კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

XXI საუკუნის ადამიანი-ღამურები

22 დეკემბერი, 2006

natura2.gifადიგენის რაიონის სოფელ უტყისუბნის მოსახლეობას თხუთმეტი წელია სინათლე არ უნახავს. არა, დღის სინათლე კი უნახავს, მაგრამ ჭერზე, ან კედლებზე ან თუნდაც მაგიდაზე, პატარა თხელი შუშა რომ ანათებს ხოლმე ყვითლად, აი, იმის სინათლე არ უნახავს. ,,ეს ცხოვრება არაა, ეს არსებობაა”, - აცხადებენ ადგილობრივები.

ხუთი წლის ხვიჩა გელაძემ  შუქი პირველად მამიდასთან სტუმრობისას ნახა. ,,კინაღამ დაბრმავდა ბავშვიო”, - ხუმრობენ მას შემდეგ სოფელში.
 
სოფელი უტყისუბანი აჭარლებითაა დასახლებული. გოდერძის უღელტეხილთან მდებარე პატარა სოფელს თავი ნატურალური მეურნეობით გააქვს.

,,ღამურებად ვიქეცით. ყურადღებას კი არავინ გვაქცევს. ვერ მოვთვლი,  უკვე რამდენჯერ მივაკითხეთ რაიონის ხელმძღვანელობას. შედეგი კი არ ჩანს”, - ამბობს სოფელ უტყისუბნის მკვიდრი ილია საგინაძე.

 ,,როდემდე ხალხო? როდემდე უნდა ვისხდეთ ბნელში?”, - კითხულობს აღშფოთებული  ადგილობრივი ფრიდონ გელაძე.
 
,,ვარდების რევოლუციის ამბავმა ჩვენამდე დეკემბრში ჩამოაღწია. მეზობელს ბათუმიდან სტუმარი ეწვია და იმან გაგვაგებინა. არც ტელევიზორი გვაქვს, არც რადიო”, - დაღონებულია ნაზი კოჩალაძე.
 
 ,,კომუნისტების დროს უკეთესად ვცხოვრობდით. მერე ქვეყანა აირია, საქონლის ქურდები შემოგვეჩვივნენ. მერე სპილენძი ბარდებაო და ბოძებიდან მავთულების ჩამოხსნაც დაიწყეს. გაიძარცვა ყველაფერი”, - სინანულით გვეუბნება თემურ ხოზრევანიძე.

,,უშუქობით გაწვალებულებმა  პრეზიდენტსაც მივწერეთ წერილი. ელექტრო ქსელებიდან ამოვიდნენ, ფოტოებიც გადაიღეს, მას შემდეგ კი არაფერი ისმის”, - გვიყვება გივი გელაძე.

საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალში სოფელ უტყისუბნის პრობლემას კარგად იცნობენ. თუმცა, აცხადებენ, რომ ელექტროგაყვანილობის აღსადგენად 50 000 ლარია საჭირო, კომპანია კი ამ თანხას ვერ გაიღებს.

ადიგენის რაიონის ახალი გამგებელი ზურა ჩილინგარაშვილი სოფელ უტყისუბნის მოსახლეობას ახალი წლისათვის სიურპრიზს ჰპირდება.

,,როცა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, ენერგეტიკის მინისტრსა და საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის გენერალურ დირექტორს დინ უაითს, ამ პრობლემაზე წერილები გავუგზავნე. არ მინდა წერილები წერილებად დარჩეს. უტყისუბანში 17 ოჯახი ცხოვრობს და ვაპირებ, თითოეულ ოჯახს გენერატორი შევუძინო, რათა სოფელი ახალ წელს განათებული შეხვდეს. საწვავითაც შევეშველებით”, - აცხადებს ადიგენის რაიონის გამგებელი.

ადგილობრივ მოსახლეობას კი მრავალწლიანი იმედგაცრუებების შემდეგ დაპირებების აღარ სჯერა.

        გულო კოხოძე, ადიგენი

ახალი ამბები