კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წყალდიდობა ზუგდიდის რაიონში

7 ნოემბერი, 2006

floot.gif2 ნოემბერს გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. სოფლებში - ხურჩა, შამგონა და განმუხური, ენგურის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და კალაპოტიდან გადავიდა. მდინარემ დატბორა ამ სოფლების მაცხოვრებელთა სავარგულები, თხილნარი, სიმინდის ყანები. ყველაზე მეტად მაინც განმუხურის მკვიდრნი დაზარალდნენ. მდინარემ გურამ ახალაიასა და შალვა გაბისონიას სახლები დაანგრია. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით აკვირდებოდა მდინარის ადიდების პროცესს, რათა დროულად მოეხდინათ გახიზნვა. მიუხედავად ამისა, ახალაიებისა და გაბისონიების ოჯახებმა მაინც ვერ შეძლეს დროულად საოჯახო ნივთების გამოტანა. მოვარდნილმა წყალმა ისინი ღია ცის ქვეშ დატოვა.  
ზემოთ დასახელებულ სოფლებში, ნაპირგამაგრებითი სამუშაოების  მწარმოებელი სამელიორაციო სამმართველოს უფროსი იანურ მიქავა და ინდმეწარმე იაშა ფაჟავა ფინანსურმა პოლიციამ რამდენიმე დღის წინ სწორედ იმისათვის დააკავა, რომ მათ ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მხოლოდ ქაღალდზე აწარმოეს. შედეგად, არაერთი ადამიანი დაზარალდა.

დაზარალებულ გურამ ახალაიას 38 წლის ინვალიდი ქალიშვილი ჰყავს. ოჯახი ჯერჯერობით ნათესავებმა შეიფარეს.
 
განმუხურელთა თქმით, მსგავსი საფრთხის წინაშე დგას კიდევ 32 ოჯახი. სოსო პერტაია  (სოფლის მაცხოვრებელი): “ასეთი წყალდიდობა კარგა ხანია არ ყოფილა. ნაპირგამაგრებითი სამუშაოები კომუნისტების მერე არავის ჩაუტარებია. პატრონი არ გვყავს. აი, ხედავთ, მთელმა ქვეყანამ გაიგო, რაც გვჭირს და ხელმძღვანელობა არც კი მოსულა.”

დავით ახალაია (სოფლის მაცხოვრებელი): „რაიონის გამგეობას და სოფლის საკრებულოს რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ ყურიც არავინ შეიბერტყა. ახლა ვნახოთ, რა პასუხს გაგვცემენ, თუ საერთოდ მოვიდნენ.”
 
სოსო საჯაია (ახლადარჩეული რაიონის საკრებულოს წევრი განმუხურიდან): „ჩვენ ვიცით ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც სოფლის წინაშე დგას. ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის. მუშაობა, ალბათ, დღესვე დაიწყება. ეს საქმე ადრე უნდა ყოფილიყო ჩატარებული და ვინც არ გააკეთა და სახელმწიფო თანხები მიითვისა, ციხეშია.”
 
ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ცხადაიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა: “ადგილზე გავეცანით ვითარებას. უმოკლეს ვადაში ჩატარდება ყველა ის სამუშაო , რაც საჭიროა მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის. გარდა ამისა, პირველადი მოხმარების საგნებსა და კვების პროდუქტებს გადავცემთ ახალაიასა და გაბისონიას ოჯახებს.”

ვ. ცხადაიას გარდა სოფელ განმუხურში არც ერთი ხელმძღვანელი პირი არ ჩასულა. 3 ნოემბერს დაახლოებით 16 საათზე, ზუგდიდის რაიონის გამგეობის შენობასთან მოვიდნენ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები და ისინიც, ვისაც მსგავსი საფრთხე ემუქრება, სულ 15 ადამიანი. მათი ორი წარმომადგენელი ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილეს რუსლან კილასონიას შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. საუბრის  შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ დაზარალებული გურამ ახალაიას მეუღლე და მისი ნათესავები.

ნონა ახალაია (წყალდიდობის დროს დაზარალებული): “ვახტანგ ცხადაია შეგვპირდა რაღაცეებს მოგცემთო, მაგრამ მე მათი დაპირებების არ მჯერა, 12 წელია, გვატყუებენ, აი ახლა გავამაგრებთ ნაპირს, არა ახლაო, და ნახეთ რა მოგვივიდა? ჩემი ინვალიდი შვილი მეზობლებმა გადამირჩინეს, თორემ იქ დამეღუპებოდა. არ მჯერა ამათი, მართალიც რომ მითხრან, აღარ მჯერა.”
 
ნონა ახალაიამ  საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რაიონის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, მის მოადგილეებს თენგიზ შანავასა და რუსლან კილასონიას კარებს აუჭედავს, თუკი ორშაბათს დაპირებულ დახმარებას არ მიიღებს: “აგერ მაქვს ჩაქუჩი და ლურსმანი, ორშაბათს კომპენსაცია რომ არ მივიღო, ქობალიას, შანავას და კილასონიას კარებს ავუჭედავ. მერე წავალ და გოროზიასაც მაგას გავუკეთებ (გოროზია ზაზა, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო- ზემო სვანეთში)”.
 
რამდენიმე წუთის შემდეგ, ახალაიები და მათი თანასოფლელები რწმუნებულის შენობისკენ წავიდნენ, მაგრამ გაიგეს რა, რომ ის ადგილზე არ იყო და მასთან სტუმრობა რამდენიმე დღით გადადეს.
 
ჩვენ დავინტერესდით, თუ რა სახის დახმარების გაწევას დაპირდა ახალაიებსა და გაბისონიებს ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილე რუსლან კილასონია. ჩვენი შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე იყო, მან მხოლოდ ერთ კითხვაზე გვიპასუხა. 

 - რა სახის დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ დაზარალებულ ოჯახებს?

 - რ. კილასონია: დახმარების საკითხს წყვეტს თბილისი. ჩვენ მხოლოდ რაღაც ერთჯერადი დახმარების გაწევა შეგვიძლია. მივცემთ 200 –200 ლარს თითოეულ ოჯახს, პირველადი მოხმარების საგნებს.
კითხვაზე, მიიღებენ თუ არა კომპენსაციებს დაზარალებული ოჯახები, კილასონიამ პასუხი არ გაგვცა, მოუცლელობა მოიმიზეზა და წავიდა.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ მისცემს დანგრეული და საშიშ ზონაში მცხოვრებ  განმუხურის მოსახლეობას ფულად კომპენსაციებს, ისინი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

ნატო ბერულავა

ახალი ამბები