კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რთველი 2006“ - სასამართლოში

23 იანვარი, 2007

კახელი გლეხები რეალიზებული ყურძნის თანხების მიღებას ვერ ახერხებენ

karxana.gifგურჯაანში მდებარე შპს „სენაკურის“ ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გლეხებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ეს გადაწყვეტილება მათ საწარმოს დირექტორის მანანა ელიკაშვილის მიერ, ხუთი თვის მანძილზე მიცემული ცრუ დაპირებების შემდეგ მიიღეს.

„ისევ იქ მიდიხართ? ფული ჯერ არ გადაუხდიათ? - ამ სიტყვებით წნორი - გურჯაანის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლი ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ მაინც მიმართავს სიღნაღის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებთ, რომელთაც ღვინის ქარხნისთვის გასული წლის სექტემბერში ჩაბარებული ყურძნის ფული დღემდე არ მიუღიათ.

სიღნაღიდან მომავალი ავტობუსის გურჯაანში ჩამოსვლამდე, შპს „სენაკურის“ ღვინის ქარხნის რკინის ჭიშკართან უკვე ასამდე გლეხია შეკრებილი. ბევრი ნანობს, რამ შეგვაცდინა, ნეტავ ყურძენი სახლში დაგვეწურაო. ზოგსაც ცრემლი სდის, თბილი ტანსაცმლის არარსებობის გამო ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებენ. შორიახლოს მდგარ ადამიანებს ღამეც გაუთევიათ და ნაცეცხლურზე დარჩენილ ნაკვერჩხალს ეფიცხებიან. კახელები კახურადაც იგინებიან. ჭიშკართან უცხო ავტომობილის გამოჩენისთანავე, ყველა ერთად შეიკრიბა და დაფაცურდა, „ქალბატონმა მანანამ ფული ხომ არ მოიტანა?“ ...მას შემდეგ რაც შეიტყვეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, გულდაწყვეტილებმა ამოიოხრეს - „ისევ კორესპონდენტი“...

მოწყენილი გლეხები, დაკოჟრილი ხელებით ფურცლის პატარა ნაგლეჯს გვაჩვენებენ. „ეს არის მანანას მოცემული ე.წ. საბუთი. 19 სექტემბერს, 670 ლარის ღირებულების ყურძენი ჩავაბარე. დამპირდნენ, რომ თანხას სამ დღეში გადამიხდიდნენ. ფურცლის ამ ნახევის გარდა, არაფერი მოუციათ. აქ კი მხოლოდ ნომერი, ყურძნის მიღების რიცხვი, ოდენობა და გადასახდელი თანხაა მინიშნებული. რაიმე დოკუმენტი რომ არ მოგვცეს, ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან ხელისუფლება რთველის მიმდინარეობაზე სერიოზულ კონტროლს ახორციელებდა.

...მანანა უკვე ხუთი თვეა გვპირდება, ფულს დღეს მოგცემთ, ხვალ მოგცემთო. იმ იმედით, რომ კუთვნილ თანხას მივიღებდი, ავადმყოფ, პენსიონერ კაცს აღარც კი მახსოვს ღვინის ქარხნის კართან რამდენი ღამე მაქვს გათენებული“ - გვიამბობს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მცხოვრები ნასყიდა ქართლელიშვილი.

ცრუ დაპირებებისა და უყურადღებობის მიუხედავად ყველა ცდილობს საკუთარი გაჭირვების შესახებ გვითხრას. იმედი არ დაუკარგავთ: „ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. მეც და ჩემი მეუღლეც უმუშევრები ვართ. სოციალური დახმარების პროგრამაშიც ვერ მოვხვდით. დახმარების მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთო. სახლი კი გვაქვს და თავზე არ გვაწვიმს, მაგრამ ძალიან გვიჭირს. ბავშვებისთვის, სკოლაში წასასვლელად ჩასაცმელი რომ გვეყიდა, სექტემბერში ვალი ავიღე, რომელიც დღემდე არ გადამიხდია“ - მამუკა ჯოხაძეს საუბარი გვერდზე მდგომმა, 40 წელს მიტანებულმა ქალბატონმა შეაწყვეტინა: „შენ ვალი მაინც აიღე. მე ფულიც არავინ მასესხა. ქმარი აქ ღამეების თევისგან დაავადმყოფდა და ანთება დაემართა. მეც უკვე ცუდად ვარ. როდემდე და რა სახსრებით შევძლებ აქ სიარულს, არ ვიცი. სოფელ შრომიდან აქ ჩამოსვლას და წასვლას ფული ხომ უნდა. დედაჩემის მთელი თვის პენსია გზის ფულად არ მყოფნის. სახლში ბავშვებისთვის ვერაფერი მიმიტანია. სოფელში არსებულ თითქმის ყველა მაღაზიაში ნისიები მაქვს. რა გზას დავადგე, აღარ ვიცი“ - ცრემლს ვერ იკავებს გულნაზი მეშველიშვილი.

„რა გზას უნდა დავადგეთ და გამგეობის წინ აქცია უნდა გავმართოთ. ვიყვიროთ და შეწუხდებიან. იქნებ მოგვხედონ“ - საუბარში ჩაერთო მოხუცი კაცი.

„მაშ არა და... პურს აღარ შეჭამენ, რესტორნებში აღარ იქეიფებენ, ხალხი მშიერია, ფული აქვთ ასაღები, ნამუსიც ხომ კარგი საქონელიაო. მეხი მაგათაც დაეცათ. პოლიციას დაუძახებენ და ძალით დაგვშლიან. ცოტა ხნის წინ რომ შევიკრიბეთ, რა, მასე არ გააკეთეს? სხვა რაღაც უნდა მოვიფიქროთ“ - აღნიშნა თამარ ნაცვლიშვილმა.

„რაიონის გამგეობასა და რეგიონის გუბერნიაში ყველაფერი იციან. განცხადებებიც დავწერეთ, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. ვეღარ გაიგეთ, რომ რთველი წარმატებული მხოლოდ ხელისუფლებისთვის იყო, ჩვენნაირი უბედურებისთვის კი არა, წინა დღეს რომ ვფიქრობთ, მომავალი დღისთვის პურის ფული საიდან ვიშოვოთ“ - ცრემლები წამოსცვივდა უსამართლობით შეწუხებულ 64 წლის ვალიკო იმერლიშვილსაც.

ღვინის ქარხანასთან მდგარ, სიცივისგან აკანკალებულ, უკვე ნაცნობ ქალბატონებს იქვე მდგარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან რამდენიმე ნაჭერი შეშა გამოაწოდეს. „გათბით მაინც, ვინ იცის, მოვა კი დღეს მანანა?“ - აღნიშნა ქალბატონმა.

საღამოს ხუთი საათისთვის, ქარხნის ტერიტორიის ახალგაზრდა დამცველმა გლეხებს მანანას დანაბარები გადასცა: „დღეს ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, ბანკიდან ფული ვერ გამოვიტანე, ხვალ ჩამოვალ და რამდენიმე ადამიანს გავისტუმრებო.“

...ვისაც ძალიან უჭირს და გარეთ ღამის გათენებაც შეუძლია, იქვე დარჩნენ. რიგის დასაცავად, მომდევნო დღის სიაც შეადგინეს. ...მანანა არც მომდევნო დღეს გამოჩნდა.

ჩვენთან სატელეფონო საუბარში მან აღნიშნა, რომ გლეხების ვალს აღიარებს, თუმცა თანხის უქონლობის გამო, ნაწილ-ნაწილ გაისტუმრებს, ოღონდ არ იცის როდის.

ხალხს მისი აღარ სჯერა. პესიმისტები მცირე ხნის წინ ქარხანაშიც შეცვივდნენ და რაც ხელთ მოხვდათ, წაიღეს.

„რთველი – 2006“ - ის „წარმატებით“ გაწბილებული გლეხების თხოვნის საფუძველზე, მათი დახმარების სურვილი, უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები დაზარალებულ ადამიანებს სარჩელს უმზადებენ, რომელსაც ისინი სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები