კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწარმეებს კახეთშიც აკულაკებენ

21 დეკემბერი, 2006

sirnari.gifოპოზიციის მხრიდან რეკეტად წოდებული, კონკრეტული პირების მიერ კუთვნილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტები რეგიონებშიც გახშირდა. კახეთში ამ მხრივ სიღნაღის რაიონი ლიდერობს. ქიზიყში მეწარმეებს არა მარტო შპს-ების ბალანსზე რიცხულ ქონებას, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც ართმევენ.

შპს „აჩო“-ს ხელმძღვანელი გელა ბეჟაშვილი, რომელიც ამავე დროს სიღნაღის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების გამგეა, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება მას დაავალეს.

-ბატონო გელა, რა ქონება გადაეცით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს?

-ქალაქ სიღნაღში მდებარე ბაზარი, ფართი თავისი მოწყობილობით და პატარა მაღაზია.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩუქება დამავალესო. ვინ, სად და როდის დაგავალათ?

- ერთი კვირის წინ სიღნაღის საგადასახადო სამსახურში დამიბარეს და დაგვავალეს, რომ კუთვნილი უძრავი ქონება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის გადაგვეცა. შეხვედრას როგორც თბილისიდან, ასევე თელავიდან ესწრებოდნენ, იყვნენ ფინანსური პოლიციიდანაც, ოღონდ  მათი ვინაობა არ ვიცი.

-მხოლოდ დაგავალეს, თუ თქვენზე რაიმე სახის ზეწოლასაც ჰქონდა ადგილი?

-ვერ გეტყვით. არ შემიძლია. დადგება დრო და ამ ყველაფერს, რა მოხდა და როგორ მოხდა, მე თვითონ ვიტყვი.

-დღეს რა გიშლით ხელს, რომ ისაუბროთ?

- ჯერჯერობით შოკირებული ვარ. რომ დავფიქრდი, საჭმლის ფული აღარ დამრჩა. შემოსავლის გარეშე ვარ. მაგრამ რა მექნა. მითხრეს, ან სახელმწიფოს აჩუქებ შენს ქონებას, ან არადა დაგიჭერთო. ძალიან გთხოვთ... ამ საკითხზე მეტს ვეღარაფერს გეტყვით. როგორც გითხარით, დადგება დრო და ყველაფერს ვიტყვი, თუ მანამდე დამცალდა. ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის ინფორმაციით, ბეჟაშვილის ბედი სხვა მეწარმეებმაც გაიზიარეს.

„ერთი კვირის წინ, სიღნაღის რაიონის გამგეობის შენობაში დაგვიბარეს. გვითხრეს, რომ მთავრობას ის შენობები სჭირდება, რომელიც თქვენ ქალაქის ცენტრში გაქვთ დაკავებული  და უნდა გვაჩუქოთო. რა უნდა მექნა, შენობა სამი დღის წინ გადავუფორმე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. იგი ქონების მართვისა და პრივატიზების ადგილობრივი სამსახურის ოფროსმა ლია ზურაშვილმა მიიღო. ...მაშ ციხეში ხომ არ წავიდოდით ამ სიბერის დროს. მეც ვაჩუქე და ამავე შენობაში მყოფმა შპს „კირითხუროს“ დირექტორმა ბადურ მილაშვილმაც,“ - აცხადებს შპს „მშენებელის“ დირექტორი ომარ ცაკიაშვილი. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ როდესაც ის ნაჩუქრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად სიღნაღის ნოტარიუსთან მივიდა, აღშფოთებას ვერ მალავდა, თუმცა, ნოტარიუსი მისი შეშფოთების მიზეზით არ დაინტერესებულა.

ნოტარიუსი გიორგი ლომაშვილი რესპონდენტის ბრალდებებს უარყოფს. „თქვენს მიერ დასახელებულმა ყველა პირმა ჩემთან მოსვლისას აღნიშნა, რომ ქმედებას საკუთარი ნებით განახორციელებდენ. რატომ უნდა გამკვირვებოდა მათი მხრიდან ასეთი ნაბიჯი?.. მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ჩემი საქმიანობა საჯარო არ გახლავთ“ - გვითხრა გიორგი ლომაშვილმა.

მოქალაქეებზე ზეწოლას და დაშინებას არც უარყოფს და არც ადასტურებს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სიღნაღის რაიონული სამმართველოს უფროსი ლია ზურაშვილი: „ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოქალაქეებმა გელა ბეჟაშვილმა, ბადურ მილაშვილმა, ომარ ცაკიაშვილმა და ელიკო ბერულაშვილმა უძრავი ქონება ნამდვილად გადასცეს. მე მოლაპარაკებებში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. არც ის ვიცი, ვინ ვის რა ელაპარაკა და ვინ ვის რა დააძალა. მე ვიცი, რომ ქ. სიღნაღში ჭავჭავაძის ქ. #11-ში მცხოვრებმა გელა ბეჟაშვილმა შპს „აჩოს“ - ს სახელით განცხადებით მიმართა სიღნაღის ნოტარიუსს და განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცეს ქონება სიღნაღში მდებარე ბაზრის სახით. ნოტარიუსმა მისი განცხადება დააკმაყოფილა და საჩუქარი სახელმწიფოს გადაეცა. ქონება მივიღეთ. ბაზარი შეფასებულია 5000 ლარად, თუმცა, ცოტა ხანში  ხელახალი შეფასება მოხდება, რადგან ადგილი ძალიან კარგია, ფასი კი მცირე. რაც შეეხება ბადურ მილაშვილს, მან სახელმწიფოს  სიღნაღის ძველ უბანში მდებარე  ორსართულიანი საცხოვრებელი ფართი გადასცა, რომელიც  3500 ლარად იყო შეფასებული. ელიკო ბერულაშვილმა კი  იმავე ფასად შეფასებული საცხოვრებელი სახლი გვაჩუქა,. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მოქალაქეებზე ზეწოლაზე ვერაფერს გეტყვით.“ - ამბობს ლია ზურაშვილი.


მეწარმეებზე ზეწოლას უარყოფს თელავის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი სიღნაღის რაიონში ლადო სიმონიშვილი. „ბეჟაშვილს ეტყობა რაღაც შეეშალა. მე მათთვის არაფერი მითქვამს და ჩემი მხრიდან არც რაიმე ზეწოლას ჰქონია  ადგილი. რა ქონება გადასცეს, არაფერი  ვიცი...

-ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საგადასახადო სამსახურში დაიბარეს და იქ დაემუქრნენ.

-შეიძლება სიტუაცია კარგად ვერ აგიხსნეს, რადგან ღელავენ. ლადო სიმონიშვილი მაგ ამბავში არაფერ შუაშია.

-ბატონო ლადო, ვინ ესწრებოდ ამ შეხვედრას?

-ვერ გეტყვით, აღარ მახსოვს...

ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში აცხადებენ, რომ კერძო მესაკუთრეების მიერ, სახელმწიფოსათვის ქონების გადაცემის ფაქტები არა მარტო სიღნაღში, არამედ დედოფლისწყაროშიც დაფიქსირდა. „მეწარმეები დააშინეს და აიძულეს, თავისუფლების სანაცვლოდ, რაც რამ კარგი აბადიათ სახელმწიფოს გადასცენ. ისინი იძულების თაობაზე ხმამაღლა საუბრობენ. აცხადებენ, რომ დაიბარეს და უთხრეს, ან გვაჩუქებთ, ან არადა დაგიჭერთო. კანონით  დანაშაულის არსებობის შესახებ ასეთ საჯარო განცხადებებზე, სამართალდამცავები რეაგირებას უნდა ახდენდნენ, მაგრამ ჩვენს რეალობაში ხომ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია თავად კურირებენ ამ ყველაფერს,“ - აღნიშნავს ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ საკუთრების წართმევა კახეთში კვლავ გრძელდება და ყოველდღიურად ფართო მასშტაბებს იძენს. ცენტრის ცნობით, ერთ-ერთმა მეწარმემ, იმის გამო, რომ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე დაგროვილი ქონება სახელმწიფოსთვის არ გადაეცა და შვილები ულუკმაპუროდ არ დაეტოვებინა, თვითმკვლელობაც კი სცადა, თუმცა ის ოჯახის წევრებმა გადაარჩინეს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები