კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მხარეებს ხმის ამოღება მოსამართლის თანხმობის გარეშე ეკრძალებათ

11 დეკემბერი, 2006

sasamartlo.gifუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ბრძანებით, სასამართლოზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდა. საპარლამენტო ოპოზიცია ამ გადაწვეტილებას უპრეცენდენტო თავხედობას უწოდებს და მის გაუქმებაზე მსჯელობს. კუბლაშვილი კი ოპოზიციას წესრიგისკენ მოუწოდებს და პროცესებზე დასასწრებად ადრე გაღვიძებას ურჩევს.

ბრძანება, რომელიც კუბლაშვილმა 2006 წლის 7 ივლისს გამოსცა, 8 პუქტისგან შედგება. ოპოზიციის კრიტიკას კი მე-4 პუნქტი იწვევს, რომლის მიხედვით: "საზოგადოების მხრიდან კონკრეტული საქმისადმი გაზრდილი ინტერესის შემთხვევაში, სხდომის დარბაზში, წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდოს სხდომის დარბაზში არსებული ადგილების მიხედვით. მანდატურებმა უზრუნველყონ სხდომაზე დამსწრე პირთა შესაბამისობა დარბაზში განთავსებულ ადგილთა რაოდენობასთან და არ დაუშვან დაგვიანებით გამოცხადებული პირები".

საპარლამენტო ოპოზიცია სწორედ ამ პუნქტს აპროტესტებს და მას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. როგორც "კონსერვატორმა" კახა კუკავამ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული ბრძანებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

კახა კუკავა: "სასამართლო სხდომების საჯაროობის შეზღუდვა არის უპრეცენდენტო თავხედობა, რადგან კონსტიტუცია ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის კანონებზეც. კუბლაშვილმა კი შიდაუწყებრივი აქტით მოინდომა ანტიკონსტიტუციური ნორმის დაკანონება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს სულ ტყუილად უსწავლია გერმანიაში. ჩვენს უნივერსიტეტშიც კი ასწავლიან, რომ სასამართლო სხდომების საჯაროობა, ეს დაახლოებით ისეთივე პრინციპია, როგორც სიტყვის თავისუფლება და სიცოცხლის უფლება. 21-ე საუკუნეში კი სასამართლო სხდომებზე პირთა დაშვებას გადაწყვეტს თავად მოსამართლე."

ოპოზიცია ირწმუნება, რომ აღნიშნული ბრძანება შეგნებულად გამოიცა. მათივე თქმით, ამის მიზანი ის არის, რაც სანდრო გირგვლიანისა და შალვა რამიშვილის გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე მოხდა. "სხდომაზე ვისაც უნდათ, შეიყვნენ, ვისაც უნდათ - არა.  იტყვიან, რომ დარბაზი არის მცირე და მხოლოდ 10-15 ადამიანს შევუშვებთო. ეს 10-15 ადამიანი გამზადებული ეყოლებათ.  გაიხსენეთ, შალვა რამიშვილისა და სანდრო გირგვლიანის პროცესზე რა მოხდა. დარბაზში ახალგაზრდა ნაციონალები შეიყვანეს და გირგვლიანის დედას და რამიშვილის მეუღლეს არ უშვებდნენ. ეს არის უზნეობა და სხვა არაფერი", - ამბობს კუკავა.

მისივე თქმით, პარლამენტს სრული უფლება აქვს მსგავსი გადაწყვეტილებები გააუქმოს და ოპოზიცია ამაზე მუშაობს კიდეც. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის პოზიციას, ის საუბრისას აცხადებს, რომ სამართლიანი გადაწვეტილება მიიღო და ოპოზიციის კრიტიკას არ ღებულობს.

კოტე კუბლაშვილი: "ჩემი პოზიცია სწორედ ამ ბრძანებაშია გამოხატული. კრიტიკას ვერ მივიღებ და არ მივიღებ, რადგან სრულიად უსაფუძვლოა. ის, რომ დარბაზში იმდენი ადამიანი უნდა განთავსდეს, რამდენიც ადგილია, ეს არის რეალობა და ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ასე ხდება ყველა ნორმალურ სახელმწიფოში. ამით საჯაროობა კი არ იზღუდება, პირიქით უზრუნველყოფილია. როცა დარბაზში არის 50 ადგილი და 200 ან უფრო მეტი ადამიანი მიდის, შეუძლებელია, ამ დარბაზში წესრიგზე და სიწყნარეზე იყოს საუბარი. ნამდვილად ვერ მივიღებ იმ კრიტიკას, რომ თითქოს ვიღაცეები დარბაზში წინასწარ შევლენ, დაიკავებენ ადგილებს და მერე სხვებს არ შეუშვებენ."

რაც შეეხება რამიშვილისა და გირგვლიანის პროცესს, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, კუბლაშვილის პასუხი ასეთია: "რა მოხდა, ვერ გეტყვით. შეიძლება, სხვა ადამიანები ადრე მოვიდნენ, ადგილები დაიკავეს და აღარ დარჩა ადგილი. მინდა გითხრათ კიდევ ერთი ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც, როცა მოსამართლე დარბაზში შევა, კარი დაიკეტება და იქ ვერც ვერავინ შევა და ვერც ვერავინ გამოვა, თუნდაც ადგილები იყოს დარჩენილი."

სანამ კუბლაშვილი აღნიშნულ ბრძანებას მიიღებდა, პარლამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მოსამართლის უპატივცემულობა კანონით ისჯება, ასევე სასამართლოსთან 20 მეტრის რადიუსში აქციის ჩატარებაც არ შეიძლება და გარდა ამისა, ვინც მედიით სასამართლოს გააკრიტიკებს, დააჯარიმებენ ან დააპატიმრებენ.

მართალია, კანონპროექტში არ ჩანს მოსამართლის უპატივცემულობად რა ითვლება, თუმცა კუბლაშვილის განმარტებით, ეს პუნქტი ორ ნაწილად განიხილება: "ერთია, წესრიგის დარღვევა, მაგალთად ის, რომ პირს დაგვიანებით უნდა სხდომაზე შესვლა ან გასვლა, ან მობილურით სარგებლობს და ზარების ხმა ისმის. მეორე კი, როცა მხარეები სხდომის დარბაზში გამოხატავენ უპატივცემულობას არა მოსამართლის მიმართ, არამედ, ერთმანეთის მიმართ. მაგალითად, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს სასამართლოს შეურაცხყოფაა. მხარეებს ხმის ამოღება მოსამართლის თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ.

რაც შეეხება შემდეგ პუნქტს, პრესაში გამოთქმული განცხადებების შესახებ, ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ. ის ჩვენთან კამათისა და დავის საგანი იყო. კრიტიკის უფლება ყველას აქვს და ეს დასაშვებია, მაგრამ აქ ლაპარაკია არა უბრალოდ კრიტიკაზე, არამედ, მაგალითად, ისეთ გამონათქვამებზე, როგორიცაა "მოსამართლე მონაა". ვფიქრობ, რომ აღნიშნული პუნქტი დასახვეწია."

ეკა გულუა

ახალი ამბები