კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეშით გამთბარი მუსიკოსები

22 იანვარი, 2007

opera.gif„არ გამიკვირდება, ქუთაისი ოპერის თეატრი რომ დაიხუროს, იქ გაუსაძლისი პირობებია შექმნილი. სპექტაკლებზე არავინ დადის, აღარც პრემიერები იმართება. მსახიობები მეცოდებიან, ხელფასს ვერ იღებენ და სიცივით კანკალებენ. ზოგი თბილისში გაიქცა, ზოგიც ბათუმში. არც ის გამიკვირდება ზოგიერთი მათგანი ბაზრობაზე, გამყიდველის ამპლუაში რომ ვიხილო. ჩვენი ქვეყანა ხომ დიდ ბაზრობადაა ქცეული,“ -  ეს ერთ-ერთი რიგითი ქუთაისელის მოსაზრებაა, რომელიც მიუხედავად მუსიკალური ხელოვნების მიმართ დიდი თაყვანისცემისა, ვეღარ იხსენებს ქუთაისის ოპერაში სპექტაკლზე ბოლოს როდის იყო.

1969  წელს, როდესაც ქუთაისის უძველეს ისტორიულ ნაგებობაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საოპერო თეატრის ქუთაისის ფილიალი, ხოლო მოგვიანებით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გაიხსნა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი დახურვის იდეა გაჩნდებოდა. დღეს კი თეატრის ყოფნა-არყოფნის საკითხი რეალურად დგას და ამაზე ხმამაღლა საუბარსაც აღარავინ ერიდება.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გიორგი ლომთაძე სინანულით იხსენებს იმ დროს, როდესაც ქუთაისში კულტურა ყვაოდა და ოპერის თეატრი მაყურებელს ვერ იტევდა: „არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ძველ დროს მივტირი. უბრალოდ, გული მწყდება, რომ დღეს თეატრი არავის ახსოვს და გამუდმებით მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. გასული საუკუნის 70-იან-80-იან წლებში თეატრში კულტურული სიცოცხლე ჩქეფდა. იმ დროს ხალხი სპექტაკლების სანახავად თბილისიდან ქუთაისში ჩამოდიოდა. დღეს კი აუტანელი პირობებია. თეატრი კი არ უნდა დაიხუროს -  უნდა გადარჩეს, თუნდაც იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც გაყინული თითებით ინსტრუმენტზე უკრავენ და ასევე გაყინულ პარტერში მსხდომი მაყურებლისთვის სპექტაკლს თამაშობენ,“ -  აცხადებს გიორგი ლომთაძე.
 
დღეისათვის ქუთაისის ოპერის თეატრის თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 40-50 ლარია, რომელიც სამი თვეა არ გაცემულა. 55 სოლისტიდან თეატრს მხოლოდ 18 სოლისტიღა შემორჩა, რის გამოც სხვადასხვა სპექტაკლის ზოგ პარტიაზე ხელმძღვანელობას მომღერლების მოწვევა თბილისიდან უწევს, რაც საკმაოდ ძვირი უჯდება. დაფინანსება კი მწირია, სულ - 200 000 ლარი. ოპერის თანამშრომლები დაფინანსების გაზრდას ითხოვენ და ქალაქის მესვეურთ კიდევ ერთხელ სთხოევნ თეატრი დახურვას გადაარჩინონ.

მიუხედავად თეატრის თანამშრომელთა მინორული განწყობისა, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ორკესტრის გასათბობად, კიდევ ერთხელ დაინთო შეშის ღუმელი... შემორჩენილმა დასმა შემორჩენილი მაყურებლისთვის ვიქტორ დოლიძის უკვდავი ოპერა „ქეთო და კოტე“ წარმოადგინა.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ახალი ამბები