კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არასამთავრობოების „შავი სია” არსებობს

25 იანვარი, 2007

nacvlishvili.gifპრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად ორთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, გია ნაცვლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც მოიცალა. გუბერნატორი მესამე სექტორის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. შეხვედრაზე მხოლოდ ის არასამთავრობოები მიიწვიეს, ვინც ცისკარიშვილისეულ „შავ სიაში“ არ მოხვდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, არასამთავრობოებისთვის აღნიშნული შეხვედრისა და ამ შეხვედრაზე მიწვევის შესახებ, ინფორმაციის მიწოდება სამხარეო ადმინისტრაციის განყოფილებებს ევალებოდათ, მაგრამ როგორც რწმუნებულის პრესმდივანმა მარი შაშვიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, სამხარეო ადმინისტრაციიდან დავალება რაიონული გამგეობების წარმომადგენლებს გადაავალეს. გურჯაანში აღნიშნული დავალების შესრულება გამგებლის პირველ მოადგილეს, რწმუნებულის აპარატის ყოფილ თანამშრომელს ვალერი ვარდოსანიძეს ხვდა წილად: „სამხარეო ადმინისტრაციიდან დამირეკეს და მითხრეს, გუბერნატორი არასამთავრობოებთან შეხვედრას მართავს და ჩვენს რაიონში განთავსებულ ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდეო. ზოგიერთი მათგანი გამომრჩა. ვისაც შევატყობინე კი მათი თელავში ტრანსპორტირების ხარჯები ჩემს თავზე ავიღე,“ - აღნიშნა ვარდოსანიძემ.

 მას არაფერი უთქვამს იმ სიასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, სამხარეო ადმინისტრაციიდან ფაქსით გამოგზავნეს. წერილში შეხვედრაზე მოსაწვევი კონკრეტული არასამთავრობოების მონაცემები ყოფილა აღნიშნული. ამ სიაში მოხვდნენ ასოციაცია „ვეჟინი“, „სამართლიანი არჩევნები“, „ახალი თაობა“ და სხვები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომელიც ადამიანის უფლებებს მთელი რეგიონის მასშტაბით იცავს, შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის რეგიონში ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. მის საქმიანობას ადგილობრივი ჟურნალისტები კარგად ვიცნობთ. ამ არასამთავრობო ორგანიზაციას რეგიონში არსებული ბევრი სერიოზული პრობლემისა თუ დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვს. ვფიქრობ, გუბერნატორის არასამთავრობოებთან შეხვედრაზე უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა მიეწვიათ, თუ კი, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ ჰქონდა და საქმიან ხასიათს ატარებდა,“ - ამბობს ჟურნალისტი ზვიად რუაძე.

„ის, რომ ამ შეხვედრაზე, თუ არ ჩავთვლით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისს, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიუწვევიათ, მოსალოდნელი იყო.  სამხარეო ადმინისტრაციისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ იმის გარანტია, რომ კრიტიკულად მოაზროვნე არასამთავრობოები, რეგიონის პირველ პირს, მისივე კორუმპირებული თანამშრომლების თანდასწრებით, რეგიონში არსებული უამრავი დარღვევის შესახებ არ მოახსენებდნენ,“ - აღნიშნავს რეგიონული გაზეთის „იმედის“ კორესპონდენტი თამარ მახარაშვილი.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე არც სიღნაღში მოქმედი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია „იურისტთა განვითარების ცენტრი“ მიუწვევიათ. სამაგიეროდ, მიიწვიეს ასოციაცია „კაი ყმა“, რომლის ხელმძღვანელი მამუკა კორაშვილიც  სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.

იურისტი თინათინ ფხოველიშვილი თვლის, რომ სწორედ ამ ნიშნით შეირჩნენ შეხვედრის მონაწილე არასამთავრობოები: „გუბერნატორთან შესახვედრად ძირითადად ის არასამთავრობო ორგანიზაციები მიიწვიეს, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას აწყობდა და რომლებიც, რა თქმა უნდა, მათზე ცუდს არ იტყოდნენ,“ - აცხადებს თინა ფხოველიშვილი.

„ჩვენ ვთვლით, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა მიეწვიათ. მითუმეტეს, რომ ჩვენმა წარმომადგენელმა პრეზიდენტის რწმუნებულთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვა. აქვე ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, კახეთის გუბერნატორად გია ნაცვლიშვილის დანიშვნის შემდეგ, მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. დაგროვდა უამრავი პრობლემა, რომელიც კიდევ უფრო გაუსაძლისს და აუტანელს ხდის რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებას,“ - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის რეგიონული ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი.

მომხდართან დაკავშირებით, პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გია ნაცვლიშვილი კომენტარს არ აკეთებს. მისი პრესმდივანი მარი შაშვიაშვილი კი პასუხისმგებლობას მთლიანად რაიონული გამგეობის წარმომადგენლებს აკისრებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები გუბერნატორთან აუდიენციას ითხოვენ, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია შედგება თუ არა შეხვედრა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები