კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდსით ინფიცირებული სისხლის ბანკისგან 200 000 ლარს ითხოვს

25 დეკემბერი, 2006

sisxli.jpgქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოქალაქე ლამზირა ჩალაძის მიერ ქუთაისის რეგიონული სისხლის ბანკის წინააღმდეგ მიმართული სარჩელის განხილვა გრძელდება.

ლამზირა ჩალაძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 2005 წლის შემოდგომაზე აღმოაჩინა, რომ შიდსის ვირუსით იყო დაავადებული. ამის მიზეზი კი დაზარალებულის ადვოკატის განმარტებით, 2001 წელს ქუთაისის რეგიონულ სისხლის ბანკში შეძენილი სისხლის გადასხმა გახდა. 38 წლის ლამზირა ჩალაძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 200 000 ლარი მოსთხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 29 ივნისს, დაზარალებულის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სისხლის ბანკს ლამზირა ჩალაძის სასარგებლოდ მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 10%-ის, 20 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამ დროისათვის სისხლის ბანკის დირექტორს მირიან კვირიკაძეს ლიცენზია შეუჩერდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლამზირა ჩალაძის გარდა, ამ პერიოდში ქუთაისის სისხლის ბანკიდან შეძენილი სისხლის გადასხმის შედეგად კიდევ ოთხი პიროვნება დაინფიცირდა. გამოძიება როგორც ლამზირა ჩალაძის, ისე სხვა მოქალაქეებისათვის შიდსის ვირუსით დაინფიცირების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო.
„თუ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები ელემენტარულად მაინც არის დაცული, სახელმწიფომ და მათ შორის მოსამართლემაც ჩვენი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს,” - აცხადებს ლამზირა ჩალაძის ადვოკატი კახაბერ ცირეკიძე.

როგორც ირკვევა, დონორის სისხლის არასათანადოდ გამოკვლევის მიზეზი საჭირო ტესტ-სისტემების არქონა გახდა. აღნიშნული სისტემების ნაწილი „უსაფრთხო სისხლის პროგრამის” ფარგლებში სისხლის ბანკს მიეწოდებოდა, ნაწილი კი ადგილებზე თვითონ უნდა შეეძინათ. ხარისხის კონტროლის ინსპექციის ინფორმაციით, ქუთაისის სისხლის ბანკში წლების მანძილზე არალიცენზირებული და არარეგისტრირებული ტესტ-სისტემები შემოდიოდა, რამაც, საბოლოოდ, მძიმე შედეგი მოიტანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვა ორჯერ გადაიდო. მიზეზი საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სპეციალისტების სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა.

22 დეკემბერს განახლებული პროცესი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სპეციალისტების მოთხოვნით დახურულად გამოცხადდა.

ლამზირა ჩალაძის ადვოკატის კახაბერ ცირეკიძის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 28 დეკემბერს დაგეგმილ პროცესზე გამოიტანს. რაც შეეხება ქუთაისის რეგიონული სისხლის ბანკის წარმომადგენლებს, ისინი ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავს იკავებენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები