კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხე, ციხესთან, ციხეში... (ნაწილი II)

9 იანვარი, 2007

cixe_n1.gif- რა სუნია, ეს სკამები მაიც გააკეთონ, რომ ჩამოვჯდეთ. 12 საათია რაც ფეხზე ვდგავარ, აღარ შემიძლია, - მოსთქვამს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც 2 მოზრდილი ცელოფნის პარკი უჭირავს.

რიგის დასაწყისში მავთულხლართია გაბმული. ვინც მას გაივლის, კიდევ ერთხელ მოუწევს რიგში ჩადგომა. ანუ მესამე რიგის შემდეგ ამანათს აბარებს და პასუხს ელოდება. მავთულხლართებთან ფორმიანები დგანან, რომლებიც რატომღაც გულიანად ხარხარებენ.

- ცუდად არის, წყალი ხომ არავის გაქვთ - ატყდა ხმაური.
- სკამზე დასვით, სკამზე.
- აი, „ნაბეღლავი“ შეასხით.

ქალბატონი სკამის მსგავს ფიცრულზე წამოაწვინეს, თუმცა ჩატყდა და ძირს დავარდა.

- გადაიღეთ? - კითხულობს აცრემლებული მამაკაცი.

რამდენიმე სურათის გადაღების შემდეგ, ბადრაგმა ფოტოაპარატი შეამჩნია და მეორე ბადრაგს რაღაც წაუჩურჩულა. დაახლოებით 2 წუთში ფორმიანებიც მომიახლოვდნენ:

- ეი, რატომ იღებ?
- ჟურნალისტი ვარ და რეპორტაჟს ვაკეთებ.
- რეპორტაჟი რაღა არის? სასაწრაფოდ დატოვე აქაურობა, გადაღება რომ არ შეიძლება არ იცი?
- არ ვიცი. აბა სად არის გამოკრული, რომ გადაღება არ შეიძლება?
- მაგას გამოკვრა არ სჭირდება.
- რომელი კანონმდებლობით მიკრძალავ გადაღებას?
- მაგას კანონი არ სჭირდება. ასეა ეს.
- ნიშანი რატომ არ რის, რომ გადაღება არ შეიძლება?
- ეგ ადმინისტრაციასთანაა გამოკრული.

ხალხი ახმაურდა. ამანათები გადაავიწყდათ და ყველას ყურადღება კამათისკენ შეჩერდა. „რა გინდა ბიჭო, თავის საქმეს აკეთებს“...  „გაუშვით გადაიღოს და ყველამ ნახოს რაც ხდება“... გაისმა  ხალხის ხმა.
 
კიდევ რამდენიმე ფორმიანი "დაგვესხა თავს", რის შემდეგაც იძულებულნი გავხდით, იქაურობა დაგვეტოვებინა. გამოსვლისას, რიგის ბოლოში მგდარი მამაკაცი გამომელაპარაკა: „დამელოდე, რომ გამოვალ, რაღაცეებს მოგიყვები“.

ლოდინი დიდხანს მოგვიწია...cixe_n3.gif

ის ერთ-ერთი პატიმრის მამა აღმოჩნდა. ინტერვიუ კი იქვე, ქუჩაში ჩავწერეთ. ეშინოდა, ბადრაგს არ შეემჩნია და თვალებს აქით-იქით აცეცებდა.

რესპონდენტი: "ჩვეულებრივ, სიაში 2 დღით ადრე უნდა ჩაეწერო. სიას ისევ რიგში მდგომი ხალხი ადგენს, რომლებიც ამანათებს ხშირად აგზავნიან. დილის 7 საათზე უნდა მოხვიდე, რომ სიის ათულში მოხვდე. იმ დღეს, როცა სიაში ჩაეწერები, ნამდვილად იცი, დაახლოებით როდის მოგიწევს შესვლა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დილის 7 საათზე ხომ ჩაეწერები, იმავე დღის 12.00 საათზე სიის გადამოწმება ხდება. თუ ამ დროს ადგილზე არ იქნები, სიიდან ამოვარდები ან ბოლოში გადაინაცვლებ. კარი 10.00-ზე იღება. პირველ დღეს დილის 7 საათზე სიაში ხომ ჩაეწერები, 12.00-ზე რეგისტრაციას ხელახლა გაივლი, მეორე დღის 7.00-ზე კი უკვე ცოცხალი რიგი იწყება. ამ დროს ისეთი ხალხიც მოდის, რომელიც სიაში არ წერია და რიგში დგება. მათ 2 დღის წინ შედგენილი სია არ აინტერესებთ. იწყება ჩხუბი და ერთი ამბავი. ზოგი სოფლიდანაა ჩამოსული, ღამის გასათევი არა აქვს და ყველანაირად ცდილობს, შევიდეს. დღეში დაახლოებით 300 ადამიანს უშვებენ.
 
რაც შეეხება შიგნით არსებულ რიგებს, შიგნით კიდევ 2 დარბაზი უნდა  გაიარო იმისათვის, რომ ამანათების გადასაცემ ფანჯრამდე მიაღწიო. სულ 6 ფანჯარა და 6 მაგიდაა. პირველ დარბაზს რომ გაივლი, მეორე დარბაზში უამრავი ხალხი გხვდება. იქაც დიდი რიგია. თუ პირველ დარბაზში 10.00-ზე შეხვალ, მეორეში დაახლოებით 15.00-ზე მოხვდები. პირველ დარბაზში არ გამოწმებენ. პირველიდან მეორე დარბაზში ბადრაგი გიშვებს. აქ უკვე ანკეტა უნდა შეავსო - ვისთან მიდიხარ და რას უგზავნი. ყველაფერი დაწვრილებით უნდა ჩაწერო. ჩანთიდან ყველაფერს მაგიდაზე ალაგებ და ბადრაგი სათითაოდ იწყებს მის შემოწმებას. წინაწარ არ იცი, რას შეგატანინებენ და რას არა. არ შეგზავნის მიზეზს ყველაფრეში პოულობენ. 15 კილოზე მძიმე ამანათის შეტანის უფლება არ გვაქვს.

cixe_n2.gifმაგალითად, წინა მოსვლაზე ალესილი ლობიო არ შემატენინეს. ყველა პროდუქტი პლასტმასის ქილებით უნდა შეიტანო. არ შეიძლება შაქარი, ბურღულეული, პური, ხაჭაპური, წვენები. წინა მოსვლაზე წყლის გამაცხელებელი, ონკანი და მაგიდის „კლიონკები“ შევიტანე. ჩემმა შვილმა მთხოვა. „კლიონკებს“ ფანჯარაზე აკრავენ, ძალიან ცივა.

ჩემს შვილს მესამე სმენაში უწევს ძილი. თეთრეული თვეში ორჯერ მომაქვს. ძალიან ცივა, მაგრამ, ამჯერად თბილი ქურთუკი არ შემატანინეს. „პერედაჩები“ თვეში ერთხელ მომაქვს და ერთი შესვლა დაახლოებით 200 ლარი მიჯდება. ყოველ მოსვლაზე მწვანილებს ვყიდულობ, რადგან ვიტამინებს საერთოდ არ ღებულობენ. ამჯერად შევაგზავნე 2 თავი ყველი, ხილი, მწვანილები, კალბასი 2 კილო და სიგარეტი 2 ბლოკი.

წამლები თუ შეგაქვს ეს მეორე საშინელება. რიგი ცალკე უნდა დაიკავო. წამალს ექიმს ვაბარებ და მას შეაქვს. როცა ყველაფერს ჩააბარებ, ბადრაგს დაახლოებით 20 წუთი უნდა ელოდო, რომ უკან წერილი და სარეცხი მოგაწოდოს"...

(ნაწილი III) http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=547

ეკა გულუა

ახალი ამბები