კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში მცხოვრები 350-მდე უსინათლო შეღავათებით აღარ სარგებლობს

19 თებერვალი, 2007

brma.gifბათუმში უსინათლოთა საზოგადოება „სინათლე“ ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, გრიბოედოვის ქუჩის ბოლოს მდებარეობს... ამ ქუჩაზე ავტობუსი არ დადის, ამიტომ იქ მისვლა რთულია. ორმაგად უძნელდება ამ ქუჩის გავლა რეზო მიქელაძეს. ის უსინათლოა. 23 წლის წინ ნაღმზე აფეთქდა და მხედველობა დაკარგა. მას შემდეგ უსინათლოთა საზოგადოების წევრია და ამ გზას თითქმის ყოველდღე გადის: „აქ არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ დრო გამყავს. დრო კი ძალიან ბევრი მაქვს. მუშაობის ან გართობის საშუალება აქ არ არის, უბრალოდ ვზივართ და ჩვენს განცდებზე, ისტორიებზე ვსაუბრობთ. ნახევარ ქალაქს გავდივარ ჩემისთანებს რომ შევხდე. აბა ჩვენთან, სხვა ადამიანები, თითქმის არ მეგობრობენ.“

უსინათლოთა კლუბში ნიკა ტარიელაძეც მარტოობის დასაძლევად, „სხვებისგან“ თავის დასაღწევად მოდის. ისიც სრულიად ბრმაა და ბავშობიდან ვერ ხედავს. საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, ამბობს, რომ ყოველთვის ასე არ იყო: „არ გეგონოთ კომუნისტებს მივტიროდე, მაგრამ ფაქტია სამსახური, დახმარებები გვქონდა. „პუტიოვკებსაც“ გვირიგებდნენ. თავს უმწეოდ არ ვგრძნობდით. დღეს კი საშინელ პირობებში გვიწევს ცხოვრება: არც დახმარება, არც სამუშაო, ეს კაცისთვის ძნელი ასატანია. 2006 წლიდან შეღავათები შუქზე, წყალზე და ნაგავზე მოგვიხსნეს. საკვებითაც გვეხმარებოდნენ ხოლმე, ახლა არც ეს არის. მოკლედ ჯანმრთელებად გვაღიარეს და ეგ არის.“
 
უსინათლოთა საზოგადოებაში, ბათუმში მცხოვრები 350-მდე უსინათლოა გაწევრიანებული, ამ ორგანიზაციას უსინათლოთა მხოლოდ მცირე ნაწილი აკითხავს.

უსინათლოთა ირგვლივ, ძირითადათ, ცეხებია განთავსებული: „უკან მანქანებს აკეთებენ,“ - ამბობს გელა ბაბუა, ისიც უსინათლოა. „ორ საათში დეიხურებიან“ - მისი მაჯის საათი ხუთის ოც წუთს უჩვენებს - „შვიდამდე მუშაობენ“.

გელა ბაბუა, იგივე გელა მიკეიძე, უსინათლოთა კლუბის მეწისქვილეა. ერთი კილო მარცვლის დაფქვაში, 15 თეთრს უხდიან. მარცვალი დასაფრქვავად იშვიათად მოაქვთ, ამიტომ გასამრჯელოც იშვიათად აქვს: „ვინ ფქვავს ახლა პურს ან მჭადს? იშვიათად მოდიან. ისიც თუ გაუკეთე ვინმეს საქმე, სასაცილო დღეში ვვარდები. მანეთი, რომ მომცეს და მითხრას 10 მანეთიაო ჯიბეში უსიტყვოდ ჩევიდებ. ფულს ვერ ვცნობ, ვერც ჩემით დავდივარ, არც დახმარებები მაქვს. პენსია მხოლოდ შუქზე გვყოფნის. რა უნდა გითხრას ჩემნაირმა ადამიანმა.“

გელა მიკეიძე ყოველ დღე მუშაობს, თუ გაუმართლა სახლში პური მიაქვს. სხვა შემთხვევაში მშიერი რჩება, მასთან ოჯახში არავინ მუშაობს, მას კი უსინათლოთათვის დაწესებული 40, პირველი კატეგორიის ინვალიდობისთვის კი 22 ლარს უხდიან: „ადრე კომუნალური გადასახადებისაგან მთელი ოჯახი ვიყავით გათავისუფლებული, ახლა ოჯახი კი არა, ჩვენც გვახდევინებენ გადასახადებს. ტყუილად დაგვპირდნენ, დაგეხმარებითო.“

რეზო მიქელაძე, ნიკა ტარიელაძე, მამუკა ბარამიძე და კიდევ ბათუმში მცხოვრები 350-მდე უსინათლო ადამიანი, რომელთა შორის 16 ბავშვია, არავითარი შეღავათებით არ სარგებლობენ. მათ არც საკვები პროდუქტები, არც სამედიცინო, სამგზავრო, კომუნალური ან ფინანსური დახმარებები ეძლევათ.

„რამდენჯერ მივმართეთ მთავრობას დახმარებისათვის, არავინ გვიპასუხა. მხოლოდ არასამთავრობოები დაგვპირდნენ დაგეხმარებითო და მეორადი ტანსაცმელი მოგვიტანეს კლუბში,“ - ამბობს ზურაბ მსახურაძე, - „ზუსტად ვისთან ვიყავით მისულები თავმჯდომარემ იცის, ამ საქმეებზე ის ზრუნავს.“

თავმჯდომარე, რომ ვიპოვეთ, დომინოს თამაშობდა. კითხვებმა ოდნავ გაანერვიულა: „ბევრჯერ მივმართეთ მთავრობას. საწარმოს გახსნა გვინდა, მაგრამ შეღავათები გვჭირდება. საგადასახადო შეღავათის გარეშე კონკურენციას სხვა საწარმოს ვერ გავუწევთ, ამიტომ სახელმწიფოს გადასახადებისგან გათავისუფლება ვთხოვეთ. უარი გვითხრეს. პრეზიდენტსაც მივწერეთ, პასუხი არ გაგვცა. ადრე, ჩვენს ცეხებში, ლიმონათების თავსახურებს, ტუალეტის ქაღალდებს ვაკეთებდით. ხელფასებიც იყო. ახლა უსინათლოებს ძალიან გაუჭირდათ.“

„თქვენ თვითონ განსაჯეთ,“ - თავმჯდომარეს გელა მიკეიძემ გააწყვეტინა - „ერთი მეგობარი გვყავდა, ძალიან უჭირდა. მრცხვენია ამის თქმის, მაგრამ ხშირად საჭმელს ნაგვის ბუნკერში ეძებდა. უბედურება შეემთხვა, ერთხელ ბუნკერს მანქანა დაეჯახა და ბინკერთან ერთად ისიც გაიტანა. ოჯახს დაკრძალვის ფული - 60 ლარი ორგანიზაციამ მისცა. სირცხვილია, ადამიანებს სახელმწიფო სასიკვდილოდ რომ იმეტებს.“
 
საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების ბათუმის წარმომადგენლობის ყოველწლიური შემოსავალი 700 ლარს შეადგენს. ამ თანხაში ორგანიზაციის დირექციას, იქ მომუშავე პერსონალის ერთი წლის ხელფასის უზრუნველყოფა და უსინათლოს გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის თანხით, 60 ლარით დახმარება ევალება.

                                                  სოფო ჟღენტი ბათუმი

ახალი ამბები