კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენი არჩევანი საქართველოა“ - დემონსტრაცია ენგურის ხიდზე

19 თებერვალი, 2007

enguri.gifახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრებმა და სტუდენტებმა ენგურის ხიდზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ხუთასამდე სტუდენტი აფხაზეთში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აპროტესტებდა. დემონსტრანტთა მთავარი მოთხოვნა აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე ძალადობისა და ტერორის შეწყვეტა იყო.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში, უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ და ენგურის ხიდისკენ გაემართნენ. ლოზუნგებით „ჩვენი არჩევანი  საქართველოა”, „შეწყვიტეთ ძალადობა” და „შეწყდეს ტერორი” სტუდენტები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მივიდნენ.
 
„ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარის გელა თოლორაიას განცხახდებით, აქციის მთავარი მიზანი აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების გაპროტესტებაა: „პირველ რიგში ჩვენ მოვუწოდებთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს დეტალურად შეისწავლონ აფხაზეთში არსებული სიტუაცია, განსაკუთრებით კი არჩევნები. ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნებს და მის შედეგებს,” - ამბობს თოლორაია, რომელმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობას სპეციალური მიმართვა გაუგზავნა. 

მიმართვაში ნათქვამია: „აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მარტო ბოლო ორი თვის განმავლობაში ათეულობით უდანაშაულო ქართველი  უკანონოდ იყო დაკავებული. ისინი საკუთარ ოჯახებს მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ დაუბრუნდნენ. აფხაზური მხარე არ ასრულებს ვალდებულებას დაიცვას იქ დაბრუნებულ ადამიანთა უსაფრთხოება. 

მდგომარეობა განსაკუთრებით 2007 წლის თებერვალში გართულდა, როდესაც აფხაზურმა ხელისუფლებამ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა. მოსახლეობის უმრავლესობას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. მონაწილეობა დაახლოებით 5-9 პროცენტმა მიიღო, ისინიც ტერორისა და შანტაჟის გზით გამოიყვანეს.

სახეზეა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის უხეში დარღვევა. ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გააკეთოს არჩევანი.

მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ეუთოსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ყველა ორგანიზაციას, რათა გალის რაიონში შექმნილი ვითარება სასწრაფოდ შეისწავლონ და დაიცვან აფხაზეთში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლება განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა.”

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათი ხმები ადრესატებამდე მიაღწევს და გალში მცხოვრები მოსახლეობის პირობები მალე გაუმჯობესდება. 

“ჯერ-ჯერობით აქციის შედეგებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველებსა და აფხაზებს ძველებურად შეგვიძლია ერთად ცხოვრება,” - ამბობს სტუდენტი თამუნა თოდუა.

გალის გამგებლის მოადგილის, თორნიკე კილანავას თქმით, აქცია სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა: „ეს არის ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდული ძალა, რომელმაც მოახერხა და შეძლო თავისუფლად გამოეხატა პოზიცია აფხაზეთში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე. ჩემი აზრით, მსგავსი აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. შედეგი დღესაც სახეზეა, ასობით ახალგაზრდა აფხაზეთის პრობლემის იდეამ გააერთიანა, მათ უნდათ აფხაზებთან ერთად მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ,” - ამბობს კილანავა. 

ნანა საჯაია, ზუგდიდი
    

ახალი ამბები