კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით როკეტიშვილი: ,,მე ბორჯომის შს სამმართველოს უფროსი მდევნის”

16 თებერვალი, 2007

partuli4.gifპოლიციელის მიერ უმწეო გოგონას გაუპატიურება ბორჯომელი დათო როკეტიშვილისთვის მთელი რიგი პრობლემების საწყისი აღმოჩნდა. დათო როკეტიშვილი ბორჯომის შს სამმართველოს უფროსისა და თანამშრომლების მხრიდან  მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და დევნაზე საუბრობს.

ამბავი პირველი

2006 წლის 6 ოქტომბერს ბორჯომის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ინსპექტორმა ვანო ტალახაძემ ტყეში, ძალის გამოყენებითა და იარაღის მუქარით მეზობელი, 19 წლის ლუბა ღონღაძე გააუპატიურა. ვანო ტალახაძე ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის მამუკა ხვედელიანის ბიძაშვილია. დაზარალებულის დედის განცხადებით მას ბიძაშვილი მფარველობს.  

ამბავი მეორე

მომხდარმა ფაქტმა კერძოდ, ობოლი გოგონას გაუპატიურებამ, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ადგილობრივებმა ვანო ტალახაძის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. მათ შორის იყო ბორჯომის მკვიდრი დათო როკეტიშვილი. მისი განცხადებით დევნა პოლიციელების მხრიდან სწორედ მაშინ დაიწყო. ,,მამუკა ხვედელიანი ამ ფაქტის ირგვლივ ჩემმა აქტიურობამ გააღიზიანა,” - გვიყვება ის.

,,შენნაირებს რა უნდა პოლიციაში, არც შენი ბიძაშვილი ხვედელიანი არ უნდა იყოს იქ”, - ამ სიტყვებით დავით როკეტიშვილმა ვანო ტალახაძეს მიმართა. სავარაუდოდ მტრობაც აქედან დაიწყო.

ამბავი მესამე, ანუ დევნის პირველი ეტაპი 2006 წლის 4 ნოემბერი

ბორჯომის საკრებულოს წინ მდგომ დათო როკეტიშვილს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა მამკაცმა საბუთები მოსთხოვა. 

„ვინ ხარ-მეთქი ვკითხე, ამ დროს იქვე  07 მარკის მანქანიდან პოლიციელი პაატა ბიწაძე გადმოვიდა. მას ვიცნობ. მანქანის ტექ-პასპორტი მომთხოვა, პასპორტი არ მქონდა. მე იქვე  რაღაც ორას მეტრში ვცხოვრობ, პაატა ბიწაძეს ვუთხარი პასპორტს ახლავე მოგიტან-მეთქი და მანქანაში ჩავჯექი. ბიწაძე დაიხარა მანქანიდან გასაღები გამოაძრო და იქ მდგომმა პიოლიციელებმა ჩემი მანქანაში ძალით ჩასმა მოინდომეს”, -ამბობს დავით როკეტიშვილი.

იმავე დღეს დათო როკეტიშვილი ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში წაიყვანეს. ჩამოართვეს ავტომანქანის საბუთები, პარალელურად სიმთვრალე-სიფხიზლეზე და ნარკოტიკულ თრობაზე შეამოწმეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულიად ფხიზელი აღმოჩნდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს II სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის დადგენილებით, დავით როკეტიშვილს მანქანის მართვის უფლება სამი წლით ჩამოერთვა.

2007 წლის 13 თებერვალს ახალციხის რაიონული სასამართლოს  მოსამართლემ ნელი ღონღაძემ საპატრულო პოლიციიის II სამცხე-ჯავახეთის სამმართვლოს მიერ შეტანილი სარჩელი ბათილად ცნო და დავით როკეტიშვილს მართვის უფლება აღუდგინა.

ამბავი მეოთხე, ანუ დევნის  მეორე ეტაპი 2007 წლის 29 იანვარი 

 ბორჯომის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული თრობის გამოკვლევის მიზნით დავით როკეტიშვილი ისევ შეამოწმეს. მას ნარკოტიკული თრობა ისევ არ დაუდგინდა.

საინტერესო კომენტარს აძლევს ,,ადმიანის უფლებათა ცენტრის” ჟურნალისტს ბორჯომის შს სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი.
 
,,დათო როკეტიშვილის ნარკოტიკებზე შემოწმება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. მთელმა ქალაქმა იცის, რომ აღნიშნული პიროვნება პლანს ეწევა”.

,,ეს ყველაფერი მამუკა ხვედელიანისგან მოდის, მან იცის რომ ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვარ, თუმცა სხვა ხელჩასაჭიდიც არაფერი აქვს. ჯერ იყო და საცოდავი გოგო გააუპატიურა მაგის ბიძაშვილმა, რომელიც ახლაც თავისუფლად დანავარდობს. ამ დროს კი პოლიციის უფროსი მე მდევნის”, - ამბობს დავით როკეტიშვილი.

ბორჯომის შს სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი: ,,რაც შეეხება ჩემი ბიძაშვილს ვანო ტალახაძეს, მე მზად ვიყავი ის სათანადოდ დასჯილიყო. პოლიციიდანაც კი გავაგდე. ”თუმცა, როგორც ირკვევა, ბორჯომის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ინსპექტორი ვანო ტალახაძე სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზეა გათავისუფლებული.

დავით როკეტიშვილი მუქარის კონკრეტულ მაგალითსაც იხსენებს: ,,მამუკა ხვედელიანი დამემუქრა შენ ებრაულ სისხლს დავლევ და სანამ არ დაგიჭერ ვერ მოვისვენებო”, - ამბობს ის. 

ბრალდებას უარყოფს ბორჯომის შს სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი: ,,როკეტიშვილის ბრალდება, რომ თითქოს მასზე ვარ გადაკიდებული აბსურდია. არანაირი პირადი ინტერსი არ მაქვს მაგ პიროვნების მიმართ”.
დავით როკეტიშვილის ადვოკატი მაღრაძე საქმის დეტალებიდან გამომდინარე აცხადებს, რომ როკეტიშვილზე ზეწოლა მიმდინარეობს და მისი უფლებები ირღვევა.

„როცა არაფერს არღვევ და პოლიცია ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით არაერთხელ და თან სრულიად უმიზეზოდ გაკავებს, აშკარა დევნას აქვს ადგილი,“ - მიიჩნევს ადვოკატი.

დავით როკეტიშვილი მოსალოდნელ საშიშროებაზეც საუბროს: ,,ხვალ შეიძლება რაღაც ჩამიდონ, შარი მომდონ და დამაპატიმრონ. ახლობლებმა გამაფრთხილეს, უცხო მანქანაში არავინ არ ჩასვა, არ იცი, ვინ რას გაგიკეთებსო”, - ამბობს როკეტიშვილი.

მიმართვა

დავით როკეტიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართვები საქართველოს პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახალხო დამცველის, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სახელზე გაკეთდა.

,,ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ადამიანთა დევნას, დისკრიმინაციას, მათი ეროვნული ნიშნით თუ პოლიტიკური შეხედულებებისა და ჯანსაღი კრიტიკის გამო. ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის ბატონ მამუკა ხვედელიანის მხრიდან ადგილი აქვს ძალაუფლების გადამეტებას, მოქალაქეთა უსაფუძვლო შემოწმებებსა და პირად ანგარიშსწორებას”, - ეს მიმართვის მოკლე ამონარიდია.

ამჟამად დათო როკეტიშვილის ინტერსებს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი კახა მაღრაძე იცავს.

გულო კოხოძე, ახალციხე-ბორჯომი

ახალი ამბები