა. 

„რამაზაშვილის დაპატიმრების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ თავისუფალი მეწარმე არ მოსწონს გუნდს, რომელიც დღეს თელავის რაიონს მართვას. ლუკა რამაზაშვილთან დაკავშირებული ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ გოჩა მამაცაშვილსა და მის ბანდას, ძალიან არ მოსწონთ ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედება და ისევ უკონტროლოდ მოჭრილი მორების უცხოეთში გატანა სურთ“,- აღნიშნა თოფაძემ.

ბრალდებებთან დაკავშირებით, გოჩა მამაცაშვილი ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, კომენტარს არ აკეთებს.

ოთხი თვის მანძილზე, საქმის სასამართლო განხილვისას დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობამ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები უარყო. რამდენიმე მათგანმა სასამართლო პროცესზე ხმამაღლა აღნიშნა, რომ დაკითხვისას გამომძიებლებისა და პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ.
„წინასწარი გამოძიების ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ლუკა რამაზაშვილთან არასოდეს ურთიერთობა, მითუმეტეს უთანხმოება და კონფლიქტი არ მქონია. უფრო მეტიც, ჩვენებას, რომელზედაც ჩემი ხელმოწერაა, საერთოდ არ ვიცნობ“,- აღნიშნა დაზარალებულად ცნობილმა მუსრადინ ნაბი ოღლიმ. 

„რამაზაშვილი არც დაგვმუქრებია და არც შეურაცხყოფა მოუყენებია. გამომძიებელს განსხვავებული ჩვენება იმიტომ მივეცი, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ქართული კარგად არ მესმის. ჩემთვის არც თარჯიმანი დაუნიშნავთ. რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვიმეორებდი“,- განუცხადა მოსამართლეს მოწმე აივენგო წიქარაძემ, რის შემდეგაც მასთან ერთად კიდევ ორ მოწმეს ბესარიონ ქიტიძეს და არსენ პავლიაშვილს, ცრუ ჩვენების მიცემის გამო, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

„თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე ნათლად ჩანდა, რომ ლუკა რამაზაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გამომძიებლის მიერ განზრახ არის გაყალბებული. შეცვლილია მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები, რითაც აშკარად იკვეთება გამომძიებლისა და საქმეზე ზედამხედველი პროკურორის დავით ნეკერაულის პასუხისმგებლობის საკითხი. დაზარალებულებმა და მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ ხელი რაზე მოაწერეს, რამდენიმე მათგანმა კი აღნიშნა, რომ ხელი წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე ძალით მოაწერინეს. ამის გამო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულებრივი ქმედება ეჭვქვეშ დადგა. ამ ადამიანების დაპატიმრება ნამდვილად უსაფუძვლოა. პროკურატურა დაზარალებულებსა და მოწმეებზე ზეწოლას ახდენს და დაშინების პოლიტიკას ატარებს“,- აღნიშნა რამაზაშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.

მოწმეებზე ზეწოლას ადასტურებს ა/ო „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ იურისტი ნანა ჭაბუკაძეც, რომელიც ადამიანურ განზომილებათა ოფისი – ეუთოს მისია საქართველოს მხარდაჭერით, ლუკა რამაზაშვილის სასამართლო პროცესის მონიტორინგს აწარმოებდა. „მას შემდეგ, რაც სამი მოწმე დააპატიმრეს, დანარჩენმა მოწმეებმა სრული ჩვენებების მიცემაზე უარი განაცხადეს. ბევრი მათგანი იმდენად არის დაშინებული, რომ შეგნებულად ვერ იხსენებს, რა მოხდა და როგორ მოხდა. საერთოდ, პროკურატურის მხრიდან დაზარალებულებზე და მოწმებზე ზეწოლა აშკარად თვალშისაცემი იყო“, - აღნიშნავს ნანა ჭაბუკაძე.

პროკურატურის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლას უარყოფს კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი. „ლუკა რამაზაშვილი კრიმინალია და მას ბიზნესთან და პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. იგი მხოლოდ ამოფარებულია ამ სფეროს. მას ჰყავდა შეიარაღებული ბანდა, რომელიც მოსახლეობას აწიოკებდა. გარდა იმისა, რაც მას საბრალდებო დასკვნით წარედგინა, მან აიძულა ორი ბიზნესმენი ბუქარაიძე და ერთი კიდევ სხვა, რომ საქართველოდან გაქცეულიყვნენ. ...დიდხანს ვიმუშავეთ იმისათვის, რომ მტკიცებულებები მოგვეპოვებინა მის წინააღმდეგ. ჩვენის მხრიდან არც დაზარალებულებზე და არც მოწმეებზე ზეწოლას ადგილი არ აქვს“,- გვითხრა თამაზ ცაბუტაშვილმა.

კახეთის საოლქო პროკურატურა ლუკა რამაზაშვილის მიმართ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. მოსამართლე ლია ოთარაშვილმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ექვსი ბრალდებიდან განსასჯელს სამი მოუხსნა და საბოლოოდ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატები თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, სადაც რამაზაშვილის გაუმართლებლობის შემთხვევაში, ადვოკატები სარჩელით ევროპის სასამართლოსაც მიმართავენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები