კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადასახადები იზრდება, დახმარებები უქმდება, სუიციდი მატულობს

22 იანვარი, 2007

gadasaxadi.gif2007 წლის დასაწყისში თბილისის მთავრობამ მოსახლობას ნეგატიური სიურპრიზი მოუმზადა. გადასახადები გაუზარდა, არსებული შეღავათები მოუხსნა, სამუშაო ადგილები შეამცირა და ყველანიარი პირობა შეუქმნა იმისათვის, რომ სამათხოვროდ ქუჩაში გასულიყვნენ.

უფრო კონკრეტულად კი, თუ ადრე ნაგვის გატანისთვის ერთ სულ მოსახლეს 0,40 ლარი უნდა გადაეხადა, 2007 წელს 1,20 ლარი უნდა გადაიხადოს; წყალი 1,20 ლარიდან 2,40 ლარამდე გაიზარდა; ელექტროენერგიის საფასური ჯერ კიდევ 2006 წელს გაძვირდა; რამდენიმე თვეში კი გადასახადი ბუნებრივ აირზეც გაიზრდება.

როგორც ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ზრდა კატასტროფული არ იქნება. სათბობ-ენერგეტიკის  მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, ტარიფის ზრდა გარდაუვალია, თუმცა ეს არ იქნება სერიოზული ცვლილება. სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე კი ამბობს, რომ ტარიფის ზრდის მიზეზი მომწოდებლის მიერ ბუნებრივი აირის გაძვირებაა.

პარალელურად, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობდა, შეღავათები გაუუქმდა; ისინი, ვინც კომუნალური გადასახადებისას 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდა, ამიერიდან ვეღარც ამ შეღავათით ისარგებლებს; მრავალშვილიან დედებს თითო ბავშვზე 5 ლარიანი დახმარება მოეხსნათ.

ამ ყველაფერს ისიც დაემატება, რომ თითქმის ყველა პროდუქტზე თუ სხვა აუცილებელი მოხმარების საგნებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ კვირასთან შედარებით, ფასების საერთო დონე 0,14 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის სასურსათო საქონელზე 0,10 პროცენტით და არასასურსათო საქონლზე 0,35 პროცენტით.

როგორც სოციალური დახმარებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ამბობს, შეღავათებისა თუ დახმარებების გაუქმების გადაწვეტილება კანონიერია: „ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდით, კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ზოგ მრავალშვილიანს არც სჭიდება დახმარება. გარდა ამისა, 50 ლარი, რომელსაც თითოეული ახალშობილი იღებდა, არ გაიცემა. შეიქმნება ახალი სოციალური დახმარების პაკეტი, რომელიც ყველაზე ღარიბებს მიეცემათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ოჯახების უმუტესობა ამ 50 ლარს არც კი იღებდა და ის სადღაც იკარგებოდა.“
მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც ადრე არსებული შეღავათების პაკეტით სარგებლობდა, ამბობს, რომ მათ უბრალოდ მათხოვრობისკენ, ქურდობისკენ და საქართველოდან გაქცევისკენ უბიძგებენ. „ამ ყველაფრის მერე, უნდობლობის, არარაობის, გულგრილობის განცდა მიჩნდება. მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში მრავალშვილიან ოჯახებს თვეში 5 ლარით ეხმარებოდნენ და ესეც მოუხსნეს; ომის ვეტერანებსა და ძალოვანი უწყების პენსიონერებს უფასოდ გადაადგილება შეეძლოთ და ამასაც ვერ ახერხებენ.
განა იმდენს რას მგზავრობდნენ ისინი, რომ ბიუჯეტში კაპიკები ვერ გამონახეს. თითქმის ყველანი ასაკში არიან და ძლივს დადიან. რა შეგვიძლია? არაფერი. ან უცხოეთში უნდა გავიქცეთ, მაგრამ ამასაც ფული და ახალგაზრული ასაკი სჭირდება, ან, ყვლაზე მარტივი გამოსავალი, მათხოვრობაა. ქურდობა მე არ შემიძლია, ვისაც შეუძლია, შვილის გადასარჩენად ამასაც კი იზამს. იქნებ იმაზეც დაფიქრდნენ, ჩვილებს ნაგავში რატომ პოულობენ, რა არის ამის მიზეზი, სიციალური პირობები ხომ არა?“ - გვითხრა ერთ-ერთმა სასოწარკვეთილმა 4 შვილის დედამ.

ის, რომ სოციალური ფონის დამძიმების შედეგად ადამიანებში დეპრესია, გულგრილობა და სხვა უარყოფითი რეაქცები მიმდინარეობს, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუაც ადასტურებს. მისი თქმით: „თუ მეტყვით, რომ არც ნავი გაქვთ, არც გემი, არც ხელების მოქნევა შეგიძლიათ, და მდინარე გაქვთ გადასაცურიო, როგორ ფიქრობთ, არ შეიქმნება დეპრესიული ფონი? ასეთი ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რაც აგრესიაში, კრიმინოგენული სიტუაციის გართულებაში, გულგრილობასა და რაც საკმაოდ მძიმეა - სუიციდში (თვითმკვლელობა) გამოიხატება.”

თუ დემოგრაფების გათვლებს დავეყრდნობით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა განახევრდება. სტატისტიკა კი ამას მართლაც ადასტურებს: მაგალითად, თუ 1989-1990 წლებში საქართველოში 90 ათასამდე ბავშვი დაიბადა, შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი თანდათან მცირდება. 2003 წელს კი 46 194 ჩვილი მოევლინა ქვეყანას.

არსებული ვითარებიდან გამოსავალს ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი იმაში ხედავს, რომ ხელისუფლებამ ბიზნესში დირექტორობა უნდა შეწყვიტოს: „გამომდინარე იქიდან რომ ეკონომიკის საბაზისო ელემენტი - ენერგეტიკა ძვირდება, ინფლაციური დაძაბულობა იმატებს. შესაბამისად კომუნალური გადასახადები და სხვა ნებისმიერი პროდუქცია ძვირდება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საარსებო მინიმუმის ციფრის მატებით გამოიხატება და შესაბამისად, სიღარიბის ზღვარს მიღმა უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება. შედეგები გასაგებია როგორიც იქნება - სოციალური დაძაბულობის ხარისხი კიდევ უფრო მოიმატებს და კრიტიკულ წერტილს როდის მიაღწევს, არ ვიცი. თუმცა, ყველაფერი აქეთკენ მიდის. გამოსავალი კი ის არის, რომ შეიქმნას ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და რეალური კონკურენცია; ხელისუფლებამ ბიზნესის დირექტორობა უნდა შეწყვიტოს და თავისუფალი მეწარმის ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს; რისკ-ფაქტორები შემცირდეს, ინვესტიციების გარკვეული გარანტიები შეიქმნას და ქვეყანა თავად განვითარდება.“

ეკა გულუა

ახალი ამბები