კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ჯდებოდა სამსახურში მოწყობა შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატში

27 ნოემბერი, 2006

sasamartlo.gifგორის სასამართლოში გახმაურებული საქმე, რომელიც გუბერნატორების, მიხეილ ქარელისა და ირაკლი ოქრუაშვილის პირად მდივანს ნინო ავეტისოვას ეხებოდა, დასასრულს მიუახლოვდა. შიდა ქართლის პროკურატურამ ნინო ავეტისოვა 2006 წლის გაზაფხულზე დააკავა. პროკურატურაში გორელი მოქალაქეების საჩივარი იყო შესული, რომელნიც აღნიშნავდნენ, რომ ნინო ავეტისოვამ, მოტყუების გზით, მათ სხვადასხვა რაოდენობის თანხა გამოართვა. ბრალდებული, ირაკლი ოქრუაშვილისა და მიხეილ ქარელის სახელით, მათ სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნად თანხას ართმევდა.

ლაურა მირუაშვილი (დაზარალებული): „ჩემი შვილი აბარებდა ეროვნულ გამოცდებს, მაგრამ ინსიტიტუტში ვერ მოხვდა. ჩემმა ამხანაგმა მითხრა, რომ ერთი ჩემი ახლობელი მოაწყობს ინსტიტუტშიო. ავეტისოვასათვის ფულის გადაცემა მოხდა ნანა ლურსმანაშვილის სახლში. თანხა 5 000 დოლარი ვისესხეთ. ავეტისოვა მობილურით ურეკავდა ვითომ ირაკლი ოქრუაშვილს და მიშა ქარელს. ჩქარა მიშას ვურეკავ, ფულს ითხოვსო… იმ საღამოსვე თუ არ მივიტანდი თანხას, მაშინებდა, სიიდან ამორიცხავენო. მერე ვურეკავდი, რადგან საქმე არ კეთდებოდა. ინსტიტუტის ეზოშიც კი მიიყვანა ჩემი შვილი, უკვე ჩარიცხული ხარო. რაღაც ბეჭდიანი საბუთი მოგვცა, ვითომ უკვე ჩარიცხული იყო ჩემი შვილი, მაგრამ მწარე ტყუილი გამოდგა.”

ასეთივე ამბავს ჰყვება მეორე დაზარალებული თინა კვიწინაშვილი: „ჩემმა მეგობარმა ქეთინო მელაძემ დაურეკა ნინო ავეტისოვას, რომ ჩემს შვილს დააწყებინებდა საქართველოს ბანკის გორის ფილიალში მუშაობას და სანაცვლოდ ფული სთხოვა. იმ საღამოს დამირეკა, თუ არის საშუალება თანხის მოტანის, საღამოს მიდის ავეტისოვა თბილისში და ფული უნდა წაიღოსო. ქეთინო მელაძე და ჩემი შვილი მივიდნენ გამგეობაში და თანხა გადასცეს ავეტისოვას. დანარჩენი თანხა მე თვითონ მივეცი. სულ 2 500 დოლარი. ეს მოხდა 2004 წლის აგვისტოს თვეში. ნოემბერში უკვე გაქრნენ და აღარ ჩანდნენ. ნინო ავეტისოვას დედა მეუბნებოდა, რომ თანხას უკან დააბრუნებდნენ, მაგრამ დღემდე არაფერი დაუბრუნებიათ.”

დარეჯან დემურიშვილი (დაზარალებული): „მე ვიცნობდი ნინო ავეტისოვის დეიდას ირმა მაყიშვილს. რადგანაც უმუშევარი ვიყავი, ირმა მაყიშვილმა მითხრა, რომ მის დისშვილს ნინო ავეტისოვას შეეძლო ჩემთვის სამსახური ეშოვა, რადგან იგი მიშა ქარელთან მდივნად მუშაობდა. თავიდან ვყოყმანობდი. დასახელებული თანხა, 2 500 დოლარი იმ წუთში არ მქონდა. შემდეგ მივედი ნინოსთან გამგეობაში. მითხრა, ირმა მაყიშვილის ხათრით თანხას ნაწილ-ნაწილ გამოგართმევო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მომატყუეს“.

ანალოგიურ პრეტენზიები აქვთ  სხვა დაზარალებულებსაც მათ შორის,  ცაცა ქიტიაშვილს, დარეჯან ტურაშვილს, ლია ჟამურელს, გიორგი ბროლაძეს, ლევან მასურაშვილს, მარინე ბაჭაძეს, ლია ტერუნაშვილს და სხვებს.

სასამართლო პროცესზე პროკურორ გიორგი ხაჩიძის კითხვაზე, როდისმე თუ ყოფილა სხვა ფაქტი, რომ ვინმესთვის სამუშაო ეშოვნა, ნინო ავეტისოვამ განაცხადა: „როცა ვერ გამიკეთებია, ფული დამიბრუნებია. მაგრამ ამათ დრო არ მომცეს, მაშინვე მიჩივლესო“.

პროკურატურაში დაბარებულმა ნინო ავეტისოვამ დანაშაული აღიარა. ცოტა ხანში სამართალდამცავებმა ნინო ავეტისოვას ჩვენების საფუძველზე ასევე დააკავეს მისი ფიქტიური მეუღლე რეზო გოგრიჭიანი. რეზო გოგრიჭიანს თაღლითობაში თანამონაწილეობა დასდეს ბრალად, თუმცა დაზარალებულებს გოგრიჭიანთან საპრეტენზიო არაფერი აქვთ. გოგრიჭიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ნინო ავეტისოვამ თანამონაწილედ რეზო გოგრიჭიანის დასახელება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას ამის სანაცვლოდ გათავისუფლებას შეჰპირდნენ. მათივე თქმით, გართულებული შიდა ოჯახური კონფლიქტის  წყალობის შედეგად, გოგრიჭიანის წინააღმდეგ სიდედრმაც აქტიური როლი ითამაშა. ოჯახებს შორის კონფლიქტი  სასამართლო პროცესზეც გამოიკვეთა. აქვე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ჩვენებების მიხედვით, რა კონტექსტშიც ნახსენებია რეზო გოგრიჭიანი, იმ კუთხითაა დასახლებული ნინო ავეტისოვას დედაც. თუმცა თაღლითობაში თანამონაწილეობის ბრალდებით, ნინო ავეტისოვას დედა არ დაუკავებიათ. დაზარალებულების ჩვენებების წყალობით, როდესაც ისინი ნინო ავეტისოვასგან თანხის დაბრუნებას ცდილობდნენ, მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც რეზო გოგრიჭიანი, ასევე ნინო ავეტისოვას დედა.

რაც ყველაზე მთავარია, ნინო ავეტისოვამ რეზო გოგრიჭიანი, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს, ყაჩაღობაში ამხილა.

სამართალდამცავებმა, ნინო ავეტისოვას ჩვენების საფუძველზე, რეზო გოგრიჭიანიც დააკავეს. მას თაღლითობასთან ერთად ყაჩაღობის მუხლითაც ასამართლებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ნინო ავეტისოვამ წინასწარი გამოძიების დრო მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ რეზო გოგრიჭიანმა ყაჩაღობის გზით მოპოვებული  ბრილიანტის ბეჭედი მომიტანა და ჩემს სახლში ინახებაო.

გოგრიჭიანის ინტერესების დამცველ დავით კორკოტაშვილის აზრით, სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომელიც ძირითადად დაეყრდნო ნინო ავეტისოვას მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს. თუმცა, რეალურად რა წერია წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში, პროკურორის გარდა, თვალით არავის უნახავს. ნინო ავეტისოვამ უარი თქვა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების საჯაროდ გამოცხადებაზე. პროცესზე გაიჟღერა ვინმე პაატა მანწკავას გვარმაც. ატირებული ავეტისოვა აცხადებდა, რომ ბეჭედი პაატა მანწკავამ მოიტანა და ჩააბარა სამართალდამცავებსო. თუმცა, მოსამართლემ მიზანშეწონილად არ ჩათვალა პაატა მანწკავას დაკითხვა.

ამ ბრილიანტის ბეჭდის ისტორია იმაში მდგომარეობს, რომ 2004 წლის 30 სექტემბერს გორში მცხოვრები ნინო ავეტისოვას მეზობელი ნუშა პავლიაშვილი ოთხმა ნიღბიანმა დააყაჩაღა. მას ოქროულობადა 300 აშშ დოლარი წაართვეს.  ეს საქმე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაიხსნა 2006 წლის აპრილში, როდესაც ნინო ავეტისოვამ განაცხადა, რომ დაყაჩაღებული ნუშა პავლიაშვილის ბეჭედი ჩემს სახლში ინახებაო. მიუხედავად ავეტისოვას განცხადებისა, პოლიციამ ბრილიანტის ბეჭედი 15 დღის შემდეგ ამოიღო. ნუშა პავლიაშვილმა ოთხი განსხვავებული ბეჭდიდან საკუთარი ბრილიანტის თვალამოვარდნილი ბეჭედი პოლიციაში ამოიცნო. შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში კედელზე დაყენებულ ოთხ სხვადასხვა სიმაღლის ნიღბიანებს შორის ამოიცნო რეზო გოგრიჭიანიც. როგორც ნუშა პავლიაშვილი აცხადებს, მან დამყაჩაღებელი თვალების ფერით ამოიცნო. მართალია, განაცხადა, რომ მანამადე რეზო გოგრიჭიანს პირადად არ იცნობდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ნუშა პავლიაშვილის გოგო და რეზო გოგრიჭიანის მეუღლე ნინო ავეტისოვა კარგი მეგობრები ყოფილან. ნიცა პავლიაშვილმა დამყაჩაღებლებს შორის ახსენა დიმა მურადაშვილი: ,,დიმა მურადაშვილმა დაყაჩაღებიდან ორი კვირის შემდეგ მომიტანა წართმეული მობილური ტელეფონი. ორი კვირის განმავლობაში ჩემი მობილური ყაჩაღებს ჰქონდათ. ამოწერილიც გვქონდა ჩემს მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარები, თუმცა ჩემთვის უცნობია, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხის შესწავლით”, – აცხადებს ნუცა პავლიაშვილი.

მიუხედავად ამისა, გორის მოსამართლე ზაზა რამიშვილმა რეზო გოგრიჭიანი დამნაშავედ სცნო თაღლითობაში და ყაჩაღობის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ნინო ავეტისოვას 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ხალხს წართმეული თანხა უკან უნდა დაუბრუნდეს.

დავით კორკოტაშვილი (ადვოკატი):  „თითქოს არ ჩატარდა სასამართლო გამოძიება, მოსამართლე მთლიანად დაეთანხმა პროკურორის პოზიციას და საბრალდებო დასკვნას. ვინაიდან ავეტისოვმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოკვლევაზე, აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება მხარემ დაიმოწმოს, მით უმეტეს აისახოს განაჩენში. მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. რეზო გოგრიჭიანის მიმართ არსებული მაკომპრომიტირებელი ე.წ. მტკიცებულება შექმნილია ჯერ კიდევ 2006 წლის 6 აპრილს, როდესაც ნინო ავეტისოვა დაიკითხა ბრალდებულის სახით. მან განაცხადა, რომ მის სახლში ინახებოდა დანაშაულის საგანი. ამის შემდეგ გადის ორი კვირა და ხდება ბეჭდის ამოღება, რომელიც დაზარალებულმა ამოიცნო. ბეჭდის ამოღება ჩატარებულია პოლიციისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან 14-15 დღის შემდეგ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის აქ და გამომძიებელი 15 დღის შემდეგ ახდენს ამოღებას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ბეჭედი ავეტისოვას სახლში იყო ჩადებული. შემდეგი ეტაპია ბეჭდის ამოცნობა. უტყუარად არის დადასტურებული, რომ ამოსაცნობ ბეჭდებს შორის იყო არსებითი განსხვავებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბეჭედს, რომელიც ნივთმტკიცებად არის ცნობილი, აკლდა ერთი თვალი შუაში, ხოლო სხვა ბეჭდები არის დაუზიანებელი. რაც შეეხება თანამედროვე სამართალწარმოებაში უპრეცენდენტო შემთხვევას, ნიღბოსნების ამოცნობას, სასაცილოა – სატირალი რომ არ იყოს. დაზარალებული ნუცა პავლიაშვილი აცხადებს, რომ თვალებით ამოვიცანი რეზო გოგრიჭიანიო ანუ ნიღაბში ამოიცნო თითქოსდა თვალებით. ეს არის საკმარისი რომ გოგრიჭიანის ამოცნობის ოქმი არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად. ამას ისიც დაემატა, რომ გამომძიებელმა წინასწარი გამოძიება 8 დღეში დაასრულა, ისე რომ დაკავებულს მოუსპო კანონით მინიჭებული – დაცვის უფლება.”

ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა ყურადღება მიაქცია ასევე ნივთმთმტკიცებად ამოღებულ მობილურ ტელეფონს, რომლითაც დადგინდებოდა ნამდვილი დამნაშავეები. „ვის მოუვიდა აზრად, რომ თუ ამ ჩვენებას მისცემდა ნინო ავეტისოვა, მას მაქსიმალურ შეღავათს მისცემდნენ განაჩენის დროს. აშკარაა, რომ რეზო გოგრიჭიანის ციხეში ყოფნა უნდათ”,- აცხადებენ გოგრიჭიანის ახლობლები. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე სტრასბურგამდე მივა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები