კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა

30 იანვარი, 2007

tanamgzavri.gifადგილობრივ ხელისუფლებასთან ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა. ბოლო ორი კვირაა ეთერში აღარ გადის ყოველდღიური გადაცემა „მაცნე“, რომელიც მაყურებელს კახეთის მასშტაბით მომხდარი ახალი ამბების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანია „თანამგზავრს“ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთი პრობლემა შეექმნა. „თელავის გამგეობიდან ჩვენი კორესპონდენტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიღება. 2005 წლის ნოემბერში თელავის  რაიონის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გოჩა მამაცაშვილის დავალებით, ტელეკომპანიაში ფინანსური პოლიცია შემოიჭრა, რამაც „თანამგზავრის“ მუშაობა შეაფერხა. შემდეგ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ენრი კობახიძის დაპატიმრებას შეეცადნენ. ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვერაფერი რომ ვერ მოგვიხერხეს, ბოლოს ფინანსური პოლიცია ყველა იმ საწარმოში შევიდა, ვისაც სარეკლამო მომსახურებას ვუწევდით. ზეწოლისა და ზედმეტი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ამ ორგანიზაციებმა  საერთოდ უარი თქვეს ჩვენთან თანამშრომლობაზე. შედეგად კი რთული ფინანსური პრობლემები შეგვექმნა, რამაც საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეწყვეტა გამოიწვია,“ - აცხადებს „თანამგზავრის“ ჟურნალისტი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნატო მეგუთნიშვილი.

საინფორმაციო გამოშვების დახურვამდე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ეთერში ყოველკვირეული გადაცემა „დიალოგის“ გაშვება შეწყვიტა. ეს ფაქტი, მაშინაც და ახლაც ტელეკომპანიის დირექტორმა ენრი კობახიძემ „თანამგზავრის“ ოფისიდან გამოსახლებას დაუკავშირა. ტელევიზიის დამფუძნებლებს შორის არსებული სამწლიანი დავის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შენობა, სადაც სატელევიზიო სტუდია იყო მოწყობილი და გადაცემა მზადდებოდა, კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ზურაბ ქუმსიაშვილს გადასცა. მას შემდეგ „თანამგზავრი“  არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ თელავის ოფისში იყო განთავსებული. ტელეკომპანიის მესვეურებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი მაუწყებლობისათვის საჭირო ფართის მოძიებასა და დაქირავებაშიც შეუშალა.

ნატო მეგუთნიშვილის თქმით, თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გოჩა მამაცაშვილი „თანამგზავრს“ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. „თითქმის ყველა კონკრეტულ პირთან დაწყებული მოლაპარაკება, ფართის იჯარით აღებასთან დაკავშირებით, კრახით დასრულდა, რადგან მათზე რაიონის ხელმძღვანელობისგან ზეწოლას და მუქარებს ჰქონდა ადგილი“- აღნიშნავს ნატო მეგუთნიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გოჩა მამაცაშვილი თელავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. „თანამგზავრში“ ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ როგორ განვითარდება მათ ირგვლივ მოვლენები.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების აზრით, „თანამგზავრის“ ეთერში გასული სიუჟეტები მაღალხარისხიანი არ იყო, მაყურებელი ტელეკომპანიის ჩვეულ სამუშაო რიტმში დაბრუნებას მაინც ერთხმად ითხოვს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები