კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უნარშეზღუდულებს დაქორწინებას უკრძალავენ

15 თებერვალი, 2007

qorzineba.gifსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი სულით ავადმყოფებსა და ჭკუასუსტებს დაქორწინებას უკრძალავს. სახალხო დამცველი კი აღნიშნულ შეზღუდვას არ ეთანხმება და პარლამენტის თავმჯდომარეს მის გაუქმებას სთხოვს.  
სოზარ სუბარმა ნინო ბურჯანაძეს წერილობით მიმართა და სთხოვა, პარლამენტმა კანონმდებლობის აღნიშნული მუხლის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე იმსჯელოს. 1120-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი კი ამბობს:
„დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ“.

სუბარის მოსაზრებით: „საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ შეიძლება ქმედუუნაროდ ცნოს. ასეთ შემთხვევაში, მას ავტომატურად ერთმევა ყველა იურიდიული უფლება (დადოს ხელშეკრულებები, გადაიხადოს გადასახადები, მისცეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევაზე, განკარგოს ქონება და სხვ.). აღნიშნული უფლებების რეალიზება ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოს მიერ დანიშნული მეურვის საშუალებით ხორციელდება. თუმცა, ისეთი სამოქალაქო უფლება, როგორიცაა უფლება ოჯახზე (ქორწინებაზე), სხვა პირის (კანონიერი წარმომადგენლის) მხრიდან ვერ განხორციელდება.“  

მას ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი  შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან. „დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში ქმედუუნაროებს ქორწინების უფლება აქვთ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, სადაც მსგავსი უფლება ჯერ კიდევ შეზღუდულია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც,  რომ საქართველოს კონსტიტუცია არ აწესებს შეზღუდვას ქორწინების უფლებაზე ქმედუუნარობის საფუძვლით“ - ამბობს სუბარი.  

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პოზიციას, ერთი ნაწილი აღნიშნულ აკრძალვას ეთანხმება, მეორე ნაწილი - არა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ბესო ჯუღელის თქმით: „რევოლუცამდელ რუსეთში ოჯახის ექიმის სახით ძალიან კარგი მეთოდი არსებობდა. ის ოჯახის გენიოლოგიას სწავლობდა და დასაქორწინებელ ხალხს მათთვის საიტერესო ოჯახის შესახებ მთლიან სურათს უქმნიდა. როცა ადამიანი ანუ პარტნიორი ფსიქიურად ავადმყოფია, ან ასეთი ადამიანი ჯიშში ჰყავს, ამის შესახებ მეორე მხარემ აუციელებლად უნდა იცოდეს, რადგან ეს არის ოჯახური ტრაგედია. ძალიან სწორია, რომ კანონი ასეთ ადამიანებს დაქორწინებას უკრძალავს. ამით ბევრ ტრაგედიას ავიცილებთ თავიდან.“

იგივე პოზიცია აქვს ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო კალანდაძეს. მისი თქმით: „ეს მუხლი კანონში მაშინ ჩაიდო, როცა სამოქალაქო კოდექსი დაიწერა. მასში ბევრი უცხოელი ექსპერტი მონაწილეობდა და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა იქნა გამოყენებული. ბევრ ქვეყანაში აღიარებულია, რომ ჭკუასუსტებს, ისევე როგორც მცირეწლოვანებს დაქორწინება  შეზღუდული აქვთ. ქორწინება არის სამოქალაქო გარიგება, რასაც უნარი სჭირდება, ანუ ადამიანი უნდა იყოს როგორც უფლებაუნარიანი, ისე ქმედუნარიანი და როცა მაღალი ხარისხის გარიგება იდება (ამ შემთხვევაში საუბარია ქორწინებაზე) იქ მაღალი სტანდარტი წესდება. თუმცა, ეს მუხლი აპელაციას ექვემდებარება. შეიძლება, ის სადაო  გახდეს“.

უმრავლესობას ოპოზიციონერი დეპუტატი კახა კუკავაც ეთანხმება და ორიგინალურ იდეას გვთავაზობს: „ჩემი აზრით მსგავსი შეზღუდვა უნდა არსებობდეს. თუ მათ დაქორწინება არ აეკრძალებათ, შვილის გაჩენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.“

ასევე ოპოზიციონერი გიორგი ცაგარეიშვილი კი კოლეგებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა: „ალბათ, როცა კანონის ავტორები ამ კანონს ღებულობდნენ, იმ არგუმენტით სარგებლობდნენ, რომ ქმედუუნაროდ გამოცხადებული პირი ქორწინების პროცესში საკუთარ ქმედებებს ვერ აკონტროლებს და ეს გამომდინარეობს მისი ჭკუასუსტობიდან ან სხვა ფიზიკური ნაკლიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს არგუმენტი იმისთვის, რომ ადამიანებს ქორწინებაში შესვლა ავუკრძალოთ ან შევუზღუდოთ. ამ საკითხთან დაკავშირევით სახალხო დამცველის აღშფოთებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩემი აზრით, ეს რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. პარლემენტმა ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს.  ჩემი აზრით, ერთადერთი აკრძალვა მხოლოდ ასაკზე უნდა არსებობდეს.“

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვას, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-12 მუხლით კი ქორწინების ასაკს მიღწეული ქალებისა და მამაკაცებისათვის ქორწინების უფლება გარანტირებულია. ამ უფლების შეზღუდვის ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს ასაკი, სხვა შეზღუდვა დაუშვებელია და სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ქვეყნის კანონების შესაბამისად უზრუნველყონ ამ უფლების რეალიზება.

არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნულ აკრძალვას ადამიანის უფლებათა დარღვევად აფასებს „ადამაინის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი. მისი თქმით: „მე, როგორც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელების საბჭოს წევრი, ვთვლი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი წინააღმდეგობაშია, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობასთან (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია), ისე საქართველოს უზენაეს კანონთან – საქართველოს კონსტიტუციასთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მათთან. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია; ყოველ ადამიანს აქვს უფლება ნებაყოფლობით დაქორწინდეს და ქორწინება უნდა ემყარებოდეს მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას; სახელმწიფო კი ვალდებულია ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად კი, თუ მათი განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს ან თუ მათი განხორციელება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ქმედუუნარო პირის დაქორწინება სრულიად  მიზანშეწონილია“.

ეკა გულუა

ახალი ამბები