კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში რუსული მედიკამენტების მარაგი ამოიწურა

9 ნოემბერი, 2006

 zamali.gifრუსეთთან ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა სამედიცინო სფეროზეც აისახა. მართალია, ამ ეტაპისთვის დეფიციტი სერიოზული არ არის, თუმცა ზოგიერთი წამალი  აფთიაქებიდან უკვე გაქრა.  როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, თუ რუსული ბაზრის ევროპულით ჩანაცვლება სწრაფად არ მოხდა, შესაძლოა, მცირედი პრობლემები გაჩნდეს. რაც შეეხება ანტირაბიულ ვაქცინას, აქ პრობლემა ნამდვილად შეიქმნება.

შესახვევი მასალები (ბინტი, ბამბა), სამედიცინო ხელთათმანები, დრენაჟები - ეს იმ სამედიცინო ინვენტარის მცირე ნაწილია, რომლითაც საქართველოს მხოლოდ რუსეთი ამარაგებდა. უფრო დაწვრილებით რუსეთიდან შემოსული სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ქირურგი და ონკოლოგი დავით საგანელიძე ესაუბრა: „სამწუხაროდ, რუსეთთან გამწვავებულმა ურთიერთობამ პირველ რიგში ექსპორტ-იმპორტს დაატყო ხელი, მათ შორის, მედიკამენტებსაც. თუ მედიკამენტების დიდი ნაწილი ევროპიდან შემოდიოდა, ასეთი ტიპის პროდუქციის ძირითადი მომწოდებული რუსეთი იყო. რუსული წარმოების მედიკამენტებით კი ქართული ბაზრის დაახლოებით 20-25% იყო გაჯერებული.“

მართალია, რუსული მედიკამენტების ევროპულით ჩანაცვლების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და გარდა ამისა, გაცილებით ძვირი. „ბაზარს აქვს ადაპტაციის უნარი და როცა არსებობს მოთხოვნილება, ეს მოთხოვნილება რაღაცით ივსება. მაგრამ არის მეორე ფაქტორი, რამდენად დაეტყობა ეს ფასებს და რამდენი ხანი გაგრძელდება დაფიციტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთიდან სამედიცინო საქონელი მოწოდების შემდგომი გადახდით შემოდიოდა, რაც ევროპასთან ნამდვილად ვერ მოხერხდება. რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ ფარმაკოლოგიური მომწოდებლები ევროპულ კომპანიებზე გადაერთონ.  ფასები კი მნიშვნელოვანად გაიზრდება, რადგან რუსეთიდან მოწოდებული პროდუქცია ბევრად უფრო იაფი იყო“,- ამბობს საგანელიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დეფიციტის დროს თავს იჩენს, არის ფალსიფიკაცია. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ექიმი გოგიტა გეგელაშვილი ფარმაცევტული ტერორიზმის 3 ვარიანტზე საუბრობს: „ფალსიფიცირებულ პრეპარატებთან დაკავშირებით ბრძოლა მთელ მსოფლიოში ხდება. ამას ფარმაცევტულ ტერორიზმს უწოდებენ. ყველაზე მეტად ეს იქ არის გავრცელებული, სადაც კანონი ყველაზე ნაკლებად კანონობს. მაღალი დონის ქვეყნებში კი ეს საკითხი ბევრად უფრო დარეგულირებულია. როცა ვამბობთ, წამალი ფალსიფიცირებულია, ამაში ბევრი მომენტი იგულისხმევა. შეიძლება ის წამლობდეს და თავის ფუნქციას ასრულებდეს, არ იყოს გაფუჭებული და დამახინჯებული, მაგრამ თუ ის შეფუთულია სხვა ქვეყნისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ვამბობთ, რომ წამალი ფალსიფიცირებულია. ამის გარდა, არსებობს პრეპარატები, რომელთა შემადგენლობა ის არ არის, რაც უნდა იყოს. არის კიდევ მესამე ვარიანტი, როცა წამალი ნამდვილად წამალია, თუმცა დაბალი ტექნოლოგიით გაკეთებული, რადგან ის სადღაც სარდაფში მზადდება და დოზირება სწორად არ არის შერჩეული. სამივე ფარმაცევტულ ტერორიზმად ითვლება და კანონით ისჯება. ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც.“

რაც შეეხება ფარმაცევტულ დეფიციტს, გეგელაშვილის თქმით, ეს პრობლემა საქართველოს არ ექნება, რადგან რუსული მედიკამენტების წილი ქართულ ბაზარზე მხოლოდ 4% იყო: „რუსეთის გავლენა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წლიდან წლამდე მცირდებოდა. მიზეზი კი ის არის, რომ მას ევროპული ანაცვლებს და ექიმები სწორედ ევროპულ პრეპარატებს უნიშნავენ პაციენტებს. მაგრამ არის ისეთი პრეპარატები, რაც ძალიან მოდაშია. ასეთია შესახვევი მასალა, ასევე გადასასხმელი სისტემა, რადგან მას აქვს ფილტრი. სერიოზული პრობლემა, რომელიც შეიძლება შეიქმნას, არის რუსული ანტირაბიული ვაქცინა, რომელიც ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვნად ფიგურირებს და რომელსაც სახელმწიფო ყიდულობს. ალტერნატივა არსებობს, მაგრამ ამით სახელმწიფო იზარალებს, რადგან ბიუჯეტიდან მეტი თანხები გავა.“

სხვა პრეპარატებთან დაკავშირებით, გეგელაშვილი შეფერხების არსებობაზე საუბრობს და არა პრობლემაზე. მისი თქმით, პრობლემა და შეფერხება ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ: „ასეთ გლობალულ თემას შეფერხება მოჰყვება, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგიერთი წამალი რუსეთიდან ტრანზიტით მოდიოდა, მაგრამ პრობლემა არ იქნება.“

ერთ-ერთი რესპონდენტი ქეთევან იზორია კი რამდენიმე დღეა, საჭირო პრეპარატებს ქართულ ბაზარზე ვერ შოულობს: „რუსეთთან პრობლემების არსებობა სამედიცინო კუთხითაც გამოჩნდა, რადგან აფთიაქებში რუსული პრეპარატები უკვე არა აქვთ. ამბობენ, რუსეთიდან არ შემოდისო. რა თქმა უნდა, მათი ჩანაცვლება სხვა მსგავსი პრეპარატით შესაძლებელია, მაგრამ ის გაცილებით ძვირია, რადგან ევროპიდან შემოდის.“

ეკა გულუა

ახალი ამბები