კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ქალები საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან

18 დეკემბერი, 2006

qali.gifქალები საქართველოში საკუთარი ყოფით უკმაყოფილონი არიან. ზოგი იმას ჩივის, რომ ქალი ისევ ოჯახურ შრომასთან ასოცირდება, ზოგის პრობლემა ის არის, რომ ქალს გადაწყვეტილების მიღების საშუალება არა აქვს, ზოგი კი ქალების მიმართ ძალადობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მართალია, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლი გაიზარდა, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. წლების წინ, ქართულ პოლიტიკაში, ქალები საერთოდ არ ჩანდნენ. 1998 წლიდან კი არჩევნებზე მათი აქტივობა თვალშისაცემი ხდება და 14%-ს შედგენს. გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, მათი ჩართულობა პოლიტიკაში კვლავ კნინდება. 2002 წელს 12%-ს, 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი მათმა რაოდენობამ 11,5% შეადგინა.

არის რაიონები (გურჯაანი, თიღვის თემი, ნინოწმინდა, ვანი, ჭიათურა და ბათუმი), სადაც თვითმმართველ ორგანოში ქალი საერთოდ არ არსებობს. მართალია, ქართველი ქალების გააქტიურებას საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებულად ცდილობენ, თუმცა, შედეგი ისეთი არ არის, როგორც მათ თავად სურთ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებთა დაცვის ვარშავის ბიუროს მრჩეველი გენდერულ საკითხებში თინა ილსენის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი: “მომავალი წლიდან ჩვენი მთავარი მიმართულება გენდერი და მმართველობა იქნება.”

ქართველ ქალებში იგივე პრობლემას ხედავს ქალთა და გენდერულ საკითხთა ექსპერტი რეეტ ლაია: “ჩვენი შემდგომი განვითარება და მიზანი ქალთა ხელმძღვანელობის გაძლიერება იქნება. მაქსიმალურად შევეცდებით, ლიდერი ქალები აღმოვაჩინოთ.”

რაც შეეხება თავად ქართველ ქალებს, ისინი იმ რეალურ ვითარებაზე საუბრობენ, რაც საქართველოში ქალებთან მიმართებაში არსებობს.  დუშეთის რაიონული საკრებულოს წევრი თამარ გოგინაშვილი ამბობს, რომ ქალთა გააქტიურების პროცესი საქართველოში საკმაოდ ნელა მიდის: „1999-2002 წლებისა და დღევანდელი საკრებულოს არჩევნებს თუ შევადარებთ, ქალთა რაოდენობის ზრდა აშკარად შეინიშნება. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ტრადიციულად ქართველი ქალები მამაკაცებს ყოველთვის მხარში ედგნენ. ამიტომ, დღესდღეობით, აუცილებელია, ქალებმა ისევ დაიმკვიდრონ აქტიური პოზიციები მათ გვერდით. ქართული რეალობიდან გამომდინარე, ქალის ოჯახიდან პოლიტიკაში გასვლა, მითუმეტეს რეგიონში, საკმაოდ რთული პროცედურა აღმოჩნდა. ეს სერიოზულ რისკთანაც არის დაკავშირუბელი, რადგან ქალის პოლიტიკაში ჩაბმა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ამის გამო კი ოჯახს ხელი აკლდება.“

დუშეთის რაიონში, რესპონდენტის თქმით,  ძირითადი პრობლემა ქალთა სოციალური დაუცველობაა. კონკრეტულ მაგალითად კი ქალთა ემიგრაციის მაღალ მაჩვენებელს ასახელებს: „განსაკუთრებით ემიგრაციის საკითხი მაღელვებს. თუ დუშეთის რაიონიდან მამაკაცთა და ქალთა გასვლას შევადარებთ, ქალთა რაოდენობა ჭარბობს. ვიცი, რომ ისინი გაჭირვებამ და ოჯახის გადარჩენის სურვილმა გაიყვანა. ამის გამო, შვილები დედების გარეშე და მამაკაცები მეუღლეების გარეშე რჩებიან. მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა ვერანაირად ვერ შეავსებს იმ სულიერ სამყაროს, რაც დედა-შვილობისთვისაა აუცილებელი. დუშეთში სოფელი არ დარჩა, საიდანაც ქალები არ წასულიყვნენ. წასულები კი უკან აღარ ბრუნდებიან.“

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც  ქალთა დისკრიმინაციაზე მიუთითებს, არის ის,  რომ ისინი საკუთარი თავისთვის ვერ იცლიან. „ეს განსაკუთრებულად ჩვენი რაიონის პრობლემაა. მოგეხსენებათ, რომ რაიონებში მრეწველობის დარგები ჯერჯერობით დეგრადირებულია. ამიტომ, მცირე ფერმერული მეურნეობები ლიდერობს, სადაც ძირითად როლს ქალბატონები ასრულებენ - საქონლის მოვლა, მიწის სამუშაოები, მოსავლის აღება. ასეთი მძიმე შრომის შემდეგ მათ საკუთარ თავის მისახედად აღარც დრო და აღარც თავი რჩებათ. მართალია, მატერიალურად რაიონს და ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, სულიერად არ გაგვიჭირდეს და არ გავღარიბდეთ. გულახდილად გეტყვით, რომ დუშეთში ქალთა ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს საკუთარ თავზე ზრუნვას,“ -  ამბობს რესპონდენტი.

ქალთა პრობლემები რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთშიც დუშეთის იდენტურია. რაჭა-ლეჩხუმში ქალი მხოლოდ ოჯახში ასოცირდება. ადგილობრივებს სწორედ ეს პრობლემა აწუხებთ.
„საქართველოში პრობლემები ყველა კუთხითა და ყველა სქესის მიმართ არსებობს.ერთ-ერთი პრობლემა კი ის ძველი მენტალიტეტია, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებების მიმღებნი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები უნდა იყვნენ. ქალი კი ისევ ოჯახთან ასოცირდება,“ - ამბობს ეუთოს ტრენერი ქალთა უფლებებისა და გენდურულ საკითხებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან ფატი ქემოკლიძე.

მისი საქმიანობა ამ რეგიონში სწორედ ქალთა როლის გაზრდა და მათი გააქტიურებაა. თუმცა, არსებული შედეგებით კმაყოფილი მაინც არ არის. ქალის ოჯახიდან გამოყვანა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: „ამ მისიის შესრულება განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში სერიოზული პრობლემა იყო. თუნდაც იმიტომ, რომ ქალები სოფელში ძალიან დატვირთულები არიან. მათ ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გამოიკვეთა ლიდერი ქალები. მათ ძალიან ბევრი და კარგი საქმის კეთება შეუძლიათ. როცა შეხვედრებს ვიწყებდით, ყველა მათგანი მხოლოდ პრობლემებზე ლაპარაკობდა და ისინი ამ პრობლემის გადაწყვეტას ჩვენგან მოითხოვდნენ და ის ვერ წარმოედგინათ, რომ მისი მოგვარება თავადაც შეეძლოთ.“

ფატი ქემოკლიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამის გამო კი ქალბატონები იძულებულები ხდებიან ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ წავიდნენ.

ამბროლაურის საკრებულოს წევრი (რესპუბლიკელი) და ერთ-ერთი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო სოხაძე კი იმ კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობს, რაც უშუალოდ ქალ პოლიტიკოსს უკავშირდება: „ქალს უამრავი პრობლემა აქვს, მითუმეტეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი ამისი კონკრეტული მაგალითია. ჩემს რეგიონში თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატი ქალბატონები თითმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მყავდა. მათზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა საკუთარი კანდიდატურა მოეხსნათ. ზეწოლას კი არა თავად მათზე, არამედ მათ მეუღლეებზე ახდენდნენ, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობდნენ. ამის გამო, ქალბატონებმა კანდიდატურები მართლაც მოხსნეს“.
 
რესპონდენტი ერთ-ერთ კურიოზულ შემთხვევასაც იხსენებს: „ქალების საზოგადოებაში გამოსაყვანად აქტიური მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავიდან ძალიან ცოტა მსმენელი გვყავდა და ხშირ შემთხვევაში, მათაც მეუღლეები მოჰყვებოდნენ. კითხულობდნენ, რაშია საქმე, ჩვენს ცოლებთან რა გინდათო. თავიდან ძალიან გაჭირდა. როდესაც ავუხსენით, რომ ქალი არამარტო ოჯახის მსახური, არამედ განათლებული და ერუდირებული მეუღლეც უნდა იყოს, ნელ-ნელა შეეგუვნენ ამ აზრს. ეს ყინული თანდათანობით ლღვება.“

საქართველოში ცალკე კატეგორიას მიეკუთვნებიან მარტოხელა მშობლები. მათ სახელმწიფო თვეში მხოლოდ 5 ლარით ეხმარება. „მარტოხელა მშობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მაია კუპრავა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ კატეგორიის ქალებს ყურადღება საერთოდ არ ექცევათ.

მისი თქმით, „ამ მხრივ არანიარი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა ქალები ერთ-ერთი პრიორიტეტია, მათი დახმარება ძალიან მცირეა. პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო მარტოხელად ისეთ ქალბატონებს მიიჩნევს, რომლებსაც შვილი ქორწინების გარეშე ჰყავთ. არასამთავრობო ორგანიზაციის დონეზეც კი ძალიან მძიმეა მათი დახმარება. ჩვენ მათ მხოლოდ იურიდიული კონსულტაციით ვეხმარებით.“

ქალთა პოლიტიკური აქტივობის მხრივ მსოფლიოს თუ გადავხედავთ, არის ქვეყნები, სადაც  პოლიტიკურ ამინდს ქალები ქმნიან და პირიქით, ქვეყნები, სადაც ქალები პოლიტიკაში თითქმის არ ჩანან. მაგალითად, ჩინეთის პარლამენტში 604 ქალია, კუბაში  - 219, გერმანიაში - 195, შვეიცარიაში - 165, ვიეტნამში - 136, ემირატებში - 0, საუდის არაბეთში - 0, ყირგიზეთში - 0 და ახალ გვინეაში - 1. 
    

ეკა გულუა

 

ახალი ამბები