03:33, Sunday, 05.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩეჩენი ლტოლვილების ბედი ისევ გაურკვეველია

21.12.2006
xisr_checheni.gif„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების შესახებ ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი, რომლის პრეზენტაციაც 19 დეკემბერს გაიმართა, 1999-2006 წლამდე საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა მდგომარეობას ეხება. ანგარიშში საუბარია, რამდენად ასრულებს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ლტოლვილების შესახებ. ამასთანავე, იგი მოიცავს საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა უფლებების ხელყოფის ფაქტებს. ანგარიში ასევე ეხება რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის.

ანგარიშის მიხედვით, 1999 წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 8000 ჩეჩენი ლტოლვილი გადმოვიდა.  ჩეჩენთა 8%-ს საქართველში ცხოვრება სურს, 73%-ს მესამე ქვეყანაში გადასვლა. მართალია, მათი გარკვეული ნაწილი მესამე ქვეყანაში უკვე გადაიყვანეს, თუმცა ეს პროცესი უკვე შეწყდა. რაც შეეხება მათ რუსეთში დაბრუნებას, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამას დაუშვებლად მიიჩნევენ.

რა ელის ჩეჩენ ლტოლვილებს? ამ კითხვაზე კონკეტული პასუხი არ არსებობს. ვარიანტი კი სამია - სამშობლოში დაბრუნება, მესამე ქვეყანაში გადასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის მიღება და აქ დარჩენა.

რაც შეეხება მათ საქართველოში გადმოსვლას, ეს ჩეჩნეთ-რუსეთის კონფლიქტის განახლების შემდეგ მოხდა. ლტოლვილთა უმრავლესობას ეთნიკურად ჩეჩენი და ქისტი მოსახლეობა წარმოადგენს. მათი დიდი ნაწილი პანკისის ხეობაში დასახლდა, მცირე ნაწილი კი - თბილისში. ლტოლვილების პანკისში დასახლების მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული ტერიტორია ძირითადად ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული. ამასთან ერთად, ლტოლვილებს საქართველოში დასახლება მხოლოდ იმ ადგილას შეეძლოთ, რომელსაც მათ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შესთავაზებდა.

იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს საკუთარი მდგომარეობის შესახებ თავად დევნილი მოსახლეობა, საქართველოს გაეროს ასოციაციამ პანკისის ხეობაში გამოკვლევა ჩაატარა. მათი დასკვნით, ქისტ რესპოდენტთა 36%-ს, ხოლო ჩეჩენთა 8%-ს საქართველოში დარჩენა და ინტეგრირება სურს. ჩეჩენ რესპონდენტთა 73%-ს ხოლო ქისტების 52%-ს კი მესამე ქვეყანაში გადასვლა ურჩევნია. ჩეჩენთა წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი ფიქრობს, რომ ჩეჩენი ლტოლვილებისთვის საუკეთესო ვარიანტი მესამე ქვეყანაში გადაყვანა იქნება. როგორც მან „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნა, რუსეთში ძირითადად ქისტები ბრუნდებიან და არა ჩეჩნები: „ამ ცოტა ხნის წინ  15 ადამიანი დაბრუნდა, უმეტესობა ქისტები იყვნენ. ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ მათ საბუთები არა აქვთ, თან სავიზო რეჟიმი გართულებულია. კარგი იქნება, ეს ხალხი მესამე ქვეყანაში გაიყვანონ. საქართელოში მათი სათანადოდ შენახვა ვერ ხერხდება. არ ვამართლებ იმ მოსაზრებას, რომ მათ  საქართველოს მოქალაქეობა მასიურად მისცენ და აქ დარჩნენ.“ მისივე თქმით, დაბრუნება ყველასთვის საშიში არ არის. საფრთხე მხოლოდ მათ ემუქრებათ, ვინც საომარ მოქმედებებში ღებულობდა მონაწილეობას.

რა ბედი ელის ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს და როგორ უნდა გადაწყდეს მათი საკითხი, ვერც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ. როგორც სამინისტროს მიგრაციის, ლტოლვილთა და რეპატრიაციის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კოკაიამ გვითხრა, არჩევანი თავად ლტოლვილებმა უნდა გააკეთონ: „ამ ხალხმა თავად უნდა აირჩიოს, რა უნდათ. არის კატეგორია, რომელსაც ჩეჩნეთში დაბრუნების შემთხვევაში არანიარი საფრთხე არ ემუქრება. არის კატეგორია, რომელიც იბრძოდა. ისინი კი ვერ დაბრუნდებიან. მათთვის გამოსავალი ინტეგრაცია ან მესამე ქვეყანაში გადასახლება იქნება. თუმცა, ეს ვარიანტი გაერომ ძალიან შეამცირა.  შეიძლება წელიწადში მხოლოდ 1-2 ოჯახი გაუშვან. უმრავლესობის ბედი ალბათ დარჩენა და საქართველოში ინტეგრაცია იქნება.“

ანგარიშის მიხედვით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის „გლუკის“ ინფორმაციით, მესამე ქვეყნები, როგორიცაა შვედეთი და კანადა, 2005 წლამდე ჩეჩენ ლტოლვილთა დიდი რაოდენობით მიმღები ქვეყნები იყო. ამის შემდეგ კი ლტოლვილთა გადასახლების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. 2003-დან 2005 წლამდე კი გლუკის დახმარებით მესამე ქვეყანაში დაახლოებით 300 ლტოლვილი გადავიდა. მათი 70% შვედეთმა მიიღო, დანარჩენი კი კანადამ და სხვა ქვეყნებმა.

ჩეჩენ ლტოლვილთა მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ ერთ ადგილზე მშვიდობიანი ცხოვრება უნდათ, რაც როგორც ჩანს, საქართველოში ვერ ხერხდება. როგორც თავად ჩეჩნები აცხადებენ, ისინი საქართველოდან რუსეთში გაძევების შიშით ცხოვრობენ. არადა, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის 33-ე მუხლში ვკითხულობთ: „არც ერთი სახელშეკრულებო მხარე არ გაასახლებს ან დააბრუნებს ლტოლვილს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებისა და პოლიტიკური მრწამსის გამო.“

2005 წელს ამ საკითხზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში ასევე მოცემულია  „ჰიუმან რაითს ვოჩის“ დასკვნა. მისი შეფასებით, ბოლო ექვსნახევარი წლის მანძილზე ჩეჩნეთში 3 000-დან 5 000-მდე ადამიანი გაუჩინარდა.

ლტოლვილები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ პანკისის ხეობაში გამოკითხა, ამბობენ რომ ჩეჩნეთში დაბრუნების შემთხვევაში, ისინიც შეიძლება გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცონ, ან უბრალოდ მოკლან.

საქართველოში ჩეჩენთა მდგომარეობის გათვალისწინებით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და „გლუკ“-ს კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს. ცენტრის ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თუ პოლიტიკური ნება იქნება, მათი შესრულება საკმაოდ მალე მოხდება: „საქართველოს პარლამენტმა უნდა შეცვალოს კანონი ლტოლვილთა შესახებ. შესავალ მუხლში უნდა ჩართოს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, განიხილებოდეს, როგორც ლტოლვილი. ასევე, იმ პოტენციურ ლტოლვილებზე, რომლებიც ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ,  დროებით ჩასახლების ნებართვა გაიცეს. რეკომენდაციები საკმაოდ ბევრია. ამ ანგარიშის მიზანი მხოლოდ კონკრეტული დარღვევების დაფიქსირება არ ყოფილა. რეკომენდაციის ერთ-ერთი ნაწილია კანონმდებლობის საერთაშორისო კონვენციასთან ჰარმონიზება.  თუ პოლიტიკური ნება იქნება, რეკომენდაციების ნახევარზე მეტი საკმაოდ რეალურია.“

19 დეკემბერს კინოს სახლში ჩეჩნეთის თემაზე რუსი რეჟისორის - მაშა ნოვიკოვას დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაც შედგა.

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC