კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასპინძის რაიონში A ჰეპატიტი დაფიქსირდა

17 ნოემბერი, 2006

wasser.png`წყალს მატლები და ჭიები მოყვება’ - აცხადებს ასპინძის მოსახლეობა.

ასპინძის რაიონში დაახლოებით ორმოცამდე მოსწავლეს ინფექციური დაავადება A ჰეპატიტი აღმოაჩნდა. ბავშვების მშობლები დაავადების მიზეზად სასმელ წყალს ასახელებენ, რომელსაც, მათივე განცხადებით, მატლები და ჭიები მოჰყვება. დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემა რაიონში სიახლეს არ წარმოადგენს. მოსახლეობა  თავს ამ მხრივ დაუცველად გრძნობს.

ასპინძის რაიონული საავადმყოფოს ლაბორატორიაში ოფიციალური მონაცემებით, ინფექციური დაავადება A ჰეპატიტი 34 მოსწავლეს აღმოაჩნდა. თუმცა, ლაბორატორიაშივე აცხადებენ, რომ ეს ზუსტი მონაცემები არ არის. 

ასპინძის რაიონის საავადმყოფოს ლაბორანტი ციური ჩხიკვაძე ამბობს, რომ  რაიონში შექმნილ მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა: ,,ასპინძასა და სოფელ იდუმალაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოცი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენთან სრული მონაცემი არ არის, ვიცით, რომ მშობლები სხვაგანაც მიდიან. დაავადებამ ძირითადად ბავშვებში იფეთქა. ამიტომაც სკოლები დროებით უნდა დაიხუროს, ამის მთავარი მიზეზი კი,  ვფიქრობ, წყალი უნდა იყოს", - ამბობს ლაბორანტი ციური ჩხიკვაძე.

ლეკიშვილების ოჯახში და-ძმა ქრისტინესა და ვასილს უკვე ათი დღეა რაც A ჰეპატიტი დაუდგინეს. ბავშვები ამჟამად სახლში მკურნალობენ. ,,თვალები, რომ ძალიან გამიყვითლდა დედამ შემამჩნია. ანალიზი გავიკეთე და პლიუსი გვქონდა მეც და ჩემს ძმასაც", - გვიყვება მეშვიდე კლასელი ქრისტინე ლეკიშვილი.  ბავშვების დედაც  ფიქრობს რომ დაავადების მიზეზი წყალია.
 
,,პირველად სიყვითლე გოგოს შევამჩნიე, ერთმანეთისაგან გადადებული არ აქვთ, რადგან ინკუბაციის პერიოდი ორი კვირაა. სოფლებში ბოტკინი ძალიან არის მოდებული, ეს დაბინძურებული წყლის ბრალია, რომელიც თვალის ასახვევად დღეს დაქლორეს, საერთოდ კი მღვრიე მოდის და ხან მატლები მოჰყვება და ხან ჭიები", - აცხადებს მანანა მეტრეველი.

სასმელი წყლით დაავადების გავრცელებას გამორიცხავს ასპინძის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ სანდოძე.   ,,ასპინძა ოთის სასმელი წყლის მაგისტრალით მარაგდება, ხოლო ოშორის სასმელი წყლის მაგისტრალით  - სოფელი ოშორა, იდუმალა და დაბის მოსახლეობის ნაწილია უზრუნველყოფილი. A ჰეპატიტის შემთხვევა ოშორაში დაფიქსირდა და ეჭვი მაშინვე სასმელ წყალზე გაჩნდა. გამოკვლევა ჩავატარეთ და წყლის დაავადების ვარიანტი გამოირიცხა. მართალია სალექარი დაზიანებულია, გამწმენდი ნაგებობა არ მუშაობს, რის გამოც სასმელი წყალი ჭუჭყიანია, მაგრამ ყოველშემთხვევაში სასმელად საზიანო არ არის".   - ასეთ კომენტარს აკეთებს  გამგებლის მოადგილე, 
 
ადგილობრივი მოსახლეობა კი სხვაგვარად ფიქრობს.
,,დავბერდი უკვე და ამ რაიონში მუდამ სასმელი წყლის პრობლემაა, რას გვაბრმავებენ ვერ გამიგია. წამოდით ვედროში აღებულ სასმელ წყალს გაჩვენებთ და ჭუჭყის ნალექი ხუთ სანტიმეტრზე დგას, თქვენ თვითონაც დაინახავთ. ბინძური წყალი, რომ დაავადების წყაროა ამას მტკიცება არ ჭირდება. ფაქტიც უკვე სახეზე გვაქვს, ბავშვები დაავადნენ", - გვითხრა ადგილობრივმა 68 წლის ჯემალ ლონდარიძემ.

,,სასმელ წყალს ჯერ სამფენა მარლაში ვწურავ, მერე ვადუღებ და ისე ვსავამთ მთელი ოჯახი. ერთი პერიოდი წყალს ვყიდულობდით, მერე ყიდვა ვეღარ შევძელი და ახლა ასე ვიქცევი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ბოტკინი სწორედ ბინძურმა წყალმა გააჩინა", - გვითხრა დიასახლისმა ლელა რიჟამაძემ.
 
 ,,რა გვეშველება ვერ ვხვდებით, ერთი-ორი დღის წამოჭრილი რომ იყოს  სასმელი წყლის პრობლემა ვიფიქრებდი, მალე საშველი დაგვადგება-თქო. ათეული წლებია სასმელად ტალახიან, მატლებიან, სუნიან წყალს ვიყენებთ. ახლა ბავშვები დაგვეწამლა. რა ვიღონოთ?" - გამოსავალი ვერ უპოვია ვერც ადგილობრივ მცხოვრებ  თამარ ცინაძეს.


 გულო კოხოძე, ასპინძა

ახალი ამბები