კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესას შეღავათებს უუქმებენ

29 დეკემბერი, 2006

presa.gifსაქართველოში გამომავალი მედია საშუალებები დღემდე გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ.  2007 წლიდან კი მათ აღნიშნულ შეღავათებს უუქმებენ.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ბევრმა მათგანმა არსებობა ვერ შეწყვიტოს.

მედია-ორგანიზაციები აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოხატავენ და დახმარებას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვენ. გაზეთების რედაქტორები მას ერთხელ უკვე შეხვდნენ და კონკრეტული დაპირებებიც მიიღეს. შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, უმრავლესობის წარმომადგენელი გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი და ირინა ქურდაძეც ესწრებოდნენ.
 
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბეჭვდით მედიას გარკვეული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდება, მაგრამ კონკრეტულად რომელი,  ეს  კონსულტაციების შედეგად გახდება ცნობილი. მისივე  აზრით, პრესას ხელშემწყობი რეჟიმი უნდა ჰქონდეს და გარდა ამისა, ითხოვს, პრესამ არსებული საგადასახადო შეღავათების  დამაჯერებელი არგუმენტები წარმოადგინოს.

ბურჯანაძისგან განსხვავებით, საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მაია ნადირაძე ეწინააღმდეგება. მისი პოზიციით, პრესის გამოცემა ბიზნესია და ამიტომ,  მეწარმეებისთვის სასათბურე პირობების დაწესება არ შეიძლება: „პირიქით, უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ძლიერი გადარჩება“ - ასეთია ნადირაძის
პოზიცია.

პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესა და ბეჭდვითი მედიის გამომცემლებს შორის, 26 დეკემბერს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პრესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელების საკითხზე შეხვედრა, უშედეგოდ დასრულდა.
 
შეხვედრა, რომელსაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ წევრებიც ესრებოდნენ,  ბურჯანაძის ინიციატივით გვიან საღამოს  შედგა. პრესისათვის  საგადასახადო შეღავათების გაგრძელების საკითხი პარლამენტში ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციამ“  წამოჭრა. 

შეხვედრის შემდეგ გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ  შეთანხმება ვერ მოხერხდა და  ბევრი რამ კვლავ გაურკვეველი დარჩა“.

მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ხელმძღვანელის მალხაზ გულაშვილის განცხადებით კი  პრესამ პარლამენტში ვერც ერთ პრობლემურ კითხვაზე ვერ მიიღო პასუხი. მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ პარლამენტარები პრესისათვის შეღავათების გაგრძელებაზე „იფიქრებენ“  .

თავის მხრივ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ წევრის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ბოკერიას განცხადებით, მან პრესის წარმომადგენლებისაგან  ვერ მოისმინა დასაბუთებული არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გადაიხადონ გამომცემლებმა მოგებისა და ქონების გადასახადი.

ბოკერიას მიაჩნია, რომ  პრესაში მართლაც შეინიშნება ღრმა კრიზისი, თუმცა, ეს კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის კრიზისია.

თუ პრესას შეღავათები არ  გაუგრძელდა, გამომცემლები იძულებულები გახდებიან, გაზეთებზე ფასი გაზარდონ ან, სულაც დაიხურონ.    

შეღავათების გაგრძელების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამაც მიმართა. „2007 წლის 1 იანვრიდან პრესისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათების ვადა იწურება. 2004 წელს, დამოუკიდებელი მედიისთვის ეკონომიკური თავისუფლების მინიჭებით საქართველოს ხელისუფლებამ სურვილი გამოხატა შეერთებოდა იმ ქვეყნების რიგს, სადაც სიტყვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მაგრამ სამი წელიწადი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ბეჭდვითი მედია მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბებულიყო და დღეს კვლავ აქტუალურია პრესისთვის, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების  უმიშვნელოვანესი ინსტრუმენტისთვის, განსაკუთრებული ეკონომიკური პირობების შექმნა.

შეღავათიან რეჟიმში დაბეგვრა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს რეგიონული  პრესისთვის. დროა, ადგილობრივი მედიის განვითარებაზე ზრუნვა, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ იტვირთოს. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან მედიის სუბსიდირების მრავალგვარი ფორმაა მიღებული, თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ ამგვარი პერსპექტივა საქართველოს განვითარების შემდგომი ეტაპისთვისაა რეალიზებადი.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, რომელიც 60-ზე მეტ რეგიონულ გამოცემას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ რეგიონული ბეჭდური მედიისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღება, იქნება არა მხოლოდ ცალკეული გამოცემების, ზოგადად დამოუკიდებელი მედიის განვითარების მხარდაჭერა, არამედ, ზემოთ ჩამოთვლილი პროცესებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა და დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობის დადასტურება“ - ნათქვამია მიმართვაში.

საგადასახადო კოდექსით, 2005 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო საქმით დაკავებული ორგანიზაციები გათავისუფლებულნი არიან რამდენიმე სახის გადასახადისაგან. ესენია: დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-ით, მოგების გადასახადის 20%-ით, ქონების გადასახადის 1%-ით. გამომცემლები მხოლოდ სოციალური გადასახადის 20%-ს და საშემოსავლო გადასახადის 12%-ს იხდიდნენ.  

გამომცემლებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტთან შეღავათების თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ.  მართალია, საპარლამენტო ოპოზიცია მათ მოთხოვნას მხარს უჭერს, თუმცა მათი ხმები არაფერს წყვეტს.

ეკა გულუა, თბილისი

ახალი ამბები