კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილის ოჯახი მკვლელის დასჯას ითხოვს

21 დეკემბერი, 2006

patrol.jpgგუშინ, ქუთაისში, პატრულის თანამშრომლის მიერ გასულ კვირას მოკლული ვალერი ფხაკაძე დაკრძალეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ 19 წლის ფხაკაძეს ივანე კაპატაძემ ესროლა. ტაბელური იარაღიდან სამჯერ გასროლით დაჭრილი ფხაკაძე სისხლისგან დაიცალა. იგი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. დაკრძალვაზე 'თანასწორობის ინსტიტუტის' თანამშრომლები ლევან გოგიჩაიშვილი და დავით დალაქიშვილი ჩავიდნენ.

ლევან გოგიჩაიშვილი: 'კომენტარის გაკეთება ძალიან მიჭირს. იმდენად გაიხრწნა დღევანდელი ხელისუფლება და შს სამინისტროს წარმომადგენლები, რომ  ახალგაზრდა, ბორკილდადებული ადამიანების შუა ქუჩაში ხოცვასაც აღარ ერიდებიან. ვანო მერაბიშვილი ლაჩარი და მკვლელების ხელმძღვანელია. დღევანდელი დღე არამარტო ამ ოჯახისთვისაა ტრაგიკული, არამედ მთელი საქართველოსთვის. ჩამოვიდეს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და აუხსნას გარდაცვლილის ოჯახს, რატომ მოუკლა მათ პატრულმა შვილი. როგორც ჩანს, მათი ურყევი კურსი - ქუჩაში ხოცონ ადამიანები - არ იცვლება.'

'თანასწორობის ინსტიტუტის' გარდა ფხაკაძის ოჯახს თანაგრძნობა ასევე პატრულის მიერ მოკლული ამირან რობაქიძის ბებიამ და ბაბუამ გამოუცხადეს: 'ამ ფაქტმა ჩემი შვილიშვილის მკვლელობისგან გამოწვეული სიმწარე განმიახლა. ჩამოვედი, რათა მივუსამძიმრო ოჯახს. ჩემი შვილიშვილის მკვლელმა აღიარა, რომ განზრახ მოკლა. მერე შეაცვლევინეს ჩვენება და თქვა შემთხვევით გამივარდაო. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ალბათ დადგება დრო, როცა ეს განუკითხაობაც დასრულდება,' - აცხადებს ამირან რობაქიძის ბაბუა.

გარდაცვლილის ოჯახი ივანე კაპატაძის სათანადოდ დასჯას ითხოვს. ამ უკანასკნელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იმერეთის სამხარეო პროკურატურის შუამდგომლობით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმის გამოძიება იმერეთის სამხარეო პროკურატურაში გრძელდება.

'მარტო პატრულის დასჯა საკმარისი არ არის. ვინც ამ ხალხს ხელს აფარებს, ისინი უნდა დაისაჯონ. მე მეტი აღარაფერი დამრჩენია. მოვითხოვ, გამოძიება კანონიერების სრული დაცვით ჩატარდეს,' - აცხადებს გარდაცვლილის მამა ბორის ფხაკაძე.

რაც შეეხება 'თანასწორობის ინსტიტუტის' თანამშრომლებს, ისინი ქუთაისში, სავარაუდოდ, ორი-სამი დღის განმავლობაში დარჩებიან. ისინი საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.


 შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები