კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის ენერგოდისტრიბუცია მოსახლეობას აშანტაჟებს

22 იანვარი, 2007

energo.gifს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ დარღვევებში არაერთხელ ამხილეს და შეცდომებიც აღიარებინეს. მიუხედავად ამისა, ენერგოკომპანიის წარმომადგენლები მომხმარებელთა უფლებებს მაინც ხელყოფენ. ადგილობრივი სერვის-ცენტრების ხელმძღვანელობა, დანაკარგების აღმოფხვრის საბაბით, მოსახლეობას გადასახადის გაზრდილი ტარიფით გადახდის გარდა, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას აიძულებს, სანაცვლოდ კი თითოეულ ოჯახს 110 ლარის გადახდას სთხოვს.

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეს უკვე ორი კვირაა ელექტროენერგია არ მიეწოდება. მოსახლეობის განცხადებით, მათ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მთლიანად გადახდილი აქვთ, თუმცა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სიღნაღის სერვის ცენტრი აბონენტებს საერთო, კომუნალური მრიცხველის მონაცემებით დარიცხული ათასობით ლარის დავალიანების დაფარვას ედავება.

„მესამე კვირაა ვცდილობთ გავარკვიოთ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლები მხოლოდ იმას გვეუბნებიან, საერთო მრიცხველის ჩვენება, მკვეთრად აღემატება, თქვენი მრიცხველებით ნაჩვენებ, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას და სანამ დავალიანება მთლიანად არ დაიფარება, შუქს ვერ მოგცემთო. ჩვენ რასაც ვხარჯავთ, იმას ვიხდით. თუ ვინმე რამეს იპარავს, იმათ მიხედონ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, გვავალდებულებენ, ბრძანებაა ასეთი და თითოეულმა თქვენგანმა ახალი მრიცხველები უნდა დააყენოთო. შემდეგ, ყოველ ათ ოჯახზე ერთი საერთო მრიცხველის დაყენება აქვთ გადაწყვეტილი და თითოეულ ოჯახს დამატებით კიდევ 10 ლარს გვთხოვენ. თან ისიც გვითხრეს, გამრიცხველიანებისთვის საჭირო მომსახურების ხარჯებიც თქვენ უნდა გასწიოთო. თანახმაც რომ ვიყოთ, არავის აინტერესებს, ზამთარში პურის ფულს რომ ძლივს ვშოულობთ, ამდენი თანხა საიდან უნდა მოვიძიოთ?“ - აღშფოთებას ვერ მალავს ნარგიზ ხუნაშვილი.

„მოითხოვენ, განცხადება ახალი ინდივიდუალური და საერთო მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ჩვენივე ხელით დავწეროთ. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ გადასახადი გაზრდილი ტარიფით გადაიხადეთ, რომ დავალიანება არ გქონდეთო. პრინციპულად, არც ერთს ვაპირებთ და არც მეორეს. რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ენერგოდისტრიბუცია, დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს მათ პარპაშს?“ - აღნიშნავს გიორგი ბარნაბიშვილი და დასძენს, რომ მოსახლეობამ დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„ენერგოდისტრიბუციის სიღნაღის სერვის-ცენტრიდან პასუხი რომ ვერ მივიღეთ, ძველით ახალი წლის წინა დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ. არავინ მოგვისმინა. გამგებლის მისაღებში გვითხრეს, გამგებელი ვერ მიგიღებთ, დაკავებულია, სხვა დროს მობრძანდითო. საკრებულოს ხელმძღვანელობასაც დავურეკეთ, დაგვპირდნენ, მდგომარეობას გავარკვევთ და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებითო, მაგრამ მათაც დავავიწყდით“ - გულდაწყვეტილია თამარ ჯანიაშვილი.

უშუქობით შეწუხებულმა ხალხმა, ყურადღების მიქცევის მიზნით საპროტესტო აქციის მოწყობაც გადაწყვიტა, თუმცა მათ მცდელობას სიღნაღის პოლიცია დაუპირისპირდა.

ჩვენთან საუბარში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა განაცხადა, რომ მან აღნიშნული პრობლემის შესახებ არაფერი იცის: „მოსახლეობას შუქი რომ არ აქვს, არ ვიცოდი. ინფორმაციას არც კახეთის ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლების ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით ვფლობ. გავერკვევი და რეაგირებას აუცილებლად მოვახდენ“ - აღნიშნა ზედელაშვილმა. მოგვიანებით კი სიღნაღის გამგებელმა გვითხრა, რომ მოსახლეობის ბრალდებები უსაფუძვლოა და მათ ვერაფრით დაეხმარება.

ჟურნალისტი: ბატონო ზაზა, ხალხი უსამართლობით და ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობით იმდენად შეწუხებულია, რომ პროტესტის ნიშნად აქციის გამართვას აპირებს?
ზაზა ზედელაშვილი: „რა აქცია უნდა გამართონ? აქცია არა, კიდევ რა უნდათ. დავურეკავ პოლიციას და ვერაფერსაც ვერ მოახერხებენ ...გამოვლენ ქუჩაში და რომ დაიღლებიან, დაიშლებიან.“ - განაცხადა ზედელაშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში.

მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ სიღნაღის სერვის ცენტრის მენეჯერი ვალერი მატიაშვილი. „ქვემო ბოდბის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია იმიტომ აქვთ გათიშული, რომ თანხა აქვთ გადასახდელი. სხვა არაფერი ვიცი, მე რასაც მიბრძანებენ თელავიდან, იმას ვასრულებ“.
ჟურნალისტი: უკანონო რომ იყოს, მაინც?
ვალერი მატიაშვილი: ასეთ კითხვებს ნუ მისვამთ. ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან და ტარიფთან დაკავშირებით, თელავს მიმართეთ.“

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების მმართველმა ზურაბ ჯანჯღავამ ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. „ენერგოკომპანიის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დავალიანება არ იყოს. როგორ და რა გზით ახერხებენ ამას, ეს მათი საქმეა და არა თქვენი“ - აღნიშნა ჯანჯღავამ.

რეგიონის ენერგოკომპანიას დარღვევებში ადანაშაულებს ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობაც. ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა თქმით, მათ ყველა დავალიანება დაფარული აქვთ, თუმცა ენერგოდისტრიბუციის ლაგოდეხის სერვის ცენტრი აბონენტებს დანამატის სახით, ყოველთვიურად 3-10 ლარის გადახდას მაინც სთხოვს. „მარტო დეკემბრის თვეში  დანამატის სახით 18 ლარი გადავიხადე“ - აცხადებს ლიზა დარჩიაშვილი.

ამ ინფორმაციას „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ლაგოდეხის სერვის-ცენტრის უბნის უფროსი ნოდარ ბაგალიშვილიც ადასტურებს: „ნინოშვილის ქუჩა გამონაკლისი არ არის, სადაც ელექტროენერგიის გადასახადს დანამატთან ერთად იხდიან. გადახდის პროცესი აბონენტების მხრიდან უკვე დაწყებულია. მოსახლეობას ვურჩევ საქმე არა ჟურნალისტებთან, არამედ სერვისცენტრში გაარკვიონ“ - განაცხადა ბაგალიშვილმა.

ამ ფაქტებით უფლებადაცვითი ორგანიზაცია დაინტერესდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ცნობით, მათ მიერ აღნიშნული საკითხების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებისადმი, ენერგოკომპანიის თანამშრომელთა მხრიდან ნამდვილად ჰქონდა და აქვს ადგილი უკანონო მოთხოვნებს და შანტაჟს. არასამთავრობო ორგანიზაცია ამჟამად კვლავ იკვლევს მასალებს, რომელსაც რამდენიმე დღეში რეაგირებისათვის ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს გადაუგზავნის. აქვე, ისინი რეგიონში, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გახშირებული ფაქტებით დაინტერესებას ენერგოომბუდსმენსაც სთხოვენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები