11:18, Sunday, 15.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ან გადავრჩებით ან - არა (ნაწილი II)

31.01.2007
camlebi2.gifკიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მომხმარებელს თავის დაცვა არანაირად არ შეუძლია. როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე ამბობს, კვების პროდუქტების სფეროში აბსოლუტური უკონტროლობაა და ყველა თავისთვის ჭრის და კერავს: „სიტუაცია მართლაც სავალალოა. ახალი სამსახურის შექმნის იმედი გვქონდა, თუმცა მისი ამოქმელების ვადებმა გადაიწია. ის ძირითადი პროდუქცია, რასაც მოვიხმართ სარისკო და საეჭვოა.

მაგალითად, პური: ყველა საცხობს საკუთარი სტანდარტები აქვს დაწესებული. ამის მაკონტროლებელი კი არავინაა. ერთ ეტიკეტზე ასეთი წარწერაც კი წავიკითხე „ტექნოლოგია განსხვავებული“. ანუ, ყველა თავის გემოზე ჭრის და კერავს. მომხმარებელს ძალიანაც რომ უნდოდეს, ჯანსაღ პროდუქტს ვერ აირჩევს, რადგან, ელემენტარულად, ეტიკეტი ამ ინფორმაციას არ იძლევა. თუ ინტერესი და ზეწოლა მოსახლეობიდან არ წამოვიდა, როგორც ჩანს, სახელმწიფო არ აპირებს დაიცვას ჩვენი, როგორც მომხმარებლებისა და მოსახლეობის უფლებები ჯანსაღ საკვებზე, ჯანსაღ გარემოსა და არჩევანზე.“

კვების პროდუქტების ექსპერტების ანალიზით, საშიში მალფუჭებადი პროდუქტებია: ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, პური, რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები და ძეხვეულობა.

პრობლემის არსებობას სახალხო დამცველიც აღიარებს. მისი თქმით, კვლევამ სწორედ ის დაადასტურა, რაც საზოგადოებამ ზედაპირულად იცოდა, თუმცა, თავდაცვის ვერანაირ მექანიზმებს ვერ გვთავაზობს.

სოზარ სუბარი: „არ ვამბობ, რომ ყველაფერი მომწამლავია, თუმცა ის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს. ეს ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელსაც სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება. ეს არის დაკავშირებული ჯანმრთელობის უფლებასთან, სიცოცხლის უფლებასთან და სახელმწიფომ ამ მიმართულებით მონიტორინგი უნდა განახორციელოს. არანაირი კონტროლი დღეს არ არსებობს. მიღებული მასალები გარკვეული რეკომენდაციების სახით ჩვენს მოხსენებებში აუცილებლად შევა.“

რისკი არსებობს

პრობლემის არსებობას არც სს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კვლევის განყოფილების გამგე გულიკო დვალი უარყოფს. როგორც მან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, მუშაობა მიდის, თუმცა არადამაკმაყოფილებლად: „ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ის სამსახური, რომელმაც სურსათის უსაფრთხოება უნდა დაარეგულიროს, ჩამოყალიბების პროცესშია.“

ჟურნალისტი: რამდენად უსაფრთხო პროდუქტს მოვიხმართ?
გულიკო დვალი: „აქ შეიძლება ბევრი პრობლემა გამოვყოთ. 1. რამდენად ხარისხიან პროდუქციას ამზადებს მეწარმე; 2. როგორ მიდის ეს პროდუქტი ბაზარში და დაცულია თუ არა ტრანსპორტირების საკითხი; 3. რამდენად სწორ პირობებში ხდება მისი რეალიზაცია; 4. რამდენად გათვითცნობიერებულია მომხმარებელი რას ყიდულობს. მოგეხსენებათ, რომ არცერთი პროდუქტი არ იწარმოება დანამატების გარეშე. ამას კი იმიტომ იყენებენ, რომ პროდუქს მოხმარების ვადა გაუხანგრძლივდეს. ჭარბი რაოდენობით მიღებული ეს დანამატები კი შეძლება სიცოცხლისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს.  რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს.“

კიდევ ერთი ექსპერტი, რომელიც პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს, სტანდარტების მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნოდარ ხატიაშვილია. მისი აზრით, საქართველოში არის როგორც უსაფრთხო, ასევე საფრთხის შემცველი პროდუქტები, თუმცა, გააჩნია რაოდენობას: „ჩემი აზრით, პროდუქციის 50% უსაფრთხოა. რაც შეეხება საფრთხეებს ის სხვადასხვა ხასიათისაა. მაგალითად, რომელიც კლავს, რომელიც დროებით დაავადებას იწვევს, რომელიც წამლავს და ასე შემდეგ. საფრთხე მარტო საქართველოში კი არა, განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს. ამისთვის ეფექტურია სისტმური მიდგომა. ეს სისტემა კი ჩვენთან დღეს ვითარდება. ჩემი აზრით მინიმუმ 4 წელი გჭირდებაა იმისათვის, რომ ბაზრის ზედამხედველობის ევროპულ მოდელს მივაღწიოთ.“

საქართველოს ბაზარზე არსებული სიტუაციით და არსებული დასკვნებით შეშფოთებულია საკანონმდებლო ორგანოც. მართალია, კანონმდებლობის შემუშავება სწორედ მათი ფუნქციაა, თუმცა სპეციალისტებისგან ინიციატივებს ვერ ხედავენ.

აღნიშნულ საკითხში სახელმწიფოს პოლიტიკა არც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წარმომდგენელ პაატა ქურდოვანიძეს მოსწონს. მისი თქმით, ადამიანი წყლით მოიწამლება თუ პომიდორით, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პრობლემაზე ზრუნავდეს: „სანიტარული კოდექსი არსებობს თუ არა ამას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მისი აღმასრულებელი ინსტანცია არ არსებობს საქართველოში. მეტი კომენტარი არც ღირს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაოდ მხოლოდ იურისტები გამოაგზავნა და არა სპეციალისტები. ჩვენ მოვითხოვთ, ცოტა უფრო მაღალი რანგის პასუხისმგებელმა პირებმა და სპეციალისტებმა მიიღონ მონაწილეობა მსგავს საკითხებში“.

ახალ სისტემებს ვნერგავთ ბატონებო და გვაცალეთ...

სოფლის მეურნების სამინისტროში გაღიზიანების მიზეზი უკვირთ და ამბობენ, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერი კეთდება. სურსათის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ გუგუშვილის თქმით, მსგავსი საკითხები პრესასთან კი არა, სამუშაო შეხვედრებზე უნდა იხილებოდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში რაღაც ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა ის, რომ პოლიტიკა არ არსებობს და არაფერი კეთდება, არასწორია. „ჩხუბით არაფერი გამოვა. უამრავი რამ კეთდება. ექსპერტები ჩამოგვყავს და ახალ სისტემებს ვნერგავთ“ - ასეთია მისი პოზიცია.

ჟურნალისტი: რამდენად უსაფრთხოა ის პროდუქტი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს?
ნიკოლოზ გუგუშვილი: პრობლემა არსებობს, მაგრამ ის გადაუჭრელი არ არის. ჩვენი მიმართულება ის არის, რომ შემოტანილ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა მთლიანად შემომტანს, რეალიზატორსა და ადგილობრივ მწარმოებელს ეკისრება. პასუხისმგებლობა მთლიანად ამ პიროვნებებზე უნდა გადანაწილდეს. ხოლო სახელწიფო მონიტორინგი ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე უნდა განხორციელდეს, როგორიცაა წყალი. ასევეა ხორცი და ხორცის პროდუქტები. ასე რომ, როცა ამბობენ სიტუაცია უკონტროლოა და არაფერი კეთდებაო, არასწორია. დრო გვჭირდება იმისათვის, რომ მოვმძლავრდეთ, ვისწავლოთ და ევროპული დონის სამსახურები შევქმნათ.“

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულია მომხმარებლთა უფლებების დაცვა. მომხმარებლთა უფლებები ასევე დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს კანონებით: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტებით.

ცალკე კვების პროდუქტებით მოწამლული ადამიანების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ არსებობს. რაც შეეხება სამკურნალო ნივთიერებებით, მედიკამენტებითა და ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2003 წელს 1487 შემთხვევა, 2004 წელს - 1487, 2005 წელს კი 1564 შემთხვევა დაფიქსირდა.

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC