კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ყირგიზელი გოგოები ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ

24 იანვარი, 2007

tarxana.jpgსაქართველოს შს სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2006 წლის 7 დეკემბერს გორში მცხოვრები ზაზა ამირიძე და უფრო მოგვიანებით – 2007 წლის იანვარში საქართველო-თურქეთის საზღვარზე ანა მაზანაშვილი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ამირიძე, დაკავებამდე, გორის რაიონული სასამართლოს მანდატურად მუშაობდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ზაზა გიორგის ძე ამირიძემ 2006 წლის ოქტომბრის თვეში, თავისი მეგობრის ანი მაზანაშვილის სახლში ყირგიზელი მოქალაქეები – ჯამილია ისმანოვა, ნიგორა იუსუპოვა და ნიგორა ეგამბერდიევა გაიცნო. გაცნობის დღესვე ყველანი ერთად რესტორან ,,სალხინოში” წავიდნენ, სადაც მაზანაშვილმა ჯამილია ისმანოვას მოსთხოვა, გაჰყოლოდა მათვე თანამესუფრეს, გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას, ვინმე ვახოს და მისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია. აღნიშნულზე ჯემალია ისმანოვამ ტირილი დაიწყო და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ისმანოვა ჩვენებაში მიუთითებს, რომ ამის გამო ზაზა ამირიძემ მას ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. პროკურატურის ინფორმაციით, ამირიძემ ისმანოვა აიძულა შეესრულებინა ანი მაზანაშვილის მოთხოვნა. ,,თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ამირიძე და მაზანაშვილი თითქმის ყოველდღიურად ჯამილია ისმანოვას ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ აიძულებდნენ სექსუალური კავშირი დაემყარებინა ე.წ. კლიენტებთან, ხოლო ,,კლიენტებისაგან” მიღებულ ფულს მაზანაშვილი და ამირიძე ინაწილებდნენ.

აუტანელი პირობების გამო, ჯამილია ისმანოვამ ერთ-ერთი კლიენტის ტელეფონით შესძლო დაკავშირებოდა თავის მეგობარ რამაზ ცაციაშვილს და დახმარება სთხოვა. ჩვენი ინფორმაციით, რამაზ ცაციაშვილი გორის კულტურისა და დასვენების პარკის ყოფილი დირექტორი და მხარის გუბერნატორის მიხეილ ქარელის უახლოესი ნათესავია.

ცაციაშვილმა ისმანოვა თავის მეგობრის ბინაში წაიყვანა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ყირგიზელი გოგონა ცაციაშვილმა თბილისი-ბაქოს მატარებლით აზერბაიჯანში გაამგზავრა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე  პასპორტთან დაკავშირებით ისმანოვას პრობლემები შეექმნა  და უკან გამოაბრუნეს. ხოლო შემდეგ, როგორც პროკურორმა ირაკლი კობიძემ განაცხადა, ისმანოვამ დახმარებისათვის შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს მიმართა.

საქმე არსებითად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გორის სასამართლოში უკვე გადაგზავნილია. ამირიძისა და მაზანაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, სავარაუდოდ გაერთიანდება და როგორც გორის სასამართლოში ამბობენ, სავარაუდოდ პროცესები ერთ თვეში დაიწყება.
ზაზა ამირიძის ინტერესების დამცველი ადვოკატი გია ამაშუკელი ამბობს, რომ ის ბრალდება, რაც ,,სოდმა” დაკავებულს წაუყენა აბსურდულია.

გია ამაშუკელი: „ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით საერთოდ არ ჩანს ტრეფიკინგის შემთხვევა. საქმე უშუალოდ აღძრულია ერთი კონკრეტული ადამიანის ჩვენების საფუძველზე. სრული სიმართლე სასამართლო პროცესებზე გაირკვევა.”

ჩვენ გორში ცაბაძის ქუჩა #5/21-ში მცხოვრებ იმ ხალხს დავუკავშირდით, რომლებიც ტრეფიკინგის შემთხვევის ადგილის მეზობლად ცხოვრობენ. მათ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავეს.

ბ.გ (ცაბაძის #5/21-ში მცხოვრები): „მე მეორე სართულზე ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ. მითითებული ბინა კი ერთოთახიანია. ადრე აქ ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. როდესაც მეზობლების გასაცნობად დავაკაკუნე, გვითხრეს, რომ ბინა სხვას ეკუთვნის და გაქირავებულია. მას მერე ხუთჯერ თუ ექვსჯერ გაქირავდა ბინა. ბოლო ორი თვის განმვალობაში ორი 25 წლამდე გოგონა მხვდებოდა. მეგონა ჩინელები იყვნენ, რომლებიც სავარაუდოდ გორის ბაზართან მდებარე ჩინურ მაღაზიაში მუშაობდნენ. არ ვიცოდი თუ ყირგიზელები იყვნენ. ჩემი საძინებელსა და მათ ბინას საერთო კედელი ჰყოფს. სიმართლე გითხრათ ყვირილისა და ჩოჩქოლის ხმა არასდროს გაგვიგია.”

დღესდღეობით, საქმე ტრეფიკინგის ბრალდებით არის აღძრული. ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესებს დიდი რეზონანსი მოჰყვება. არც იმას გამორიცხავენ, რომ მოსამართლემ სამართალდამცველთა თხოვნით პროცესი დახურულად გამოაცხადოს.

საბა წიწიკაშვილი, გორიდან

ახალი ამბები