კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარხნის ყარაული, დაკარგული ქონება და ჩადებული ნარკოტიკი

1 თებერვალი, 2007

cixe_2.gifასლან აბაშიძის კუთვნილი ქარხნიდან დაკარგული მილიონი დოლარის ღირებულების დანადგარების მოპარვაში ეჭვმიტანილი კოტე ასკურავა, გასულ კვირას, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის წევრები სამართალდამცველებს უკანონობაში ადანაშაულებენ.

გასულ კვირას, ასკურავების სახლი, აჭარის სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ნარკოტიკების რეალიზაციაში ეჭვმიტანილ კოტე ასკურავას, სამართალდამცავების ინფორმაციით, სახლში დიდძალი რაოდენობის ნარკოტიკი და იარაღი ჰქონდა. ოპერაცია გვინ ღამით, სოდის 30-მდე ნიღბიანმა თანამშრომელმა ჩაატარა. ეჭვმიტანილს პირადი ჩხრეკის დროს შარვლის ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ ერთი აბი ამოუღეს. კოტე ასკურავას დედა, მარინა ასკურავა იხსენებს, რომ გაოგნებული დარჩა, როდესაც პირადი ჩხრეკის შემდეგ, სოდის თანამშრომლებმა სახლის დათვალიერება შეწყვიტეს: „ეს ყველაფერი სიყალბე იყო. ჩემს შვილს ნარკოტიკები ჩაუდეს. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ როგორც კი კოტეს ჯიბიდან ჩაგდებული ნარკოტიკი ამოუღეს, ოპერაცია დასრულდა. ნიღბიანები ამტკიცებდნენ, რომ სახლში უამრავი ნარკოტიკი და იარაღი ინახებოდა, თუმცა ერთი ცალი ნარკოტიკის ამოღების შემდეგ, სახლი ზედაპირულად გადაათვალიერეს და ისე წავიდნენ ერთ ოთახში შესვლაც კი დაავიწყდათ.“
 
ასკურავების ოჯახი ამტკიცებს, რომ სოდის თანამშრომლებმა დანაშაული ჩაიდინეს და კოტე ასკურავას დაპატიმრება ნარკოტიკის ჩაგდებით სცადეს. კოტე ასკურავას დაკავებით კი პოლიცია იყო დაინტერესებული: „ჩემი ძმა ქარხანაში „აღორძინება მ“ ყარაულად მუშაობდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ ქარხნიდან დანადგარები მოიპარეს. ეჭვმიტანილად კი კოტეს ასახელებენ. სამხილები ჩემი ძმის წინააღმდეგ ვერ იპოვეს, ამიტომ მისი დაჭერა დანაშაულებრივი გზით, ნარკოტიკების ჩაგდებით გადაწყვიტეს,“ - ამბობს ქრისტინე ასკურავა.

ასკურავების წინააღმდეგ ჩამოსასხმელი ღვინის ქარხანამ „აღორძინება მ“ საქმე გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ამ დროს, პოლიციის მტკიცებით, ქარხნიდან მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარი და სხვა აპარატურა გაქრა. უშიშროების თანამშრომლებმა კოტე ასკურავა არაოფიციალურ დაკითხვაზე დაიბარეს და ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხეს. რამდენიმე დღეში, ამავე საკითხზე ასკურავა შს სამართველოში ძმასთან, მამუკა ასკურავასთან ერთად დაიბარეს.

კოტეს ასკურავას ძმა, მამუკა ასკურავა ამბობს, რომ მისი დაკითხვა პოლიციას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დასჭირდა: „გამომძიებელი დავით კორძაია მთხოვდა დამესახელებინა ადამიანები, რომლებმაც აპარატურა გაიტანეს. ჩემს ძმაზეც მეკითხებოდა რაღაცეებს.  გამომძიებელს ვერაფრით დავეხმარე, ამის გამო გაბრაზდა და სასტიკად მცემა. ყოველ კითხვაზე მირტყამდა.“

ნაცემი მამუკა ასკურავა ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ოჯახმა მეორე დილით გადაიყვანა. #1 ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ექიმი ლევან ხელაძე აცხადებს, რომ ნაცემი პაციენტი საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით მიიყვანეს.

ცემის ფაქტზე გამოძიება პოლიციამ პროკურატურის ზედამხედველობით დაიწყო. ორი თვის შემდეგ, საქმე კვლავ ძიებაშია. კოტე ასკურავას ბრალეულობის დასადგენად გამოძიება დღემდე მუშაობს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული სამხილი ასკურავას წინააღმდეგ არ არის აღმოჩენილი. ის ბათუმის #3 საპყრობილეში, წინასწარპატიმრობაში სხვა - ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით იმყოფება.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კოტეს წინააღმდეგ მუქარებიც იყო. თუ ის ქარხანასთან დაკავშირებით დანაშაულს აღიარებდა მას გაათავისუფლებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის ძმასაც დაიჭერდნენ.

კოტე ასკურავას ძმა, მამუკა ასკურავა ამბობს, რომ მუქარა ძმის დაჭერის შემდეგ მასზეც ხორციელდებოდა: „პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ მიმანიშნეს, რომ თუ ღვინის ჩამოსასხმელი აპარატურის მოპარვის შესახებ არ ვისაუბრებდი, ძმის ბედს გავიზიარებდი. შესაძლოა, ნარკოტიკებით მეც ნებისმიერ დროს ამიყვავნონ.“

მუქარის შესახებ, კოტე ასკურავამ აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებულს გიორგი ჩარკვიანსაც უთხრა: „დაკავებულმა მითხრა, რომ თუკი ის დანადგარის მოპარვის შესახებ გამოძიებას ინფორმაციას არ მიაწოდებდა, მის ძმას და ოჯახის სხვა წევრებსაც დააკავებდნენ.“
სამართალდამცავები კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამოდინარე არ აკეთებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ნარკოტიკის რეალიზაციის საქმე ჩამოსასხმელი ღვინის ქარხნის საქმეს არ უკავშირდება.

ცნობისათვის: კოტე ასკურავამ,  შპს „აღორძინება მ“ - ში ყარაულად მუშაობა 2005 წელს დაიწყო. მას ყოველთვიურად 70 ლარს უხდიდნენ.  ამ დროისთვის, ეს დაწესებულება ფინანსური პოლიციის მიერ დალუქული იყო და არ ფუნქციონირებდა. კოტე ასკურავას დალუქული ობიექტის დაცვა ევალებოდა. მისთვის სამუშაოს დაწყების დროს, არ უთქვამთ შენობაში რა ინახებოდა. ასკურავას მუშაობის დროს, ოფიციალურად ქურდობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქარხნის კარებს ფინანსური პოლიციის ლუქი კი ისევ ადევს.

ჩამოსასხმელი ღვინის ქარხანა ასლან აბაშიძის ერთ-ერთი საოჯახო ბიზნესი იყო. 2003 წელს „აჭარის რევოლუციის“ შემდეგ, აბაშიძის ქონების დიდი ნაწილი გაიბნა. სხვა ქონების მსგავსად, რევოლუციის შემდგომ, ქარხანაში არსებული ქონებაც არ იყო დაცული. კოტე ასკურავას დედას მარინა ასკურავას ეჭვი აქვს, რომ ღვინის დანადგარის ქარხნიდან გატანა ობიექტის დალუქვამდე მოხდა.

სოფო ჟღენტი, ბათუმი

ახალი ამბები