კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის უნივერსიტეტის ლექტორები განათლების მინისტრს საპროტესტო ნოტას უგზავნიან

25 დეკემბერი, 2006

uni.jpgცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს. დევნილი  უნივერსიტეტის 60 - მდე პროფესორ-მასწავლებელი ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანების იდეის წინააღმდეგ გამოდის. ანალოგიურ პროტესტს გორის უნივერსიტეტშიც გამოთქვამენ.

საქმე იმაშია, რომ საუნივერსიტეტო ციებ-ცხელებამ გორში ახალი ძალით იფეთქა. ჯერ კიდევ აპრილის თვეში, გორის უნივერსიტეტის აკრედიტაციის მიღების მახარობელი გორში ჩამოსული არ იყო, რომ მას ფეხ-დაფეხ გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტების გაერთიანების იდეა ,,მოჰყვა”.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა ცოტნიაშვილს ესაუბრა:

- ჩვენთვის ცნობილია, რომ განათლების სამინისტროში ცხინვალისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებაზე მსჯელობენ. რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

- სახელი ,,ცხინვალი” ჩემთვის ძალიან ძვირფასია – სწორედ მასთან არის დაკავშირებული მთელი ჩემი ცხოვრება. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, უმაღლესი განათლებისადმი თანამედროვე მიდგომა  უნივერსიტეტების ქალაქების სახელებით გამოყოფას ნაკლებად ითვალისწინებს. დღეს უმთავრესია რეალური საუნივერსიტეტო კერის შექმნა. თუკი ამ მიმართულებით ინტეგრაცია ეფექტური იქნება, მზად ვარ რიგითი თანამშრომლის რანგშიც ვემსახურო მის ღირსებასა და იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეალური ცოდნით გამაგრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, მათი მომავალი ცხოვრებისეული წარმატებისა და ზოგადად ჩვენი მხარის წინსვლის საფუძველი უნდა გახდეს.

-  რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- რომი ერთ დღეში ვერ აშენდება. ჩემს გარშემო უნივერსიტეტის საუკეთესო ნაწილია გაერთიანებული, რომელთა ცხოვრების მიზნად  მძლავრი საუნივერსიტეტო განათლების კერის შექმნა იქცა. ჩვენ შევძლებთ განათლებული, მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას, და მათი უპირველესი მიზანი სამშობლოსათვის თავდადებული შრომა იქნება.

გორის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კლარა ელჩიბეგაშვილი ცხინვალისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების იდეის არსებობას ადასტურებს. კლარა ელჩიბეგაშვილის თქმით, ამის შესახებ მას განათლების სამინიტროში პირადად განუცხადეს. კლარა ელჩიბეგაშვილი გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სახელით აცხადებს, რომ ისინი  ორი უნივერსიტეტის გაერთიანების წინააღმდეგნი არიან.

ცხინვალის უნივერსიტეტმა მიმდინარე წელს, შარშანდელისაგან განსხვავებით, აკრედიტაცია ვერ გაიარა. 2006 წელს გორის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელთა უმრავლესობა, დაითხოვეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლოში სულ ორი ლექტორის საჩივარი შევიდა, ამათგან ერთმა საჩივარი უკან გაიტანა, ხოლო მეორემ მისი გამამტყუნებელი განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაასაჩივრა. მომჩივანი ლექტორები  უნივერსიტეტიდან დათხოვნას აპროტესტებდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, უმრავლესობა არც დოცენტი იყო და არც დოქტორი. ჩვენ ხელთ გვაქვს ზოგიერთი ,,პლაგიატი” პროფესორის შესახებ მაკომპრომატირებელი მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ მათ ნაშრომები მოპარული აქვთ.

გორის უნივერსიტეტიდან დათხოვნილი რამდენიმე ,,უხარისხო” ლექტორ-მასწავლებელი ცხინვალის უნივერსიტეტში გადაბარგდა. ცხინვალის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა მოსალოდნელი საფრთხე, იმისა, რომ შარშან მოპოვებულ აკრედიტაციას შეიძლებოდა წელს გამომშვიდობებოდნენ და ცხინვალის უნივერსიტეტის კათედრები გორის უნივერსიტეტიდან წასული ლექტორ-მასწავლებლებით მასობრივად შეავსო. ამან კი დევნილ უნივერესიტეტს სავალალო შედეგი მოუტანა და ლექტორ-მასწავლებელთა ცოდნის მაღალი დონე ვერ აჩვენა.

დევნილ უნივერსიტეტს ფართის პრობლემაც შეექმნა. ეს თავად ზაზა ცოტნიაშვილმაც აღიარა. 2005 წელს, როდესაც შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპატრულო პოლიციის შენობა ოფიციალურად გახსნა, ყველას კარგად ახსოვდა, რომ საპატრულო პოლიციის შენობაში მანამდე ცხინვალის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობდნენ. ანუ გორის ბამბეულის კომბინატის დირექციამ, სტუდენტები  შენობიდან გამოასახლა და ის საპატრულო პოლიციას გადასცა. სხვათა შორის, ბამბეულის ქსოვილების კომბინატის  სს ,,ლაინის” ამჟამინდელი დირექტორი ნუკრი გელაშვილი ვანო მერაბიშვილის უახლოესი ნათესავია. მერაბიშვილის უახლოესი ნათესავია ,,ლაინის” ყოფილი დირექტორი გელა ჩხეიძეც, რომელზეც თავის დროზე გენპროკურორმა და შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ძებნა გამოაცხადა. თუმცა მერაბიშვილის ძალოვან სტრუქტურაში მოსვლით ჩხეიძე ხელშეუხებელი გახდა.

ცხინვალის უნივერსიტეტში ისიც კარგად ახსოვთ, რომ სწორედ ცოტნიაშვილების ხათრით „ლაინის” ხელმძღვანელობამ ,,ლაინის” დირექციის შენობის ნაწილი უნივერსიტეტს დაუთმო. ხათრში კი სწორედ ის იგულისხმება, რომ ცოტნიაშვილები ჩხეიძეების ახლობლები არიან. ის შენობა, სადაც ამჟამად საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოა განთავსებული, ცხინვალის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ძალისხმევის შედეგად შენარჩუნდა, თორემ მასაც ,,ლაინის” სხვა შენობა-ნაგებობების მსგავსად, ჯართად ქცევა და თურქეთში გატანა ემუქრებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტის გაერთიანების იდეას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ის ხალხი ლობირებს, რომლებიც გორის უნივერსიტეტიდან დათხოვნილ პაატა ჩხეიძესთან არიან დაახლოებულნი. პაატა ჩხეიძე იმ გელა ჩხეიძის ძმაა, რომელმაც დევნილ უნივერსიტეტს ნაჩუქარი ფართი წაართვა და საპატრულო პოლიციას გადასცა.

იმ შემთხვევაში თუ გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტები გაერთიანდება, პაატა ჩხეიძეს იქ დაბრუნების შანსი ეძლევა. როგორც ცნობილია, პაატა ჩხეიძე უცხო ენების კათედრის დეკანობიდან მოხსნეს და არც ის ხელფასი მისცეს, რომელსაც იგი ამერიკაში ყოფნის დროს გორის უნივერსიტეტში გაცდენილი საათებისთვის ითხოვდა. ამაზე განაწყენებულ პაატა ჩხეიძეს დაუქადნია: „მე დავბრუნდები...!”-ო. გორის უნივერსიტეტმა კი მას ხელფასი იმიტომ არ აუნაზღაურა, რომ  პაატა ჩხეიძე ამერიკაში გორის უნივერსიტეტის „გაწვევით“ არ იმყოფებოდა...

გორის უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ პაატა ჩხეიძეს გაერთიანებული უნივერსიტეტების რექტორობა სურს. ის ჯერ კიდევ უცხო ენების კათედრის დეკანობის დროს, კათედრის ცალკე გამოყოფას და  გორის  უცხო ენებისა და ლიტერატურის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დაარსებას ითხოვდა.

ზოგადად ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანებით, წინსვლის პერსპექტივას ვერავინ ხედავს. კერძოდ, გორის უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მოპოვებული წარმატებები შეიძლება წყალში ჩაიყაროს, ხოლო, რაც შეეხება, ცხინვალის უნივერსიტეტს, ის შეიძლება  ქართული საგანმანათლებლო კერების რუკიდან საერთოდ გაქრეს.

დაბრუნდება თუ არა პაატა ჩხეიძე გაერთიანებული უნივერსიტეტის სათავეებთან, იმედია მალე გაირკვევა. შიდა ქართლში ოქრუაშვილისა და მისი ხალხის გავლენის შესუსტება ჩხეიძის აყვავებას რომ შეუწყობს ხელს, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ჩხეიძეებს, რომ გორის ბამბეულის კომბინატის დაქცევა-დანგრევაში სდებენ ბრალს, ეს ხომ მთელმა გორმა იცის.

         გორი: საბა წიწიკაშვილი

ახალი ამბები