კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ჟურნალისტებს სიცოცხლეს უმწარებენ

26 დეკემბერი, 2006

media_1.jpgსტატისტიკური მონაცემებით, ბოლო დროს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებები საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტად კახეთში ირღვევა. „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” ინფორმაციით, 2004 წელს კახეთის რეგიონში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის თხუთმეტამდე ფაქტი დაფიქსირდა, 2005 წელს მდგომარეობა გაუარესდა და 27 შემთხვევიდან ოფიციალურად ყველა ფაქტი გამოუძიებელია. სამართალდამცავებს დანაშაულზე რეაგირებით თავი არც 2006 წელს შეუწუხებიათ.

კახეთში ჟურნალისტთა უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტების სიმრავლეს, ტელეკომპანია „მზის“ კორესპონდენტი ხათუნა გულიაშვილი, რეგიონში დამოუკიდებელი მედიის წარმატებულად მუშაობას უკავშირებს. „გარდა იმისა, რომ რეგიონული მედია აქტიური და თავისუფალია, ეროვნული მედია-საშუალებების რეგიონული კორესპონდენტები ხელისუფლების წარმომადგენელთა მითითებების გარეშეც მუშაობენ. ამასთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს ჟურნალისტებთან ურთიერთობის კულტურა. მათ სურთ მოგვეპყრონ ისე, როგორც საკუთარ ხელქვეითებს“ - აღნიშნავს ხათუნა გულიაშვილი.

ჟურნალისტ ზვიად რუაძის განცხადებით, მედიაზე ზეწოლის ფაქტები პერმანენტულად სწორედ იმიტომ მიმდინარეობს, რომ ცენტრთან შედარებით კახეთში მომუშავე ჟურნალისტები თავისუფლები და მიუკერძოებლები არიან: „ხელისუფლება ჩვენს კონტროლს ვერ ახერხებს, რაც ჟურნალისტებთან დანაშაულებრივი გზით დაპირისპირებას იწვევს” - ამბობს ზვიად რუაძე და იხსენებს, რომ 2006 წლის იანვარში, გაზეთში გამოქვეყნებული წერილის გამო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იმ შემთხვევაში თუკი მასალაზე მუშაობას გააგრძელებდა, ფიზიკური ლიკვიდაციითაც ემუქრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ ჟურნალისტმა სამართალდამცავ ორგანოებს აცნობა, განცხადებაში მოყვანილი ფაქტებით არავინ დაინტერესებულა.

2006 წლის თებერვალში, თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის” დირექტორი ენრი კობახიძე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ამ ფაქტს წინ  ტელეკომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა უძღოდა, რამაც საინფორმაციო სამსახურის მუშაობა შეაფერხა. ენრი კობახიძეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნათელა ჯაშიაშვილმა ჯარიმის სახით 15 ლარის გადახდა დააკისრა. ტელეკომპანიის თანამშრომლები „თანამგზავრზე“ განხორციელებულ ამ ზეწოლებს პირდაპირ უკავშირებდნენ თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გოჩა მამაცაშვილს, რომელიც სრულ იგნორირებას უწევს „თანამგზავრის” შეკითხვებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში თელავის ტელევიზიის ყოფილი კორესპონდენტი რომან ქევხიშვილი აცხადებს, რომ ის „თანამგზავრიდან” ადგილობრივი ხელისუფლების თავკაცის, გოჩა მამაცაშვილის ზეწოლისა და მოთხოვნის გამო გაათავისუფლეს. „მიუხედავად იმისა, რომ თელავის ტელეკომპანიაში აღარ ვმუშაობ, თელავის ხელისუფლება მაინც მდევნის. ჩემს წინააღმდეგ თელავის პოლიციამ, გამგეობის წერილის საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამგეობის შენობაში ინფორმაციის მისაღებად მისულს, საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა ნოდარ ფარადაშვილმა ხელი მკრა და კიბეებზე დამაგორა, რაზედაც განცხადებით პოლიციასაც მივმართე და პროკურატურასაც, მაგრამ ამ საქმით არავინ დაინტერესებულა”- აღნიშნავს რომან ქევხიშვილი. 

2006 წლის 15 ივნისს, სიღნაღში, ნაციონალებმა იოსებ ნანობაშვილმა, ჯემალ დემეტრაშვილმა და სხვებმა, პარლამენტის წევრის ნუგზარ აბულაშვილის დავალებითა და სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის პედაგოგების დახმარებით, თეატრალიზებული აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები დაარბიეს. ტელეკომპანიების „იმედის”, „მზის”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის”, „გურჯაანის”, „თანამგზავრისა“ და სხვადასხვა გაზეთების კორესპონდენტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაუმტვრიეს ტექნიკა. ჟურნალისტებმა რომან ქევხიშვილმა, ზვიად რუაძემ და გელა ჯალიაშვილმა სხეულის დაზიანება მიიღეს. ინციდენტის ადგილზე სიღნაღის რაიონული პოლიციისა და შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც დამრბევებმა განზრახვა სისრულეში მოიყვანეს. უმოქმედოდ იყვნენ ადგილზე მყოფი პოლიციელებიც. მეტიც, ისინი მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტების დარბევაში. გარდა იმისა, რომ გამოძიებამ უგულებელყო დაზარალებულების საჩივრები და შუამდგომლობები, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დაკავებულები, გირაოს გადახდის სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ჟურნალისტების დარბევასთან დაკავშირებით კომენტარი მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა და დამნაშავეთა მკაცრად დასჯა მოითხოვა, თუმცა ისინი დღემდე გარეთ არიან და ჟურნალისტების ტერორს განაგრძობენ. გამოძიების დასრულებიდან 7 თვე გავიდა, მოსამართლე კიკილაშვილი კი საქმის განხილვას რატომღაც არ ჩქარობს და დაზარალებულებს არც საქმის მასალებს აცნობს.

2006 წლის 8 ივლისს ლაგოდეხის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ გია ლომიძემ, კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის” კორესპონდენტს მარინა გოგოლაძეს, რომელიც ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს შენობის ეზოში მოწმეების კომენატრებს იწერდა, ხელჩანთაში მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის ვარგისი ტყვია ჩაუდო. ჟურნალისტმა მომხდართან დაკავშირებით განცხადებით ლაგოდეხის პოლიციას მიმართა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც მოგვიანებით ჯერ გურჯაანის, ხოლო შემდეგ კახეთის საოლქო პროკურატურამ გაითხოვა. გოგოლაძე დაზარალებულად მხოლოდ მას შემდეგ სცნეს, რაც ეს უკანასკნელი კახეთის საოლქო პროკურატურის შენობის წინ პროტესტის გამოხატვით დაიმუქრა. ჟურნალისტის თქმით, გამოძიების გაჭიანურების გამო პოლიციელი ლომიძე და სხვები, მას პროკურატურიდან განცხადების გამოტანას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა გურჯაანის პროკურატურას მიმართა, თუმცა მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.

ასევე რეაგირების გარეშეა დარჩენილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე 2005 წელს განხორციელებული თავდასხმის ფაქტები. სამართალდამცავებს თავი არც მის საცხოვრებელ სახლში ორჯერ ხელყუმბარის ამფეთქებელთა ვინაობის დადგენით შეუწუხებიათ და „ტერორისტობაში“ თავად დაზარალებული ჟურნალისტი დაადანაშაულეს - „გაპოპულარების მიზნით”. მთივლიშვილმა  აფეთქებების ორგანიზატორების ვინაობა თავად დაადგინა, თუმცა ჩვენება ჯერაც არ მიუცია, რადგან არაერთი წერილობითი და ზეპირი მოთხოვნისა, მისთვის დღემდე უცნობი რჩება, ვინ იძიებს მომხდარზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს. რამდენიმე დღის წინ კი მას შს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილემ საგამოძიებო დარგში გოჩა თედიაშვილმა ურჩია, შეშვებოდა აღნიშნულ საქმეებს, რათა მის სიცოცხლეს კვლავ საფრთხე არ დაჰმუქრებოდა.

კახეთში კარგად აპრობირებულ თავდასხმას ვერც რადიო „ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე გადაურჩა. წინასაარჩევნოდ, ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების შესახებ მომზადებული სიუჟეტის ეთერში გაშვების შემდეგ, მას დაურეკეს და დაემუქრნენ: „ყოფილი პარლამენტარი დავით კაპანაძე ჯერ ფიზიკური ლიკვიდაციით და სამაუწყებლო კომპანიის გაუქმებით დამემუქრა. 2006 წლის 9 ოქტომბერს კი ქუჩაში თავს დამესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. მომხდარის გამო ლაგოდეხის პოლიციაში განცხადება შევიტანე, რომელმაც კანცელარიაში რეგისტრაცია გაიარა” - აცხადებს რამაზ სამხარაძე.

ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გურჯაანის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო, თუმცა, მალევე შეწყვიტა. როგორც რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ქოქიაშვილი განმარტავს, „წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კაპანაძის ქმედება არ გადაზრდილა ხულიგნობაში და არ დარღვეულა საზოგადოებრივი წესრიგი”. ამავე დროს, პროკურორი დასკვნაში წერს, რომ საქმე განიხილა და ვინაიდან არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი, წინასწარი გამოძიება შეწყდა.

„კაპანაძის ქმედებას პროკურორმა ქოქიაშვილმა არასწორი კვალიფიკაცია შეგნებულად მიანიჭა, რათა საქმე შეეწყვიტათ. პროკურატურის დადგენილებას ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში ვასაჩივრებ, თუმცა საქმის მოგების იმედი ნაკლებად მაქვს“- ამბობს რადიო „ჰერეთის” დირექტორი.

რეგიონის ყოფილი გუბერნატორისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ახლანდელი რწმუნებული გია ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს არ დაუშვებს და ადგილობრივი ხელისუფლება მათთან ითანამშრომლებს, თუმცა ჟურნალისტთა უფლებების უხეში დარღვევა მისი გუბერნატორობისას უკვე დაფიქსირდა. 8 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხდომიდან კორესპონდენტები ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოყარეს, რაზედაც ნაცვლიშვილმა კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვა.

იურისტი ლია ხუროშვილი, ბოლო დროს კახეთის რეგიონში ჟურნალსტთა უფლებების უხეშად დარღვევის, მათზე განხორციელებული მუქარებისა და პროფესიული მოვალეობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გახშირებას, ამ ფაქტების მიმართ ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულებით, სამართალდამცავების უყურადღებობითა და დამნაშავეთა დაუსჯელობით ხსნის. `ვფიქრობ, თუ ხელისუფლებამ მომავალში მედიასთან დიალოგის გზების გამონახვა ვერ შესძლო, ჟურნალისტებსა და ჩინოვნიკებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდება,” - აღნიშნავს იგი.

        გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები