კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხე, ციხესთან, ციხეში (ნაწილი III)

10 იანვარი, 2007

cixe_n1.gifიმის გასარკვევად, თუ რატომ არსებობს მსგავსი პრობლემები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინსტრაციას დავუკავშირდით. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, არსებულ ვითარებაზე კომენტარი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაშვილმა მოგვცა. გთავაზობთ მის კომენტარს (სტილი დაცულია).

ჟურნალისტი: იქნებ გრაფიკის თაობაზე ვისაუბროთ, ამანათების გადასაცემად კარები რომელ საათებში უნდა გაიღოს?
სალომე მახარაშვილი: შაბათის გარდა მიღება 10-დან 17.00 საათამდე ყოველ  დღე არის. შესაბამისად, 10-დან 5 საათამდე კარები სულ ღიაა.
ჟურნალისტი: მეხუთე საპყრობილესთან  რეპორტაჟის გასაკეთებლად გუშინ ვიყავი და კარი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. დაახლოებით 4-ისთვის გაიხსნა.
ს.მ. არა. რამდენადაც ვიცი, სულ ღია უნდა იყოს, მაგრამ კარის გაღებისა და დახურვის განრიგი ხალხის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. გაივლის გარკვეული ნაწილი, ალბათ იკეტება და შემდეგ მეორე ნაწილი შედის.
ჟურნალისტი: ვინ განსაზღვრავს იმას თუ რომელ საათზე უნდა გაიღოს და დაიკეტოს კარი?
ს.მ. არა. ვერ გამიგეთ. შიგნით ბევრი ხალხი რომ დაგროვდება ყველას ერთად ხომ ვერ მიიღებენ. ალბათ გარკვეული დროით აჩერებენ. მე არ გამიგია, რომ დღის განმავლობაში კარი იკეტება. იქვე გვერდით ვმუშაობ და მთელი დღის განმავლობაში ვხედავ, რომ რიგი დგას და ხალხი შედის.
ჟურნალისტი: გუშინ საკუთარი თვალით ვნახე.
ს.მ. კარი დაიხურა?
ჟურნალისტი: რა თქმა უნდა.
ს.მ. რომელი კარი დაიხურა? სულ გარეთ ხომ? ალბათ შიგნით  დარბაზი რომ ივსება მერე იკეტება. სხვა შემთხვევაში იქ უბრალოდ ჭყლეტვაა.
მეორე საკითხიც მაინტერესებს. დარბაზში არსებული ანტისანიტარია და სიბინძურე. რატომ არის ასეთი სიტუაცია?
ს.მ. ქალაქში რატომაა ასეთი სიტუაცია? მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ურნა დგას ხალხი ნაგავს მაინც გარეთ ყრის.
ჟურნალისტი: ნაგავს არ ვგულისხმობ, სიბინძურეა, არც ფანჯრებია, არც სკამები, აუტანელი სუნი და არაადამიანური პირობებია...
ს.მ. როგორც ქუჩაში ხდება ისეა იქაც. სამწუხაროდ, ქართველები ვართ და იმიტომ. რაც შეეხება მე-5 საპყრობილის გარემონტებას, მომავალ წელს ახალი ციხე გვექნება და იქ გადავდივართ. სამწუხაროდ, არც მომსვლელები იქცევიან ისე, როგორც უნდა მოიქცნენ. დგას ურნა და ნაგავს მაინც გვერდით ყრიან.

არსებულ საკითხზე სასაუბროდ სახალხო დამცველის აპარატსაც დავუკავშირდით. დამცველის თითქმის ყველა ანგარიშში აღნიშნული პრობლემა მწვავედ არის შეფასებული, თუმცა შედეგი მაინც არ არის. როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ გიგა გიორგაძემ გვითხრა, იგივე პრობლემა არსებობს თბილისის მე-7, რუსთავის მე-6 და ზუგდიდის საპყრობილეებშიც.

გიგა გიორგაძე: „ეს ის ადგილებია, სადაც რიგების პრობლემა მწვავედ დგას. ამასთან დაკავშირებით მოქალაქეები საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ. მათ რიგში დგომა დილიდან საღამომდე უწევთ და ეს რიგებიც არაორგანიზებულია. ხშირად სიები ირევა და მოკლედ, დიდი აურზაური და საშინელება ხდება. ამ საკითხს დარეგულირება სჭირდება და ეს ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს. თუ მაგალითად დღეში მხოლო 100 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი, ეს წესები მკაცრად უნდა განსაზღვრონ. რაიონიდან ჩამოსული ადამიანები ხშირად ამანათებს ვერ აბარებენ, თბილისში ღამის გასათევი არა აქვთ, უწევთ ისევ რიაონში წასვლა, ჩანთების წაღება და მეორე დღეს უკან დაბრუნება.

რუსთავის მეექვსე საპყრობილედან რამდენჯერმე უშუალოდ დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს. ეს ადამიანები ქუთაისიდან, ბათუმიდან, სურამიდან თუ სხვა რაიონებიდან იყვნენ. დასარჩენი ადგილი არ ჰქონდათ და ხშირ შემთხვევაში უკან დაბრუნება უწევდათ. სამწუხაროდ, აღნიშნულ პრობლემას ყურადღება საერთოდ არ ექცევა.

მეხუთე საპყრობილეში, ორი სარკმლის დამატების საშუალება იყო, რაც რიგებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ეს წინადადება ადმინისტრაციას შევთავაზეთ, თუმცა, არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება სიბინძურეს, ბუნებრივია, რომ იქ არადამიანური პირობებია. ყველამ იცის, როს მე-5 საპყრობილის შენობის  ფუნქციონირება საერთოდ არ შეიძლება. იქ პატიმრები არაადამიანურ  პირობებში იმყოფებიან. ეს ჩვენს ანგარიშშიც აისახა და საპარლამენტო მოხსენებაშიც. რეკომენდაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტსაც გავუგზავნეთ. ამ ინფორმაციას საერთაშორისო და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ვაწვდით, ვისთვისაც ადამიანის უფლებები საინტერესოა. სამწუხაროდ, შედეგი არ არის.“

კანონი „პატიმრობის შესახებ" ნათლად განსაზღვრავს რის უფლება აქვს პატიმარსა და შესაბამისად მის ახლობელს.

კანონის 33-ე მუხლი მსჯავრდებულის ცხოვრების პირობებს ეხება. მის მიხედვით: 1. „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი სადგომი უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო-ტექნიკურ და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“
2. „ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებული ფართობის ნორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2კვ.მ-ზე, საპყრობილეში - 2,5 კვ.მ-ზე, ქალთა დაწესებულებაში 3 კვ.მ-ზე, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში 3,5-ზე, ხოლო სამკურნალო დაწესებულებაში 3კვ.მ-ზე ნაკლები.“

34-ე მუხლი მსჯარვდებულის პირად ჰიგიენას ეხება. მის მიხედვით: 1. „მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.“

2. „კვირაში ერთხელ მაინც მსჯარვდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა თეთრეულით და საპარიკმახერო მომსახურებით...“

26-ე მუხლით: მსჯავრდებულს უფლება აქვს, უზრუნველყოფილი იყოს ბანდეროლებისა და ამანათების მიღება-გაგზავნით ადმინისტრაციის კონტროლით.

35-ე მუხლი ამბობს, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მისცეს სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ასევე მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. თეთრეულის გამოცვლის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის მოთხოვნებს.
იგივე კანონმდებლობის 36-ე მუხლი მსჯავრდებულის კვებას ეხება. მის მიხედვით: „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულთა დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება."


რაც შეეხება 2006 წელს გარდაცვლილ პატიმრებს, მათი რიცხვი 92-ია. აქედან 20 პატიმარი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში უკვე სამი პატიმარია გარდაცვლილი, მათგან ორი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

აღსანიშნავია, რომ პატიმართა სიკვდილიანობა ბოლო 6 წლის განმავლობაში იზრდება. სტატისტიკის თანახმად, 2001 წელს 31 პატიმარი, 2002 წელს - 39, 2003 წელს - 52, 2004 წელს- 43, 2005 წელს კი 46 მსჯავრდებული გარდაიცვალა.


ეკა გულუა

ახალი ამბები