კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოება კახეთის ყოფილი გუბერნატორის მუშაობას უარყოფითად აფასებს

14 ნოემბერი, 2006

ciskara.gifგასულ კვირას განხორციელებული საკადრო ცვლილებებისას კახეთის გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრად გადაიყვანეს. ამ საკითხზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილ რწმუნებულს „ერთ-ერთ რთულ“ რეგიონში ორწლიანი მუშაობა მოუწონა. სხვაგვარად ფიქრობენ კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის მუშაობას უარყოფითად აფასებს. „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი პეტრე ცისკარიშვილს აქებს და ამბობს, რომ გუბერნატორად მუშაობისას მან კახეთი ააღორძინა და ა.შ, მისი მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია. იგი რეაგირებას არ ახდენდა ადამიანის უფლებების დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე, უფრო მეტიც, ამ მხრივ მისი გულგრილობა ხელს უწყობდა სამხარეო ადმინისტრაციაში მომუშავე მისსავე ახლობლებს, ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიეყენებინათ დედოფლისწყაროში მცხოვრები ინგილოებისთვის და ა.შ“,- აღნიშნავს ლია ხუროშვილი და იქვე დასძენს: „არ მახსოვს, ოდესმე ის დაინტერესებულიყო სამოქალაქო საზოგადოების აზრით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს ზედმეტად აგრესიული გახდა. ამ მდგომარეობაში მყოფი კახეთის საოლქო პროკურორს დაჟინებით სთხოვდა ჟურნალისტების დაპატიმრებას“.

ყოფილ რწმუნებულთან პრეტენზიები აქვთ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებსაც. გაზეთ „იმედის“ კორესპონდენტი მარინა გოგოლაძე თვლის, რომ ცისკარიშვილის გუბერნატორად მუშაობამ განაპირობა რეგიონის სახელისუფლებო სტრუქტურებში საჯარო ინფორმაციის გაუმჭვირვალობა. „საჯარო ინფორმაციის მოპოვების არც ერთ ოფიციალურ მოთხოვნაზე, პასუხი არ მიგვიღია. თავად რწმუნებულთან შეხვედრა ყოველთვის პრობლემა იყო ჩვენთვის და განსაკუთრებით რიგითი მოქალაქეებისთვის. სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმაციას მხოლოდ სასურველ ჟურნალისტებს აწვდიდა, რაც არათანაბარ პირობებში გვაყენებდა“,- აცხადებს ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე.

გაზეთ „24 საათის“ რეგიონული კორესპონდენტი ზვიად რუაძე ყოფილი გუბერნატორის კორუფციასთან სავარაუდო შეხებაზე საუბრობს. „კახეთში არსებული პრობლემებიდან გამოვყოფ ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინგილოსთან დამაკავშირებელი სამთაწყაროს ხიდის უკანონოდ ჩაკეტვის საკითხს, რომლის მოგვარებაც ცისკარიშვილს შეეძლო, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსახლეობის ინტერესების სრული იგნორირება მოახდინა. ჟურნალისტები ხშირად ვწერდით, მოსახლეობის მიერ მოწვდილ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ცისკარიშვილის მიერ საწვავის კონტრაბანდის ლობირებაზეც, მაგრამ მტკიცებულებებს ვერ ვიპოვებდით“,- გვითხრა ზვიად რუაძემ.

ცისკარიშვილი რომ ძირეულად არ იყო დაინტერესებული კახეთში არსებული პრობლემების მოგვარებით, ამაზე ტელეკომპანია „მზე“-ს კახეთის ბიუროს კორესპონდენტი ხათუნა გულიაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ასევე კახეთში გადაუჭრელი პრობლემად დარჩა სოციალური და სხვა აქტუალური საკითხები. მისი მუშაობის დროს გამოვლინდა ადამიანის უფლებების დარღვევის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი. განსაკუთრებით დაუცველნი იყვნენ ის ჟურნალისტები, ვინც ცისკარიშვილის საქმიანობას მეტად კრიტიკულად აშუქებდნენ“,- დასძენს ხათუნა გულიაშვილი.

გუბერნატორის მუშაობას მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა ტალიური. „ჩვენ განვახორციელეთ პროექტი, „პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში“, რომლის მიმდინარეობის დროს პეტრე ცისკარიშვილი ჩვენთან თანამშრომლობდა და მოთხოვნილ ინფორმაციებს გვიგზავნიდა. თუმცა, როგორც მონიტორინგის შედეგად გაირკვა, ფონდიდან იგი თანხებს არამიზნობრივად განკარგავდა, რითაც არღვევდა მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან ერთად აღვნიშნავ იმასაც, რომ მას სამოქალაქო საზოგადოების აზრი არ აინტერესებდა“,- ამბობს ლელა ტალიური.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა განიხილება. ორივე მათგანი თბილისის საკრებულოს წევრია, წარმოშობით კახელი ზაზა ბეგაშვილი და თბილისელი დავით იოსელიანი. ვინც არ უნდა იყოს ახალი გუბერნატორი, სამოქალაქო საზოგადოების რჩევა და მოთხოვნა ერთია, ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები