კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

13 თებერვალი, 2007

gurjaanis_gamgeoba.gifადამიანის უფლებათა ცენტრი გურჯაანის ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების მითვისება – გაფლანგვაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, აკაკი სიხარულიძეს. გამგეობის კომენდატის ალექსანდრე ჯანიაშვილის განცხადება: „გთხოვთ, გამოგვიყოთ 380 ლარი სასტუმრო „რები – გურჯაანში“ დელეგაციის მომსახურეობისათვის. 22.03.2006 წ.“

მსგავსი განცხადების შემდეგ რაიონის გამგებლის მ/შ გამოსცემს განკარგულებას: „რაიონის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებიდან, შპს „რები გურჯაანს“, თანახმად ხელშეკრულებისა, გამოეყოს სტუმრების მომსახურეობისათვის 380 ლარი. დაევალოს საფინანსო – ეკონომიკურ სამსახურს მოახდინოს შესაბამისი ფინანსური ოპერაციის განხორციელება. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ა.სიხარულიძე. 11.04.2006 წ.“

2006 წლის 11 აპრილს გურჯაანს „ურბანული ინსტიტუტიდან“ ნამდვილად სტუმრობდნენ, თუმცა როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ქეთი ჯაყელი აღნიშნავს, მათ გურჯაანის რაიონის გამგეობასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონიათ.

„ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ქალაქ გურჯაანის გამგეობასთან და არა გურჯაანის რაიონის გამგეობასთან. რაც შეეხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გაცემას, თითქოსდა ჩვენი მომსახურებისათვის, ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ გურჯაანის ყოფილ გამგებელსა და საკრებულოს წევრებს ვესაუბრე და მსგავსი არაფერი ქალაქის ბიუჯეტიდან გახარჯული არ არის.

ჟურნალისტი: ქალბატონო ქეთი, გურჯაანის რაიონის გამგებლის 2006 წლის 123-ე განკარგულებას თან ერთვის სასტუმრო „რები გურჯაანის“ ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მოცემულია ინფორმაცია სტუმრების შესახებ, კერძოდ: ქეთი ჯაყელი, გიორგი ნასარიძე და ეკა გოგიტიძე.

ქეთი ჯაყელი: რაიონის გამგებლის განკარგულება? მე ერთ რამეს გეტყვით. რაიონთან ჩვენ საერთოდ არ ვთანამშრომლობდით და არც ვიცნობთ რაიონის გამგებელს. მივლინებაში ორგანიზაციის ფინანსებით ვიყავით და შესაბამისად სასტუმროს მომსახურების ხარჯები მთლიანად ჩვენ დავფარეთ. ასე, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეეჭვება. ...მე და ეკა გოგიტიძე ურბანული ინსტიტუტს ნამდვილად წარმოვადგენთ, მაგრამ გიორგი ნასარიძე? ...ასეთი თანამშრომელი საერთოდ არ გვყვავს.

„გურჯაანის რაიონის გამგებელს აკაკი სიხარულიძეს. 2006 წლის 5 ივლისიდან 8 ივლისამდე გურჯაანის რაიონის კულტურის ცენტრში მოეწყო სოფლის მეურნეობის ტექნიკის თანამედროვე მიღწევათა გამოფენა-გაყიდვა. რაიონს სტუმრობდა ავსტრიელთა დელეგაცია. მათ კვებითი მომსახურეობა გაუწია პარკის რესტორანმა შპს „გაურჯამ“, მომსახურების ხარჯმა 700 ლარი შეადგინა. გთხოვთ გამოგვიყოთ აღნიშნული თანხა.“ განცხადებას თან ერთვის გამგებლის მოადგილის ნუგზარ კვაცაშვილის და გამგეობის სხვა თანამშრომლების, ამირან ოქროშიძის, გიორგი ჯაჯანაშვილის, ნიკა ნიჟარაძის, ნანა რამაზაშვილის, თამაზ აბრამიშვილისა და სხვათა მიერ ხელმოწერილი აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ავსტრიელ სტუმრებს მომსახურება რესტორანმა „გაურჯამ“ გაუწია, დანახარჯმა შეადგინა 700 ლარი და ეს თანხა საჭიროა გატარდეს გამგეობის ხარჯებში.

სინამდვილეში, 2006 წლის ივლისში გურჯაანში ჩამოსულ ავსტრიელ სტუმრებს, კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ბიძინა სონღულაშვილმა უმასპინძლა. „გასული წლის ზაფხულში, თუ არ ვცდები ივლისის თვეში, გურჯაანს ნამდვილად სტუმრობდნენ ავსტრიიდან. მათ ჩემი ფინანსური სახსრებით ვუმასპინძლე, ოღონდ არა „გაურჯაში“, არამედ სასტუმრო „რები გურჯაანის“ რესტორანში,“ - განაცხადა ბიძინა სონღულაშვილმა ჩვენთან საუბარში.

გურჯაანის რაიონის გამგებლის განკარგულება #413, 2006 წლის 26 ოქტომბრით თარიღდება. განკარგულების მიხედვით, რაიონის გამგეობის ბიუჯეტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურების ხარჯებიდან ღვინის მწარმოებელი ქართულ-იტალიური კომპანია „ბადაგონის“ ღვინის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე მოწვეული იტალიელი სტუმრების კვებით მომსახურებისათვის ინდ. მეწარმე „დავით ბეჟაშვილს“ 600 ლარი გამოეყო. ამავე განკარგულებით, შესაბამისი ფინანსური ოპერაციის განხორციელება გამგეობის საფინანსო - ეკონომიკურ სამსახურს დაევალა. სამსახურის უფროსი ანა კუტიბაშვილი განმარტავს, რომ გამგებელი განკარგულებას განცხადების საფუძველზე გამოსცემს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გამგებლის განკარგულებას თან ერთვის განკარგულების გამოცემიდან მომდევნო დღით, ანუ 27 ოქტომბრით დათარიღებული, ალექსანდრე ჯანიაშვილის განცხადება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინდ.მეწარმე „დავით ბეჟაშვილის“ მიერ გაცემული სასაქონლო ზედნადებიდან კი ირკვევა, რომ გამგეობას ინდივიდუალური საწარმოდან 600 ლარის ღირებულების მინერალური წყალი შეუძენია.

დოკუმენტების მიხედვით, გურჯაანის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა დროს უმასპინძლა სტუმრებს საფრანგეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან და ა.შ, ოღონდ ვის და რატომ, არ იციან. „გურჯაანის რაიონში ჩამოსული სტუმრების ნუსხა, როგორც ასეთი არ გაგვაჩნია,“ - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროსი თამაზ აბრამიშვილი.

ჟუჟუნა პაპუნაშვილი, გურჯაანის რაიონის გამგეობის ყოფილი იურისტი: გამგე, ნანა რამაზაშვილის  არყოფნის გამო, იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ვასრულებდი. გამგეობის ბუღალტერმა აქტი მომიტანა და ხელი მოვაწერე. იმ დროს აშშ-დან, მარეტ სუგალი და იუპ ბრესლი კახეთს ნამდვილად სტუმრობდნენ. გამგეობა სტუმრების შესახებ მონაცემებს აგროვებდა, რომ თანხები გაეწერათ და მოეხმარათ. 160 ლარს, რომლის ხარჯვის კანონიერებასაც ვადასტურებ, თუ საჭირო გახდა უკან დავაბრუნებ. სხვებისგან განსხვავებით, მე მხოლოდ ერთ აქტზე მაქვს ხელი მოწერილი.“

სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა გურჯაანში საკუთარი სახსრებით რომ იყო ჩამოსული და გამგეობასთან შეხება საერთოდ არ ჰქონიათ, ამას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 15 დეკემბრის ბრძანებაც ადასტურებს. ბრძანების თანახმად სასტუმრო „რები გურჯაანს“ 13- დან 15 დეკემბრამდე სტუმრების მომსახურებისათვის გამოეყო და გადაერიცხა 500 ლარი. მითითებულ დღეებში სასტუმროს მსოფლიო ბანკის დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის მონაწილეები სტუმრობდნენ, რომლებმაც ქათმის გრიპთან დაკავშირებით სემინარები გამართეს. როგორც ამ პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა სოფო ჩაკვეტაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სასტუმროს მომსახურების ხარჯები მთლიანად მათ დაფარეს და არა სხვამ.

15 დეკემბერს „რები გურჯაანს“ გამგეობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სასტუმროს კუთვნილ რესტორანში მათ მუნიციპალიტეტის გამგებლად რამაზ ქერეჭაშვილის დანიშვნა იზეიმეს. დანახარჯი კი ამჯერადაც ბიუჯეტიდან ანაზღაურდა. ამ ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროსი თამაზ აბრამიშვილი გაუგებრობით ხსნის. „ქათმის გრიპის სემინარებთან დაკავშირებით რაღაც აირია, გავარკვევთ და გავასწორებთ. ...რაც შეეხება თქვენს კითხვას, სხვა დანახარჯებთან დაკავშირებით, გამგეობის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ გამგეობის ოფისის ხარჯებიდან სტუმრების მომსახურებისათვის 28 დეკემბერს 700, ხოლო 29 დეკემბერს 600 ლარი გახარჯა. 28 დეკემბერს რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ვუმასპინძლეთ, მომდევნო დღეს გახარჯულ 600 ლარს კი გამგეობის ის თანამშრომლები, ვინც რესტორანში ვიყავით, შევკრებთ და ბიუჯეტში უკან დავაბრუნებთ,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსმა.

მარტო 2006 წელს, რაიონული ბიუჯეტიდან ამ გზით გახარჯული თანხების საერთო ოდენობამ 10 000 ლარს მიაღწია. თუმცა აღსანიშნავია რომ ადგილობრივი ხელისუფლება იგივე სამუშაოების განხორციელებით, 2004 და 2005 წლებშიც იყო დაკავებული. 2004 წელს სტუმრების მომსახურებისათვის რაიონული ბიუჯეტიდან 4 000 ლარამდე თანხაა გახარჯული, 2005 წელს კი თანხის ოდენობა გაორმაგებულია.

ყველაზე ხშირად სტუმრების მიღების მომსახურებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ განცხადებების ავტორი, გამგეობის კომენდატი ალექსანდრე ჯანიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების გამგე ამირან ოქროშიძე არიან. თუ რატომ მიმართავდნენ მაინც და მაინც ისინი გამგებელს განცხადებით, ამას ალექსანდრე ჯანიაშვილი შემდეგნაირად ხსნის: „მე რასაც მავალებდნენ, იმას ვაკეთებდი. ვინ სტუმრები იყვნენ და რისთვის, საიდან უნდა ვიცოდე. მეუბნებოდნენ, რომ დაწერე განცხადება ამდენ თანხაზეო და მეც ვწერდი,“ - განმარტავს იგი.

რაც შეეხება ამირან ოქროშიძეს, მისი თქმით, განცხადებებს რაიონის გამგეობის აპარატში არსებული ინტერესთა კონფლიქტის გამო წერდა: „გამგეობის აპარატის უფროსი და ბუღალტერი ერთი და იგივე ოჯახის წევრები იყვნენ და არიან. ხანდახან ამიტომ მიხდებოდა განცხადების დაწერა.

ჟურნალისტი: ხანდახან კი არა, ძალიან ხშირად. ფაქტობრივად 2006 წელს სულ თქვენი განცხადებებია?
ამირან ოქროშიძე: ალბათ... შეიძლება. ხანდახან ვიცოდი კიდეც ვინ და რატომ გვსტუმრობდნენ. მეტი არაფერი მახსოვს...
ჟ: ბატონო ამირან, 2006 წლის დეკემბერში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ქათმის გრიპთან დაკავშირებით სასტუმრო „რები გურჯაანში“ გამართული სემინარი 500 ლარით რომ დააფინანსეთ, არც ეს გახსოვთ?
ა.ო.: მე რა შუაში ვარ?
ჟ: თქვენ ხელს აწერთ 2006 წლის 15 დეკემბრით დათარიღებულ აქტს, რომლითაც ცდილობთ დაადასტუროთ, რომ სემინარის ორგანიზატორებს უმასპინძლეთ.
ა.ო.: ის. რაც არის დაფიქსირებული, იმას ვერაფერს ვერ ვუზამთ. ამაზე კონკრეტულ პასუხებს საფინანსო სამსახურში გაგცემენ.

გამგეობის საფინანსო - ეკონომიკური სამსახურის უფროსის ანა კუტიბაშვილის ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში, ალექსანდრე ჯანიაშვილს, გამგეობის ხარჯების გატანა, გამგებლის ბრძანებით ევალებოდა. რაც შეეხება ამირან ოქროშიძეს, მასზე ასეთი სახის ბრძანება არ ყოფილა.

ჟურნალისტი: ქალბატონო ანა, როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია რომ სტუმრების მიღებაზე განცხადებებს გამგეობის კომენდატი და ინფრასტრუქტურის განყოფილების გამგე წერდნენ?
ანა კუტიბაშვილი: რაღა კომენდატს მიადექით? ეს შეცდომაა, კომენდატისთვის არ უნდა დაევალებინათ.
ჟ: თუ შეცდომაა, მაშინ რატომ დაავალეს?
ა.კ.: არ ვიცი, ეგ ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იყო.
ჟ: ქალბატონო ანა, რა კატეგორიის სტუმრების მომსახურება უნდა დაფინანსდეს რაიონული ბიუჯეტიდან?
ა.კ.: ეს გამგეობის გადასაწყვეტია. ეს მათი პრობლემაა თუ შეცდომითაა გადარიცხული თანხები. ვინც განცხადება და განკარგულება დაწერა, მათი პრობლემაა.
ჟ: არ იცოდით, რომ გამგეობიდან სასტუმრო „რები გურჯაანში“ დაბინავებული თითქმის ყველა სტუმრის მომსახურებაზე, მიუხედავად იმისა, მოემსახურნენ თუ არა მას, ხარჯებს სწერდნენ?
ა.კ.: პასუხისმგებლობა მეც მაქვს, მაგრამ მთლიან პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. თქვენც ხომ იცით, რა ხდებოდა?
ჟ: რა ხდებოდა?
ა.კ.: ვერაფერს გეტყვით...

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გარიგებული იყო შპს სასტუმრო „რები გურჯაანის“ დირექტორთან დავით პაპუაშვილთან. ეს უკანასკნელი გამგეობას ხარჯთაღრიცხვის ფურცლებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს აძლევდა, სადაც მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული სტუმრების, სტუმრობის დროისა და გახარჯული თანხების შესახებ.

„გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე მეგობრებთან და გამგეობის იმ ჩინოვნიკებთან ერთად, ვინც აქტებს აწერენ ხელს, ძალიან ხშირად სტუმრობდა „რები გურჯაანის“ რესტორანს და დროს ატარებდნენ. შესაბამის ხარჯებს კი რაიონული ბიუჯეტიდან იხდიდნენ. რატომ უწყობდა მათ ხელს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში, მითვისებასა და გაფლანგვაში სასტუმროს დირექტორი დავით პაპუაშვილი, ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, მას თავისი დაინტერესება ჰქონდა,“ - ამბობენ უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

თავად დავით პაპუაშვილი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მას არავისთან საეჭვო გარიგება არ ჰქონია და არც რაიმე დანაშაული ჩაუდენია: „გამგებელი და გამგეობის წარმომადგენლები „რები - გურჯაანის“ რესტორანში მოდიოდნენ ხოლმე, შეიძლება ბევრჯერ კიდეც, მაგრამ მათ ხან სხვები იწვევდნენ, ხან ნისიაზე გვიკვეთავდნენ. თანხის გადახდა კი ორი კვირის ან უფრო დაგვიანებით ხდებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს „ურბანულ ინსტიტუტთან“ და ასევე სხვებთან დაკავშირებით, არ მახსოვს,“ - აცხადებს დავით პაპუაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ გურჯაანის რაიონის ყოფილი და ამჟამინდელი გამგებლები აკაკი სიხარულიძე და რამაზ ქერეჭაშვილი.

საგულისხმოა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯების კანონიერების საკითხს ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველო უკვე რამდენიმე თვეა სწავლობს, თუმცა, როგორც ფინანსურ პოლიციაში აცხადებენ, ამ დრომდე საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ. ადამიანის უფლებათა ცენტრში თვლიან, რომ მოკვლევა ტენდენციურია. არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

იურისტების განმარტებით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები