კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იურისტები მოსამართლეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

10 ნოემბერი, 2006

mosamarTle_mWedliSvili.gifკახეთში მომუშავე ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები სასამართლო რეფორმის ნაკლოვან მხარეებზე საუბრობენ. მათი თქმით, რეფორმამ არა მარტო მოსამართლეები აქცია პროკურატურის ნოტარიუსებად, არამედ მთლიანად სისტემაშია ქაოსი, რის გამოც, მათ ბევრი პრობლემები ექმნებათ.

 

ამ მხრივ, კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განსაკუთრებით გურჯაანის, ყვარლისა და თელავის რაიონულ სასამართლოებს გამოყოფენ.

"გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოდან მომაგრებული ერთადერთი მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი მუშაობს. სასამართლოს ნამდვილად ბევრი საქმე აქვს განსახილველი, რის გამოც, პროცესები წლობით მიმდინარეობს. პრობლემა გვაქვს ასევე კონკრეტულ საქმეებზე უკვე გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და განაჩენების მოპოვებაზეც. მოსამართლე ხან ცუდად არის, ხან სასამართლოში არავინ არის სამუშაო საათებში, ხშირად კი განაჩენის დაგვიანებით ჩაბარებას ოპერატორს აბრალებენ. ამ მიზეზით, რაიონული სასამართლოს განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება გვიგვიანდება, რაც პრობლემებს გვიქმნის",- აცხადებს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

იურისტებს პრეტენზიები აქვთ მოსამართლის თანაშემწეებთან და სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთანაც. "რამდენიმე თვეა ვითხოვ კახეთის რეგიონის რაიონული სასამართლოებიდან, მომაწოდონ ინფორმაცია, მოსამართლეთა მიერ განსახილველად ჩანიშნული საქმეების შესახებ, რასაც ვერ მივაღწიეთ, თუ არ ჩავთვლით დედოფლისწყაროს სასამართლოს. მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოში გამოკრული საინფორმაციო დაფიდან უნდა მივიღოთ, რაც უკანონოა, რადგან გარდა იმისა, რომ გურჯაანის, ყვარლის, ახმეტის, სიღნაღის და საგარეჯოს სასამართლოებში არა თუ ინფორმაცია, არამედ საინფორმაციო დაფაც ვერ აღმოვაჩინეთ. სასამართლო საჯარო დაწესებულებაა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისინი ვალდებულნი არიან მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. ჩავთვალეთ საჭიროდ, მიღებული პასუხები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაგვესაჩივრებინა. რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია შიოშვილი გვატყობინებს, რომ "კახეთის ყველა რაიონულ სასამართლოში კანონის მოთხოვნის შესაბამისად არის გამოკრული საინფორმაციო დაფა, რომელზეც განთავსებული ინფორმაცია სისტემატურად ახლდება"",- აღნიშნავს ა/ო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისის იურისტი ნანა ჭაბუკაძე, რომელიც "ადამიანურ განზომილებათა ოფისი ეუთოს მისია საქართველოს" მხარდაჭერით, კახეთში სასამართლოების მონიტორინგს აწარმოებს.

სასამართლოებში არსებული განუკითხაობის შესახებ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამენ "იურისტთა განვითარების ცენტრშიც". ორგანიზაციის დირექტორის თინათინ ფხოველიშვილის თქმით, ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ტურაშვილი სასამართლო პროცესებზე ადამიანის უფლებებს არღვევს. "ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია ყვარლის რაიონიდან, რომ მოსამართლე ტურაშვილი, პროცესზე მოწმეებს უყვირის, რის გამოც ისინი იბნევიან. ეს კი პირდაპირ მიუთითებს მოსამართლის მხრიდან მოწმეზე ზეწოლის ფაქტზე. თუმცა უკეთესი სიტუაცია არც სხვა სასამართლოებშია",- აღნიშნავს ფხოველიშვილი.

პრეტენზიები აქვთ რიგით მოქალაქეებსაც. თელაველი გიორგი ნახუცრიშვილი ამბობს, რომ მანდატურმა ალექსი სააკაშვილმა მის მოთხოვნას, სასამართლოს შენობის ფოიეში შეეშვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"თელავის სასამართლოში მივედი. მაინტერესებდა, გამეგო როდის იყო ჩემი ახლობლის სასამართლო პროცესი ჩანიშნული, თუმცა მანდატურმა ალექსი სააკაშვილმა შენობაში არ შემიშვა და გარეთ გამომაგდო. ავუხსენი ჩემი იქ მისვლის მიზეზიც, რის შემდეგაც, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ექსცესის დროს დახმარება ვთხოვე მოსამართლე ცერცვაძის თანაშემწეს, თუმცა ამაოდ. ყურადღება არავინ მომაქცია",- ამბობს მოქალაქე.
 
იგივე პრობლემა ამავე მანდატურის მხრიდან შეექმნა საქართველოს პარლამენტის წევრს, ზურაბ ტყემალაძეს, რომელიც თელავის სასამართლოს რამდენიმე დღის წინ, ლუკა რამაზაშვილის პროცესთან დაკავშირებით სტუმრობდა. მანდატურმა სასამართლოს შენობაში შესვლაზე დეპუტატსაც უარი უთხრა და, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებით დაემუქრა.

მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს მარიკა ცერცვაძეს, რომელიც, ამავე დროს, იუსტიციის საბჭოს წევრია.

"ინციდენტი ამოწურულია. რაში გჭირდებათ ამის გახმოვანება. მანდატურები ასრულებენ თავიაანთ უფლება-მოსილებას. სხვას ვერაფერს გეტყვით",- აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში მოსამართლე ცერცვაძემ და ტელეფონი გათიშა.

ბრალდებებს უარყოფენ ყვარლის რაიონულ სასამართლოში და კომენტარზე უარს აცხადებენ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ნინო ომარაშვილი კი პრეტენზიებს ნაწილობრივ ადასტურებს. 

"ხდება ხოლმე, რომ მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი სასამართლოში ვერ ცხადდება. დღეს რატომ არ არის, ვერ გეტყვით, შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრი ჰყავს ავად, ან თვითონ არის შეუძლოდ. ერთი ადამიანისთვის ამდენი საქმე ძალიან ბევრია და განხილვა ნამდვილად უჭირს. გადაღლილია. მაგალითად, წინა კვირას სიცხიანი დადიოდა. ბოლო დროს კი, შაბათ-კვირასაც ვეღარ ისვენებს, რადგან პატრულს უამრავი სამართალდამრღვევი მოჰყავს და პრაქტიკულად ადმინისტრაციული საქმეების განხილვას უნდება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის საინფორმაციო დაფაზე გამოკრული ინფორმაცია განსახილველად ჩანიშნული პროცესების შესახებ, ეს ინფორმაცია მე მოსამართლის თანაშემწემ თუ არ მომაწოდა, ვერ გამოვაკრავ",- ამბობს ნინო ომარაშვილი.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, 2006 წელს გადაწყვეტილების გამოტანით, განხილულია 365, წარმოებაშია და განხილვის სტადიაშია 107 სამოქალაქო საქმე; განაჩენის გამოტანით განხილულია 118 სისხლის სამართლის საქმე, 2 საქმეში შეურაცხადის მიმართ გამოყენებულია იძულებითი ღონისძიება, აცილების წესით სხვა სასამართლოში გადაგზავნილია 56 საქმე, განხილვაშია 66 სისხლის სამართლის საქმე; გადაწყვეტილების გამოტანით განხილულია 81 საქმე, განხილვაშია 40 საქმე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრა 393 პირს, 12 პიროვნების მიმართ შეწყდა საქმე სხვადასხვა საფუძვლით; განხილულია 148 შუამდგომლობა წინასწარი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. აქედან, 73 პატიმრობის მოთხოვნით და მოსამართლის მიერ ყველა დაკმაყოფილებულია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთელი დღის მანძილზე ვცდილობდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებას. რამდენჯერაც დავრეკეთ, ოპერატორმა პრესსამსახურთან იმდენჯერ გადაგვრთა, მაგრამ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არავინ ისურვა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები