კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექვსი შვილის მამა თვითმკვლელობაზე ფიქრობს

18 დეკემბერი, 2006

mravalsdhviliani.gifერთი ფეხმოტეხილი სკამი, დანგრეული მაგიდა, ორი ნაჩუქარი საწოლი და რამდენიმე თეფში... აი გურჯაანში, ბესიკის ქუჩაზე, ჭერჩამონგრეულ სახლში მცხოვრები ექვსშვილიანი ოჯახის მთელი ავლა-დიდება. 3 წლის ლუკასა და 6 თვის ტყუპებს, სოფოსა და ნინოს ბნელ, ცივ და ნესტიან ოთახში უწევთ ცხოვრება.

რამდენიმე დღეა, რაც პატარების ბედს 10 წლის მერი, 7 წლის დათო და 4 წლის თემუკა აღარ იზიარებენ. მშობლებმა ისინი უკიდურესი სიღარიბის გამო, თელავის სკოლა - ინტერნატს მიაბარეს. „შვილები არც მე მეთმობოდა და არც ჩემს მეუღლეს, მაგრამ იძულებულები გავხდით ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. შეშაც კი არ გვაქვს, რომ მეზობლის ნაჩუქარ ძველ ღუმელში ცეცხლი დავანთოთ. ჩვენს ოთახში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. სახურავზე ცელოფანი მივაკარით, წვიმის დროს წყალი რომ შეაჩეროს, მაგრამ ვერ გაუძლო სიმძიმეს და ჩამოვარდა. საწოლიც არ გვქონდა, მაგრამ ერთი კვირის წინ გურჯაანის სკოლა-ინტერნატმა გვაჩუქა. მანამდე ბავშვებს ცივ იატაკზე გაშლილ ნესტიან ლეიბებზე ტანსაცმლით ეძინათ, რადგან დასაფარებელიც არაფერი გვქონდა“- ცრემლმორეული გვიამბობს ლია ღორთლიშვილი.

ლიას მეუღლე, 30 წლის რობიზონ ბეგაშვილი, დღიურ მუშად მუშაობს და პურის შესაძენად საჭირო ფულს ხან შოულობს, ხან ვერა. „ჩემი ძმებიც გაჭირვებულები არიან. ვერაფრით მეხმარებიან. ლიას მშობლები კი სოფელ ზიარში, ფერმაში სხვის საქონელს უვლიან და თავი ისე გააქვთ. რამდენიმე დღეა ზედიზედ ვერაფერი გამოვიმუშავე და დარჩენილი სამი ბავშვიც დედასთან ერთად ზიარში გავგზავნე. ლიას მშობლებს პური მაინც ექნებათ, რომ ბავშვები მშივრები არ დარჩნენ. სანამ უფროსი შვილები აქ მყავდნენ, ღობეებში წვრილ შეშას აგროვებდნენ და ხანდახან ცეცხლი გვენთო. რაც ისინი თელავის სკოლა-ინტერნატში გავაგზავნეთ, ისიც დიდი წვალებით, რადგან ბავშვებს არსად იღებდნენ, ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. არადა ვერცერთი მათგანი სკოლაში ვერ  დაგვყავდა. არც ტანსაცმელი ჰქონდათ და არც ფეხსაცმელი. მერიმ კითხვაც კი არ იცის. ხშირად თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, მაგრამ მე რომ თავი მოვიკლა, ესენი ხომ კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“ - ამბობს რობიზონ ბეგაშვილი.

სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სახელმწიფოსაგან,  მრავალშვილიანი ოჯახებისათვის განკუთვნილი ოცდაათლარიანი შემწეობის გარდა, არავითარ დახმარებას არ იღებს. „სანამ ტყუპებს გავაჩენდი, რაიონის გამგეობაში რამდენჯერმე მივედი, მაგრამ არავინ მიმიღო. ყველამ კარი მომიჯახუნა, შენთვის არც გვცალია და ვერც დახმარებას გაგიწევთ, რადგან ქალაქის გამგეობიდან შუამდგომლობა უნდა მოიტანოო. ქალაქის გამგეობაშიც არ მაქცევდნენ ყურადღებას. ბოლოს მათხოვრობამ დამღალა და   ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად სიარულს თავი დავანებე...

 ...ტყუპები სახლში გავაჩინე. იმ დროს ჩემი ქმარი ზიარში სხვის ღორებს უვლიდა. მეც იქ ვიყავი და სამშობიაროში წამოყვანა ვერ მოახერხეს, თანაც არც ექიმის ფული გვქონდა. ფულის გარეშე კი ვაუჩერი კი არა, რაც არ უნდა გქონდეს, ხომ იცით, ყურადღებას არ მოგაქცევენ. სახლში მოლოგინების შემდეგ მეც ძალიან ცუდად გავხდი და ბავშვებიც. სოფო და ნინო თბილისში, დიღმის მე-2 საავადმყოფოში დავაწვინეთ. თინა ციციშვილი, რომელიც დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მსახურია, სწორედ იქ გავიცანი. ჩვენი გაჭირვების შესახებ ყველაფერი გაიგო და მას შემდეგ, როცა საშუალება აქვს, სურსათსა და ბავშვების ტანსაცმელს გვიგზავნის“- ამბობს ლია ღორთლიშვილი.

ჩვენთან საუბარში სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა პაპუნაშვილი აღნიშნავს, რომ ბეგაშვილების საცხოვრებელი პირობებით ნამდვილად შეშფოთებულია: „ისინი სიღატაკის დაძლევის პროგრამაში გვიან დარეგისტრირდნენ, იმ მიზეზით, რომ მშობლებს ქორწინება რეგისტრირებული არ ჰქონდათ, შესაბამისად ბავშვებს დაბადების მოწმობები არ გააჩნდათ. აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენისთანავე მათ გაიარეს რეგისტრაცია. სოციალური აგენტი, რომელმაც მათი საცხოვრებელი პირობები შეამოწმა, მათი უკიდურესი სიღატაკის გამო განცვიფრებული დარჩა. ვფიქრობთ, ძალიან მალე მათ ფულადი დახმარება დაენიშნებათ“ - აცხადებს ხათუნა პაპუნაშვილი.

ბეგაშვილებისთვის ელექტროენერგიის არქონას, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“  გურჯაანის სერვის ცენტრში, დავალიანების არსებობით ხსნიან: „რობიზონ ბეგაშვილს უკვე დიდი ხანია, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი არ გადაუხდია, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. აღნიშნულ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება  დავალიანების დაფარვისთანავე აღუდგებათ. გვესმის, რომ ექვსი შვილი ჰყავთ, მაგრამ თუ ძალიან შეგტკივათ გული და გედარდებათ, გადაუხადეთ ეს თანხა და ჩავურთავთ შუქს“ - გვითხრეს გურჯაანის სერვის ცენტრში.

გურჯაანის გამგეობაში კი ლია ღორთლიშვილს მხოლოდ აკრიტიკებენ. „თუ არ შეუძლიათ ამდენი ბავშვის შენახვა, რატომღა აჩენდა?“ - აცხადებენ სოციალური დახმარების განყოფილებაში.

„იმდენად უჭირთ და ბავშვებს ისე შიათ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, ლია სანამ ჩვენთან გამოვიდოდა, მაგიდაზე გათლილი, მოუხარშავი კარტოფილი დაუდია. სახლში მისულს კი კარტოფილი ადგილზე აღარ დახვდა. ბავშვებს უმი შეეჭამათ. ასეთი გაჭირვებული ბევრი არ უნდა იყოს და მათთვის დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, წესით, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“ - ამბობს მრავალშვილიანი ოჯახის მეზობელი ციცინო ქაჩლიშვილი. 

აუტანელი საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, ექვსი შვილის დედა ღმერთს მადლობას სწირავს: „მადლობა უფალს, რომ ბევრი შვილი მყავს და რომ ბავშვები არ ავადმყოფობენ“ - აღნიშნავს იგი და იქვე კითხულობს: „თუ ღმერთი ბავშვს მაძლევს, რატომ არ უნდა გავაჩინო?“...

3 წლის ლუკამ არ იცის, რა არის თოვლის პაპა, მაგრამ ნატვრა მაინც აქვს: „ჩემი დაიკო და ძამიკოები მინდა. კიდე, რომ არ გვშიოდეს ის მინდა და თბილი სახლი მინდა“...  

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები