კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბორჯომში „ჩაკარგული“ აფხაზეთი (ნაწილი I)

24 იანვარი, 2007

borjomi.gifშუქი გრაფიკით, გასათბობად შეშა, სასმელი წყალი მხოლოდ ეზოში, საარსებოდ 11 ლარი და საცხოვრებლად ცარიელი კედლები - ეს ის პირობებია, სადაც ბორჯომში, ყოფილ სასტუმროში „მთის ხეობა“ დევნილები ცხოვრობენ. ბევრს არაფერს ითხოვენ - იატაკის დაგებას, ჭერის გადახურვას, წყალს, ელექტროენერგიას, პურის ფულს და სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში მოხვედრას.

ბორჯომში მცხოვრები დევნილები კომპაქტურად ჩასახლებულ სხვა დევნილებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან. არადა, საერთაშორისო ორგანიზაციები მათი პირობების გასაუმჯობესებლად მილიონებს არ იშურებენ. 

ცამეტსართულიან „მთის ხეობა“-ში აფხაზეთიდან დევნილი დაახლოებით 300-400 ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი პირობები თითქმის ყველას ერთნაირი აქვს. ვისაც საშუალება აქვს, შეშის ღუმელით თბება, ვისაც არა - ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ვინც ჯანმრთელია და ენერგიაც ხელს უწყობს, ფეხით მე-10 თუ მე-13 სართულზე თავისუფლად მოძრაობს და შესაბამისად, სასმელ წყალსაც ეზიდება. ვისაც არ შეუძლია, ეზოში იშვიათად და ისიც მეზობლების დახმარებით ჩადის და მათივე მოწოდებულ წყალსაც იზოგავს.

დილის 9 საათია. საშინლად ყინავს, ჰაერი გამჭვირვალეა. მთები დათოვლილი, შუაში კი ბორჯომია მოქცეული. სასეირნოდ და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად შესაფერისი დროა. სიჩუმეა და ხალხიც არ მოძრაობს. აუ, რა მოყინულია. მგონი აჯობებს, გზის მეორე მხარეს გადავიდე.

რა სასიამოვნოდ ჭრაჭუნობს ფეხქვეშ თოვლი, ზედ მზის სხივები ეცემა, თვალებს მჭრის. ამ ყველაფერს კი დამწვრის სუნი აფუჭებს. რაღაც უზარმაზარ კორპუსს მივადექი, სუნიც მგონი აქედან მოდის. კორპუსის სხვადასხვა სართულებიდან გამოშვერილი საკვამლე მილებიდან შავი კვამლი ამოდის, კედლები კი მთლიანად გამურულია. შენობიდან ქალი გამოდის, ხელში პატარა „ვედრო“ უჭირავს, ქუდი ახურავს, როგორც იტყვიან,  შინაურულად აცვია და სადღაც მიიჩქარის. არც კი შემოგვხედა. უკან მივყვები. ეზოს მივადექით. ფიცრებისგან შეკრული პატარა ქოხის  კარს აღებს, ღორი აღრუტუნდა. კარებიც დაიკეტა. დაახლოებით 5 წუთში ქალბატონი ფიცრულიდან გამოდის:
- გამარჯობა.
- გამარჯობა - გაკვირვებული სახით მპასუხობს, თავზე ქუდს იხდის, ტანსაცმელს ისწორებს, „ვედროს“ ძირს დგამს და რაღაცას ელოდება. 
- ჟურნალისტი ვარ, თქვენ აქ ცხოვრობთ, არა?  
- დიახ, აქ ვცხოვრობ. ვაიმე, რა უხერხულია. ფორმაში რომ არ ვარ...
ალბათ იცით, რომ აქ სულ დევნილები ცხოვრობენ. მე სოხუმელი ვარ. სულ ბოლოს წამოვედით იქიდან, მაშინ, როცა აფხაზეთი დაეცა. უკვე 14 წელია აქ ვცხოვრობ. პირობები ძალიან ცუდია. წყალი და სინათლე გრაფიკით გვაქვს. ძირითადად შეშით ვთბებით. შუქი დილის 5 საათიდან 11-მდე, საღამოს კი ისევ 5-დან 11-მდე მოდის. როცა შუქი გვაქვს, წყალიც არის, მაგრამ ეს წყალი დასალევად არ ვარგა. ტექნიკური წყალია. არავითარი დახმარება არ გვაქვს, როგორც დევნილებს, თითო სულზე, მხოლოდ 11 ლარს გვიხდიან. სიღარიბის დაძლევის პროგრამაში ვინც მოხვდა, მათ რაღაცით მაინც ეხმარებიან. რამდენიმე ოჯახმა თავის გასატანად საქონლის  სადგომი გავაკეთეთ. მე ერთი გოჭი მყავს. ზუგდიდიდან ჩამოვიყვანე. მეტი რა გითხრათ აბა. პირველად გაძლევთ ინტერვიუს. გამოვიდა რამე? თქვენ შეასწორეთ რა.
- ხალხი რატომ არ ჩანს, სძინავთ?
- რა ვიცი, ზოგს სძინავს, ზოგიც შრომობს... ცოტა მერე მოდით და ყველას ნახავთ...
ვემშვიდობები...
 
14 საათი. ეზოში უკვე ხალხმრავლობაა. ზოგი მზეზე თბება, ზოგი სარეცხით ხელში სადღაც მიდის, ზოგი სიგარეტს აბოლებს. სურათების გადაღება დავიწყე. ვგრძნობ, მათი ყურადღება მივიქციე. „ვინ არიან და რას იღებენ?“- ერთმანეთში კითხულობენ. ამასობაში კორპუსის კარგად შეთვალიერებასაც ვახერხებ.

პირობები რომ არაადამიანურია, შენობასაც ეტყობა. მარცხენა კუთხიდან, რომელიც ერთ დროს ნაგვის ბუნკერი იყო, საშინელი სუნი გამოდის. ეტყობა, რომ ნაგვით გატენილი ბუნკერის დაცლაზე კარგა ხანია, არავინ ფიქრობს. პრობლემაც ის არის, რომ ნაგვის ბუნკერის კარი ღიაა, წლების წინ დაგროვილი და როგორც იტყვიან დაკონსერვებული ნაგავი კი იქვე ყრია. ბუნკერთან ახლოს გავლა აქ მცხოვრებ თითქმის ყველა მაცხოვრებელს უწევს, რადგან თუ ეს მხარე არ გაიარე, სასმელ წყალთან ვერ მიხვალ. ამისთვის კი შემზადებულებიც არიან და ცხვირთან ხელს, ცხვირსახოცს თუ სვიტერის საყელოს იფარებენ.

წყალთან რიგი დგება. ასაკოვნებს ხელები ისე ეყინებათ, კანკალებენ და წყლის ავსებასაც ვერ ახერხებენ.
- გადი ბაჯო, მე აგივსებ. ყინვისგან ხელები არ მოგძვრეს (ეხმარება მოხუცს მეზობელი).

როგორც ჩანს, წყარო თავშეყრის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. აქ ერთმანეთსაც კითხულოებენ და თან ქვეყნის ამბებსაც გებულობენ. თუმცა, ვატყობ, თუ წყალი ადრიანად არ მოიმარაგე, შეიძლება უწყლოდ დარჩე: მარიამი „პლასტმასის“ ორი ცარიელი ჭურჭლით უკან ბრუნდება.
- წყალი არ მოდის, ტყუილად მიდიხართ - აფრთხლებს გზაზე შეხვედრილ მეზობლებს.
- რა უბედურებაა... ალბათ გაიყინა, ბიჭებო, რა დაემართა? - კითხულობენ სხვები. 
ბაჯოს გაუმართლა ჭურჭლის ავსება მოახერხა, ხელი მოჰკიდა და წავიდა. ეტყობა დაიღალა, კორპუსის წინა მხარეს გაჩერდა და მზეს ეფიცხება.
- შეიძლება დაგელაპარაკოთ?
- რავა არ შეიძლება - ხელები ჯიბიდან
ამოიღო, წელზე შემოიდო, ქუდი ოდნავ გადაიწია, თავი დახარა, ჩაფიქრებულის მდგომარეობა მიიღო და კითხვების საპასუხოდ მოემზადა - ბაჯო დადვანი ვარ, 62 წლის, გაგრის რაიონი სოფელი ბზიფიდან. აქ 1992-ში ჩამოვედი. პირობები არ გვაქვს. შუქი არ არის. ამბობენ დავალიანება არისო. ვისაც ცოტა საშუალება აქვს, შეშის ღუმელებით თბება. ზოგს შეშის საშუალებაც არა აქვს და ერთმანეთისგან თხოულობენ. არავინ არაფრით გვეხმარება. სოციალურად დაუცველთა პროგრამაში არ შემიყვანეს. ისიც ვერ გავიგე უარი რატომ მითხრეს. რა ნახეს ჩემს ოთახში ისეთი, რის გამოც ამ კატეგორიაში ყოფნას არ ვიმსახურებდი? მთავრობას შუქს და ადამიანურ პირობებს ვთხოვდი. დღეს კი მხოლოდ 38 ლარიანი  პენსიით ვცხოვრობ.

ლიფტი,რა თქმა უნდა, კარგა ხანია აღარ არსებობს. კიბეები თითქმის ჩანგრეულია და საშინელი სიბნელეა, თუმცა ჩემი მასპინძლები კიბეებზე ისე მიხტუნავენ, თითქოს უკუნ სიბნელეში კი არა, გაჩირაღდნებულ სადარბაზოს კიბეებს მივუყვებოდეთ. 

- თუ გინდათ, ცოტა შევისვენოთ. ჩვენ აქ სიარულს შეჩვეულები ვართ - ამბობს ერთ-ერთი ახალგახრდა, რომელიც ოთახების სანახავად მიგვიძღვება.


როგორც იქნა, მე-11 სართულამდე მივაღწიეთ და ერთ-ერთ კარებში შევედით. ახალგაზრდებმა დიასახლისიც გაგვაცნეს.   

- მობრძანდით, მე მზია დილებაშვილი ვარ. აგერ ხედავთ, რა  პირობებშიც ვცხოვრობთ.

otaxi.gifოთახი იმდენად პატარაა, რომ ორ ადამიანს ერთმანეთისთვის გვერდის ავლა გაუჭირდება.  ჩამოქექილ კედლებს გახუნებული მწვანე ფერი ადევს. ამომტვრეული ბეტონის იატაკზე კი დაკვირვებით უნდა გაიარო, თორემ შეიძლება კისერიც მოიტეხო. გასათბობად - შეშის ღუმელი, პატარა მაგიდა, 2 სკამი, კარადა, საწოლი და ძველებური ტელევიზორი - სულ ესაა ამ ოჯახის ავლა-დიდება.

- ძალიან გვიჭირს. ოჯახში სამნი ვართ, მთავრობისგან მხოლოდ 11 ლარიან დახმარებას ვღებულობ. იმ, დაუცველთა  კატეგორიაში არ მოვხვდი, არადა კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვცხოვრობ.  იატაკი არ მაქვს, მაცივარი არა, სამსახური არა. დამპირდნენ, დაუცველთა კატეგორიაში იანვრიდან ყველანი მოხვდებითო. ამჟამად არსად ვმუშაობ. 11 ლარით ვცოცხლობ. ჩემს გარდა ოჯახში სხვა შემოსავალი არავის აქვს. იშვიათად კერძო სამუშაო თუ გამოჩნდება, ბიჭები მუშაობენ.  საშუალება რომ მქონდეს, ასეთ პირობებში ნამდვილად არ ვიცხოვრებდი.

- ამ ოთახში სამი ადამიანი როგორ ეტევით?
- სხვა რა გზაა. გვერდით კიდევ მაქვს ერთი პატარა ოთახი, წამობრძანდით, გაჩვენებთ.
ის პატარა ოთახი დაახლოებით ასე გამოიყურება: კედლები და იატაკი იგივე მდგომარეობაშია, დგას ერთი დიდი წყლის ავზი და ძირს მიბრეცილ-მობრეცილი ფეხსაცმელებია ჩამოლაგებული. სხვა არაფერი - მხოლოდ ცარიელი კედლები.
- ეს სათავსო ოთახია?
- არა, ჩვეულებრივი ოთახია, რაც მაქვს, სულ ეს არის. სიღარიბის დაძლევის პროგრამაში კი არ შემიყვანეს. ეს ერთი ოთახი მაინც გამირემონტონ, რომ  ადამიანურ პირობებში ვიცხოვრო. იატაკი მაინც გამიკეთონ. ყინვისაგან ფეხებს ვეღარ ვგრძნობთ.“
ერთი სული მაქვს ოთახიდან როდის გამოვაღწევ. ისე ვემშვიდობები, რომ თვალებში არ ვუყურებ, რა ვიცი, მერიდება თუ რა მჭირს... ქვედა სართულებს ჩამოვუყევი... სტუმრად ნათელა გახარიასთან მოვხვდით.

(ნაწილი II)   http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=570

ეკა გულუა, ბორჯომიდან

ახალი ამბები