კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩვენ ცუდები არ ვართ

17 იანვარი, 2007

arasrulwlovnebi.gifმათი დილა 8 საათზე იწყება. ერთ საათს მოწესრიგებას ანდომებენ, ანუ დილის ტუალეტს - როგორც თვითონ ეძახიან. მერე საკლასო ოთახებში შედიან და 3 საათამდე სასკოლო პროგრამასთან ერთად ადამიანის უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციას სწავლობენ. სადილობის შემდეგ საწრეო მუშაობის დროა. აქ თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობების მუსიკაში, ინგლისურსა და შრომაში გამომჟღავნება შეუძლია. 5 საათზე მეორე დღისთვის გაკვეთილების მომზადებას იწყებენ, შემდეგ კი ვახშამი და გართობა... დღის ეს მონაკვეთი მათთვის ყველაზე საყვარელია: უყურებენ ტელევიზორს, თამაშობენ ბურთს, კომპიუტერს და უსმენენ მუსიკას.

ისინი თავის დროზე არასრულწლოვანთა კომისიის მიერ აღრიცხვაზე აყვანილი, დამნაშავე ბავშვები არიან, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამტრედიის სპეციალურ სკოლაში ცხოვრობენ და სხვა, ჩვეულებრივი ბავშვებისაგან დიდად არ განსხვავდებიან.

 „აქ ყველა ჩემი მეგობარია. ამ ბიჭებმა ნამდვილი მეგობრობა იციან. მეც ვცდილობ კარგი მეგობარი ვიყო. უკვე ორი წელია აქ ვცხოვრობ და ბევრი რამე ვისწავლე. ალბათ სხვა ბავშვებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ ასე არ არის. აქედან რომ წავალთ, მუშაობას დავიწყებთ და ცხოვრებას ავიწყობთ. მე მიწაზე მუშაობა შემიძლია. იქნებ სამსახურის მოძებნაში ჩვენი დირექტორიც დამეხმაროს. ძალიან კარგი კაცია,“ - ამბობს 12 წლის უჩა და ეზოში ბურთის სათამაშოდ წასასვლელად ემზადება. სახელდახელოდ მოწყობილ საფეხბურთო მოედანზე მას მეგობრები უკვე დიდი ხანია ელოდებიან.

არასრულწლოვანთა სპეციალური სკოლა სამტრედიაში 1966 წელს გაიხსნა. მანამდე ამავე შენობაში  ძნელად და განსაკუთრებულ პირობებში აღსაზრდელ ბავშვთა სპეციალური სკოლა - ინტერნატი იყო განთავსებული. სპეც-სკოლა დღემდე ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც 11-დან 14 წლამდე ბიჭები ირიცხებიან. ისინი არასრულწლოვანთა კომისიის მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულში არიან მხილებულნი.

არასრულწლოვანთა კომისია განათლების სამინისტროში შუამდგომლობას აგზავნის, რის შემდეგაც სამინისტრო სკოლის დირექციის სახელზე საგზურს წერს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება არასრულწლოვანთა მიღება.

„ჩვენ ეს ბავშვები განსაკუთრებულად გვიყვარს. როცა მოდიან, მათ პირად საქმეს წავიკითხავთ, გვერდზე გადავდებთ და იწყება ახალი ცხოვრება. სხვანაირად არც შეიძლება იყოს,“  ამბობს სკოლის დირექტორი გიორგი მეიშვილი. როგორც იქ მყოფნი ამბობენ, მისი მოსვლის შემდეგ სკოლის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეზოს მავთულხლართები მოხსნეს, გააუქმეს კარცერი, სადაც დასჯილ ბავშვებს ათავსებდნენ. დირექციამ ჩათვალა, რომ საზოგადოებისგან ისედაც იზოლირებული ბავშვების კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოქცევა უსამართლობა იქნებოდა.


„ჯართი რომ ჩავაბარეთ, მარტო ორი კარები ნახევარი ტონა გამოვიდა. ნეტა, ვიცოდე, რა საჭირო იყო ამხელა კარებით პატარა ბიჭების ჩაკეტვა?“ -  გაკვირვებას ვერ ფარავს სკოლის დირექტორი. გიორგი მეიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანებს ნორმალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, გაქცევაზე არც ფიქრობენ. ადრე კი, ასეთი ფაქტები უხვად ყოფილა.

„რატომ უნდა გავიქცეთ. აქ ძალიან კარგი პირობებია. ვსწავლობთ, ვერთობით და ვშრომობთ კიდეც. გვყავს ძროხები, ხბოები და ვუვლით მათ. მიწაზეც ვმუშაობთ და დრო უცებ და საინტერესოდ გადის,“ ამბობს 14 წლის გიორგი კობელაშვილი.

სკოლას მართლა ჰყავს 4 მეწველი ძროხა და რძის პროდუქტებსაც ადგილზე აწარმოებენ. შესაბამისად, მათ მენიუში ყოველთვის უხვადაა ნადუღი, რძე, ყველი და კარაქი. ასევე, სკოლის მფლობელობაშია 2 ჰექტარ ნახევარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც უფროსები ბავშვების დახმარებით ამუშავებენ.

სკოლაში ესესაა აღადგინეს შრომის კაბინეტი, რომელიც სამტრედიაში „მხედრიონის“ თარეშის დროს განადგურდა. შეიძინეს ხელსაწყოები, მოიყვანეს ოსტატი, რომელიც ბიჭებს ხელსაქმეს ასწავლის და ისინიც შრომას ეჩვევიან. აქ დღეს 33 ბავშვი და 6 ფინანსური ჯგუფია. ზოგში 7, ზოგშიც 3 მოსწავლეა. თუმცა, ეს არც მასწავლებლებს უშლის ხელს გაკვეთილი მთელი სისრულით ჩატარდეს, და არც მოსწავლეებს. სასწავლო პროგრამაც ჩვეულებრივია, როგორც სხვა, საჯარო სკოლებში. ესაა მხოლოდ, ზოგჯერ 13-14 წლის ბიჭები ანბანს პატარებთან ერთად სწავლობენ და საბოლოოდ, საბაზო განათლების ატესტატსაც იღებენ.

„აქ წერა-კითხვის უცოდინარი ბავშვებიც მოდიან, რომლებმაც საწერი კალმის დაკავებაც არ იციან, წლის ბოლოს კი შედეგსაც ვიღებთ. ეს ბიჭები ისე არიან სწავლას მოწყურებულნი, რომ საკლასო ოთახში დაგვიანებით შესვლის შემთხვევაში მსაყვედურობენ, მასწავლებელო, რატომ დაიგვიანეთ, რახანია ზარი იყოო. აქ მოსული ბავშვები უკვე ერთ რამეზე ფიქრობენ: გამოსწორდნენ და მომავალში პატიოსნად იცხოვრონ. ახალმოსულები ცოტათი განსხვავდებიან დანარჩენებისგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინიც დგებიან კალაპოტში,“ - ამბობს დაწყებითი კლასის პედაგოგი ბელა ნიკურაძე.

პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შორის მეგობრული დამოკიდებულებაა. არიან ბიჭები, რომლებიც დირექტორს და რამდენიმე აღმზრდელს გულისნადებსაც კი უმხელენ და დარწმუნებულნი არიან, საიდუმლო არ გაითქმება. სკოლის დირექტორს ბავშვები დამნაშავეებად არ მიაჩნია და მათთან თანატოლივით მეგობრობს: „ახალი მოსული ვიყავი, დავინახე აღმზრდელი ბავშვს ჭინჭრით სცემდა. რა თქმა უნდა, იმ თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ვინც ჩვენთვის მისაღებ პირობებს ვერ შეეგუა, აქედან წავიდა. დარჩა ის ხალხი, ვისაც ეს ბავშვები უყვარს და ვისაც ამ ბავშვებთან მეგობრობა შეუძლია,“ - ამბობს გიორგი მეიშვილი.

სკოლას საკუთარი ფსიქოლოგი ჰყავს, რომელიც ბავშვებთან როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ მუშაობას ეწევა. თამარ ჯოჯუას აზრით, ეს ბავშვები ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების მსხვერპლნი არიან. მისთვის მიუღებელია მოსაზრება, მათი გასამართლების შესახებ: „არ შეიძლება 12-13 წლის ბიჭი სასამართლო სხდომაზე გავიყვანოთ და ციხეში ჩავსვათ. ეს მის ცხოვრებას საბოლოოდ დაამახინჯებს. მე ვფიქრობ, მისი რეაბილიტაცია ასეთი ტიპის დაწესებულებაში უფრო იოლია. მან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ არა ამ ფორმით. დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები აქედან რომ გავლენ, ცუდი საქმისკენ აღარც გაიხედავენ,“ - აცხადებს თამარ ჯოჯუა.

სამტრედიის ე.წ. სპეც-სკოლის აღსაზრდელები ცუდზე მართლა ნაკლებად ფიქრობენ. ამაში მათთან გატარებულმა რამდენიმე საათიანმა შეხვედრამ დამარწმუნა. მათ ღვთის შიში და მომავლის რწმენა აქვთ, დარწმუნებულები არიან, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე გაცილებით უკეთესი იქნება...

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

ახალი ამბები