კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის საგადასახადო ინსპექცია მიცვალებულებს დავალიანების დაფარვას ედავება

29 ნოემბერი, 2006

signagi.gifარასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტები, თელავის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებენ. დაპირისპირების მიზეზი, ინსპექციის მიერ, მეწარმეებისთვის რამდენიმე დღის წინ დაგზავნილი შეტყობინებები გახდა. დოკუმენტის თანახმად, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც 1996 წლიდან ფუნქციონირებდნენ, 2006 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ სერიოზული დავალიანებები აღმოაჩნდათ. ამ სიაში 2-3 წლის წინ გარდაცვლილი მეწარმეებიც მოხვდნენ, რომელთა მემკვიდრეებსაც უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.

„1996 წელს სიღნაღის საგადასახადო სამსახურში ინდ. მეწარმედ დავრეგისტრირდი. ქალაქის ცენტრში პატარა მაღაზია ვიქირავე, სადაც წვრილმანს ვყიდდი. ამ ხნის განმავლობაში სიღნაღის საგადასახადო სამსახურის თანამშრომელს ვასილ ნონიკაშვილს გადასახადის სახით, ყოველთვიურად 10 ლარს ვუხდიდი. რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ, საქმიანობა შევწყვიტე. 2006 წლის 7 ნოემბერს კი თელავის საგადასახადო ინსპექციიდან მივიღე შეტყობინება, რითაც მაცნობებენ, რომ დავალიანების სახით მერიცხება 1900 ლარი და საურავი ყოველდღიურად იზრდება. იმ შემთხვევაში კი თუ დავალიანებას არ დავფარავ, ჩემი კუთვნილი ქონების კონფისკაციას მოახდენენ“- ამბობს სიღნაღელი მანანა სულხანიშვილი და იქვე დასძენს, რომ მისთვის არავის უთქვამს, კომერციული საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, რეგისტრაციის გასაუქმებლად საგადასახადო სამსახურისთვის რომ უნდა მიემართა. „ამის შესახებ არავის გავუფრთხილებივარ და საიდან მეცოდინებოდა, თორემ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადების დაწერა და წარდგენა პრობლემა არ იყო. შეტყობინების მიღების შემდეგ სიღნაღის საგადასახადო სამსახურს მივაკითხე, სადაც მხოლოდ ის მითხრეს, რომ გზავნილების თაობაზე სხვებმაც მიაკითხეს. რაც შეეხება საგადასახადო ინსპექციის მუქარას, ქონების კონფისკაციის შესახებ, ჩემს სახელზე არაფერი ირიცხება, უქონელი ვარ და ამიტომ ნაკლებად ვნერვიულობ“- აღნიშნავს მანანა სულხანიშვილი.

საგადასახო ინსპექციის თანამშრომლებმა არც 2-3 წლის წინ გარდაცვლილი მეწარმეებიც დაინდეს. მარინა მამულაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც საგადასახადო ინსპექციიდან მიცვალებულის სახელზე გაგზავნილი წერილი მიიღო. წერილის ადრესატი თამაზ მამულაშვილი მისი მეუღლე იყო, რომელიც მძიმე ავადმყოფობისაგან 2003 წლის 23 მარტს გარდაიცვალა. „მანამდე, იგი სიღნაღის ავტოსადგურთან, ქუჩაში, ხის ქვეშ სიგარეტით ვაჭრობდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თ. ჭუნიაშვილის 1996 წლის 10 იანვრის დადგენილებით, რაიონის საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხული იყო, როგორც „ინდივიდუალური საწარმო - თამაზ მამულაშვილი“. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დადგენილებით კომერციული საქმიანობის ვადად მას განსაზღვრული ჰქონდა რეგისტრაციიდან 3 წელი, 1998 წელს მან ვაჭრობას თავი დაანება. ამ დრომდე კი სიღნაღის საგადასახადო სამსახურს ყოველთვე 10-15 ლარს უხდიდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამავე წელს სიღნაღის საგადასახადო ინსპექციას მივმართეთ წერილობითი განცხადებით და ინდ. საწარმოს საქმიანობის შეწყვეტა მოვითხოვეთ. მას შემდეგ არავის მოუკითხებია ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა დევი დევიძემ, აწ გარდაცვლილ თამაზ მამულაშვილს მოსწერა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, მისი საწარმოს ქონების მიმართ, სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის, იპოთეკის უფლება. იქვე აღნიშნავენ, რომ  შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში, დავალიანების, სულ 2600 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, თამაზ მამულაშვილის მიმართ განხორციელდება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ანუ საგადასახადო ინსპექციის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, მოხდება თამაზ მამულაშვილის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადება, მისი შემდგომი რეალიაციის მიზნით“- აცხადებს მარინა მამულაშვილი. მისივე თქმით, ასეთი სახის შეტყობინებები სიღნაღელებმა მასობრივად მიიღეს. ბევრ მათგანს საგადასახაადო ინსპექციის მონაცემებით, ბიუჯეტის მიმართ მასზე გაცილებით დიდი დავალიანება აქვს. „საცხოვრებელი სახლი ისევ ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სახელზეა. მითხრეს, ვალი როგორც გინდა ისე გადაიხადე, თორემ სახლს გაგიყიდითო. სად წავიყვანო ჩემი შვილები? ან რას მედავებიან, მე ხომ მივმართე მათ წერილით, რომ ინდ. საწარმო საქმიანობას წყვეტდა. სიღნაღის საგადასახადო სამსახურში მითხრეს, ძველი კორესპონდენციები თელავის საგადასახადო ინსპექციას გადაეცაო. არ ვიცი რა ვქნა“ - აღშფოთებულია მარინა მამულაშვილი.

დაზარალებულმა მოქალაქეებმა დახმარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისს მიმართეს. ორგანიზაციის იურისტი ლია ხუროშვილი, თელავის საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. „საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოებისგან მიიღოს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის, გადასახადის გადამხდელთა უფლებების შესახებ და ა.შ. 41-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მეწარმეებს დეკლარაციები წლების განმავლობაში არ წარუდგენიათ, რის გამოც ისმის ითხვა: სად იყო აქამდე საგადასახადო ინსპექცია, რატომ დროულად არ მიიღეს ზომები და არ აცნობეს მათ დარღვევის, დავალიანების არსებობისა და საგადასახადო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მოთხოვნის შესახებ? იქნებ მეწარმეები განზრახ არიდებდნენ თავს გადასახადების გადახდას?“ - კითხულობს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

თელავის საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე ირმა ონიანის განცხადებით, არასწორი საგადასახადო შეტყობინებები ძველი პერიოდის დავალიანების შესახებ არცერთ მეწარმეს არ მისვლია. „მიუხედავად საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა, სამეწარმეო რეგისტრაცია მუდმივია. თუ მეწარმემ საქმიანობა შეწყვიტა, მან სამეწარმეო რეგისტრაციიდან ამოშლის მოთხოვნით, განცხადებით უნდა მიემართა საგადასახადო ინსპექციის რაიონული განყოფილებისათვის. საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულების ღონისძიებები, რაც ქონების დაყადაღებასა და შემდგომ რეალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ვრცელდება გარდაცვლილი მეწარმეების ოჯახის წევრებზეც“- აცხადებს ირმა ონიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის შეკითხვებსა და ბრალდებებს თელავის საგადასახადო ინსპექციის ახალი უფროსი მამუკა კალმახელიძე პასუხობს: „ჩემი წინამორბედის დევი დევიძის მიერ ხელმოწერილი შეტყობინებები მიიღეს თუ არა გარდაცვლილმა მეწარმეებმაც, ინფორმირებული არ ვარ. მაგრამ, 2006 წლის მაისში, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, კანონმდებლობა აღარ გვავალდებულებს  გადამხდელთათვის საგადასახადო მოთხოვნების გაგზავნას. ცვლილებების შემდეგ, მოთხოვნა ეგზავნება მხოლოდ დამატებით დარიცხულ თანხაზე, ეს არის აქტი ან სხვა სახის ჯარიმა. მანამდე, კანონი ითვალისწინებდა საგადასახადო მოთხოვნებს, შესაბამისად ვალდებულნი იყვნენ, დავალიანების შესახებ მეწარმეებისათვის ადრევე ეცნობებინათ“- აღნიშნა მამუკა კალმახელიძემ.

თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ შეტყობინებები ამ ეტაპზე მხოლოდ თელავის და სიღნაღის რაიონებში დაიგზავნა. აქედან წერილების უმრავლესობა სიღნაღზე მოდის, რაზედაც სიღნაღში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია „იურისტთა განვითარების ცენტრში“, საკუთარი ვერსია აქვთ. „რამდენიმე თვეა, საუბარია იმაზე, რომ სიღნაღი კახეთის ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოქალაქეების დაჩაგვრის ხარჯზე. თელავის საგადასახადო ინსპექციის გააქტიურება და უკანონო ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, ძალიან იაფად, ხელში ჩაიგდონ სიღნაღის ცენტრში მდებარე სახლები. საგულისხმოა, რომ სიღნაღში ბინების ფასებმა ბოლო დროს მკვეთრად იმატა. სახლებს ძირითადად უცხოელები იძენენ და სოლიდურ თანხებსაც იხდიან“- ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თინათინ ფხოველიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, განმცხადებლების თხოვნის საფუძველზე,  თელავის საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი, რომელსაც სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ. გარდა ამისა, უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომამდგენლები საგადასახადო ინპექციის იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დასმასაც მოითხოვენ, რომელთაც ევალებოდათ მეწარმეებისათვის საგადასახადო მოთხოვნები დროულად გაეგზავნათ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები