კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხე, ციხესთან, ციხეში… (ნაწილი I)

8 იანვარი, 2007

cixe_n0.gifთბილისი, ორთაჭალა, გორგასლის ქუჩა 83, ეს ის ადგილია, სადაც გამუდმებული ხალხმრავლობაა. ჩანთებით დატვირთული, მოღუშული ადამიანები რაღაცას ელიან. კარგად თუ დააკვირდებით, ზოგიერთის სახეზე ცრემლსაც შეამჩნევ. იქვე ავტობუსის გაჩერებაა, ზოგმა შეიძლება ისიც იფიქროს, ხალხი ტრანსპორტს ელოდებაო, მაგრამ... ტრანსპორტი აივლის - ჩაივლის, ხალხი კი თურმე უბრალოდ რიგში დგას...

ისინი პერიოდულად საათს კითხულობენ, ერთი მიმართულებით იცქირებიან და უკვე მეასედ  კითხულობენ: „აუ... კიდევ არ გააღეს?.. ეს ადამიანები პატიმრების ახლობლები არიან. აღნიშნულ მისამართზე კი თბილისის მე-5 საპყრობილე მდებარეობს. რაც შეეხება რიგს კი, ეს ის რიგია, საიდანაც ისინი პატიმრებთან საჭმელებსა თუ სხვა საჭირო ინვენტარს, ე.წ. „პერედაჩებს“ აგზავნიან.

4 იანვარი, 15.00 საათი. საპყრობილესთან, რა თქმა უნდა, ხალხმრავლობაა. ისინი იმ რკინის მოაჯირებში არიან მოქცეულნი, საიდანაც ყავისფრად შეღებილ რკინის კარში შედიან.

„ამანათების მიღება არის 17 საათამდე, კვირა დღეს ამანათი მიიღება მხოლოდ სამეურნეო ნაწილის  მსჯავრდებულებზე“ (სტილი დაცულია) - ეს წარწერა, ყავისფერ კარებს ოდნავ ეტყობა. გისოსებში მოქცეული პატიმართა ახლობლები ხან ამ კარებს მისჩერებიან და ხან კი ლოდინისგან დაღლილები უბრალოდ გამვლელებს ათვალიერებენ.

ნებისმიერ ახალმოსულს, რომელიც რიგს მიუახლოვდება, თავიდან-ფეხებამდე აათვალიერებენ - ჩაათვალიერებენ და ერთმანეთს ეკითხებიან ეს რომელ პატიმართან არისო. „აბა რა ვიცი, პირველადა ვხედავ. ალბათ ვინმე ახალი პატიმრის ახლობელია“ - კითხვას ერთ-ერთი ხანშიშესული ქალბატონი კახური აქცენტით პასუხობს. დანარჩენებიც მხრებს იჩეჩავენ.

- ქალბატონო, მე ჟურნალისტი ვარ და რეპორტაჟს ვაკეთებ.
- საიდან ხართ? ამათ არც ჟურნალისტის მორიდება აქვთ და არც ტელევიზიის.

როგორც კი გაიგეს, ვინ ვიყავი, ყველანი ერთ ხმაზე ალაპარაკდნენ და პრობლემების ჩამოთვლა დაიწყეს. ხმაურში ერთ ხანშიშესულ ქალბატონს გამოეღვიძა, რომელიც როგორც ჩანს, ისე დაიღალა, რომ ჩაიცუცქა და ჩათვლიმა: „ხომ არ გაიღო?“ - იკითხა გაოგნებულმა და ისევ ძილი განაგრძო.

„მიუკაკუნეთ რა, რისი გეშინით, წინ დგახართ. თუ არა და გადამატარეთ და მე მივუკაკუნებ, ეს რა უბედურებაა, დილის 11 საათიდან ვდგავარ და კიდევ ვერ შევედი. კანონს თავად არღვევენ და სხვას სთხოვენ პასუხს ეს მოსასპობები“ - ილანძღება დაახლოებით 50 წლის სიმპათიური ქალბატონი, რომელსაც ნერვიულობისგან, დაღლილობისგან და შიმშილისაგან ტუჩებიდან პომადა „შემოეჭამა“ და ხელახლა იღებება.

ყავისფერ კარებზე ბრახა-ბრუხი ატყდა...

15.25 საათი გახდა, კარი ისევ ჩაკეტილია. ზოგი მზესუმზირით იქცევს თავს, ზოგი სიგარეტს სიგარეტზე ეწევა, ზოგი ხტუნაობს, ერთი მარტივი მიზეზის გამო - რომ არ გაიყინოს.

cixe_n1.gif

„ამათთვის არც კანონი არსებობს და არც წესრიგი... უზნეოები. გაწყდნენ ერთ დღეს, ვინც ჩვენ ასე გვაწამებს“ - მოსთქვამს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც სხვებიც უერთდებიან.

ამასობაში მამაკაცი მომიახლოვდა: „რჩევა მინდა მოგცეთ. აქ რასაც ხედავთ, არაფერია. ძალიან გთხოვთ, მანამდე დაიცადეთ, სანამ კარები გაიღება. საშინელებას სწორედ მაშინ ნახავთ. ხალხი ერთმანეთზე გადადის. არანაირი რიგი არ არსებობს და შეიძლება დაზიანდე კიდეც. ძირითადად ის იმარჯვებს, ვისაც ძალა აქვს.“

-დაუბრახუნეთ, დაუბრახუნეთ...

- ხალხი პირველ საათზე შეუშვეს. კარები 3-ზე ისევ უნდა გახსნილიყო, მაგრამ ხედავთ, რომ არ აღებენ - ამბობს ის ქალბატონი, რომელიც პერიოდულად სთვლემს.

„დილის 6 საათიდან აქ ვდგავარ. ჯერ ვერ შევედი...“ - ამბობს მეორე.

„წესრიგს თავად არღვევენ, პასუხი არ უნდა აგონ? 12 საათიდან აქ ვარ. ყოველ მოსვლაზე ასეა, უფრო უარესებიც კი ხდება. თავიანთ ხალხს უპრობლემოდ უშვებენ, ფულს უხდიან თუ რა ხდება ეგ არ ვიცი, მაგრამ ნახავთ, კარები რომ გაიღება, ურიგოდ რამდენი შევა. ნაცნობები სულ ურიგოდ მიდიან და ჩვენ ცოდვები არ ვართ კაცო?“ - ახმაურდნენ დანარჩენები.

„მთელი 6 თვეა ასე ვწვალობ. თვეში 4-5 ჯერ მიწევს მოსვლა. ის არ კმარა, პატიმრების პატრონები რომ ვართ, დამატებით ასე რომ არ გვაწვალებდნენ? ზამთარია და ახლა პროდუქტები არ ფუჭდება, მაგრამ ზაფხულში უნდა ნახოთ რა ხდება. ხალხი ამჟავებულ საჭმელებს აქვე ნაგავში ყრის. მინდა ჩემს შვილს თბილი საჭმელი მივაწოდო, არადა, არანაირად არ გამომდის. 12 საათი რომ რიგში ვიდგები, საჭმელიც გაიყინება აბა რა მოუვა...“

- გავიყინეთ, შიგნით მაინც შეგვიშვან, იმ ჭუჭყიან სკამებზე მაინც ჩამოვჯდებით.

- აბა, ცხელი თონის პური ვის გინდათ? - ჩამოიარა რიგის მომლოდინე ერთ-ერთმა ახლგაზრდამ. მას თვალი ბევრმა გააყოლა. ზოგმა ხელი გაუწოდა, ზოგს კი ეტყობოდა, შიოდა, თუმცა, მოერიდა.

- მოიტეხეთ დეიდა, დილიდან აქ ხართ, ნუ გერიდებათ, კიდევ ვიყიდი,  ვიცი, რომ ყველას გვშია.

აცრემლებულ ქალბატონს ერიდება. ახალგაზრდამ თავად მოუტეხა შოთი და მიაწოდა.

- გაიხარე, ღმერთმა გარიდოს ციხესთან საქმის დაჭერა - მორიდებით უთხრა ხანშიშესულმა ქალბატონმა და თვალები აუცრემლიანდა.

15. 35 საათი გახდა. კარი ისევ ჩარაზულია.

- ქალბატონო, იცით ეს კარები რომელ საათზე უნდა გაიღოს? - ვეკითხები შუა რიგში მდგარ, კოხტად ჩაცმულ და გამოპრანჭულ, დაახლოებით 40 წლის ქალბატონს, რომლის სუნამოს სურნელიც დანარჩენების ყურადღებას იქცევს.

- კარები წესით დღეში რამდენჯერმე უნდა გაიღოს -  9-ზე, 12-ზე, 3-ზე  და 5-ზე, მაგრამ არ აღებენ. კარგად ხედავთ, რა დღეშიც ვართ. პატიმრებს საზოგადოებისგან იზოლაციაა აქვთ მისჯილი და არა არაადამიანული პირობები, შიმშილი, სიბინძურე და ავადმყოფობა. 70% უკვე ტუბერკულიოზით არის დაავადებული.

- შვილო, იცით ახალ წელს რა გამიკეთეს? 31 დეკემბერს მოვედი, მაგრამ ვერაფრით შევედი. აქვე ცეცხლი დავანთეთ და მთელი ღამე გავათენეთ. მეორე დღეს, 1-ში, დილის 8 საათზე შეგვიშვეს. აი, ეგ არის ამათი კანონი და სამართლიანობა.

-“მეც მათქმევინეთ რა“ - წამოიძახა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ჩაცმულობაზე ეტყობოდა, რომ ძალიან უჭირდა. თხელი, საზაფხულო  ფეხსაცმელი ეცვა, მარჯვენა გვერდი გახეული ჰქონდა და წინდა უჩანდა. ფეხებს აბაკუნებდა, სციოდა.

- ჩემი შვილი 6 ადგილიან კამერაშია. არადა იქ 40 ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. რიგრიგობით, მხლოდ 2 საათი სძინავთ. საჭმელს რომ თავი დავანებოთ, თეთრეული მაინც მისცენ. თუ საჭმელს არ მივუტანთ, მშივრები არიან, თუ თეთრეულს არ გამოვუცვლით, ჭუჭყიანები ყრიან. ერთი განახათ, როგორი „შავეული“ მიმაქვს სახლში. ერთ საწოლში, დღე-ღამის განმავლობაში 6-7 პატიმარს სძინავს, აბა წარმოიდგინე, რა „სისუფთავეში“ ამყოფებენ პატიმრებს.

-მგონი აღებენ, რაღაც ხმაურია შიგნით -  იძახის წინა რიგში მდგომი ახალგაზრდა.

ყველანი მოემზადნენ და თავიანთ ჩანთებს დაავლეს ხელი, მაგრამ კარები არ გაიღო. სალანძღავი სიტყვები კიდევ ერთხელ გაისმა. ჩანთები და  ცელოფნის პარკები ისევ ასფალტზე დაუშვეს.

რიგში ყველა ასაკის ადამიანები დგანან. ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭები და გოგონები, შუა ხნის ქალბატონები და ბატონები და შედარებით ასაკოვნებიც. საკუთარ პატიმარზე საუბარი კი არავის სურს, რადგან ეშინიათ, რომ ამისთვის მათ პატიმარს დასჯიან.

15.55 საათი გახდა, კარი იღება. ატყდა ერთი ამბავი. ზოგი რიგით შედის, ზოგიც ურიგოდ. ურიგოები გისოსების დაბლიდან ძვრებიან. მათ ყველა ხედავს, თუმცა კამათს და შეპასუხებას აზრი არა აქვს, რადგან მაინც არავინ მოგისმენს.

- თქვენც შემოდით, რას უყურებთ, შიგნით გადაიღეთ, შიგნით - იძახის ერთ-ერთი მამაკაცი. 

ყავისფერი რკინის კარს იქით ე.წ. „ფოიეში“  შედიხარ, რომელსაც არცერთი ფანჯარა არა აქვს და შუშის ნაცვლად მხოლოდ ჩარჩოებია დარჩენილი. სიბინძურის მყრალი სუნი დგას, სიბნელეა, ნათურები აქა-იქ ბჟუტავს და თუ თვალები კარგად არ გაახილე, შეიძლება წაიქცე კიდეც.

როგორც კი კარებში შეხვალ, კიბის რამდენიმე საფეხურს აივლი და მარცხნივ მოუხვევ, მეორე ცოცხალი რიგი იწყება. ეგრეთწოდებული „ფოიე“ ის მოსაცდელი ადგილია, სადაც წესით პატიმართა ახლობლები უნდა ისხდნენ და ამანათების ჩაბარებას ელოდნენ. როგორც ჩანს, იქ ერთ დროს, როგორც იტყვიან, კომუნისტების ეპოქაში, სკამებიც იყო და მაგიდებიც. ამჟამად კი სკამების ნაცვლად მომწვანო ფერის, ჭუჭყისგან გაშავებული ფიცრებია შემორჩენილი, ჭუჭყიანი ქვის მაგიდები კი მყარად დგას.

რიგი აქაც გაიწელა...

(ნაწილი II)  http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=545

          ეკა გულუა

ახალი ამბები