კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წყალტუბოს პოლიცია გაუხსნელ საქმეებს აგროვებს

20 თებერვალი, 2007

policia0.gif"ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობას მოქალაქე ლამარა გეგუჩაძემ მიმართა. გასული წლის მიწურულს ქუთაისიდან წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში ჩასულ გეგუჩაძეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი დამწვარი დახვდა. როგორც თავად დაზარალებული აღნიშნავს, ჯერ ზეპირი, მოგვიანებით კი, წერილობითი განცხადებით წყალტუბოს შსს რაიონულ სამმართველოს მიმართა, მაგრამ ამაოდ. მომხდარით დღემდე არავინ დაინტერესებულა.

„წლების განმავლობაში ნალოლიავები კარ-მიდამოები სოფელ ბანოჯაში ნასახლარად იქცა. ცუდ მდგომარეობაში არიან თვითონ ადგილობრივებიც. მათ გამუდმებით ეკარგებათ საქონელი, ღორები და ა.შ. რეაგირებისთვის არაერთხელ მივმართეთ წყალტუბოს შსს რაიონულ სამმართველოს, მაგრამ სულ ტყუილად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეჭვიც არავიზე მიუტანიათ. ამას ის უბედურებაც დაემატა, რომ ახალი წლის წინა დღეებში ვიღაც გარეწრებმა ორი (ჩემი და მეზობლის) საცხოვრებელი სახლი დაწვეს. მორალური და მატერიალური ზიანი მოგვაყენეს, რის შესახებაც წყალტუბოს პოლიციას ვაცნობეთ, მაგრამ მომხდარის გამოძიება არავის უცდია,“ - წერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართ დაწერილ წერილში ლამარა გეგუჩაძე.

გასულ კვირას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ 16 წლის ვალერი ჯიმშელეიშვილის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაუჩინარებული, მოგვიანებით კი, სოფელ ცხუნკურის ტყეში ნაპოვნი მოკლული და ცხოველებისგან ნახევრად შეჭმული ბიჭის გარდაცვალების საქმის გამოძიებას უშუალოდ მხარის გუბერნატორს აკაკი ბობოხიძეს სთხოვდნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთაგან არავინ შეხვედრია, ისევე როგორც, არავინ შეხმიანებიათ წყალტუბოს შსს რაიონული პოლიციიდან.

დაზარალებული მხარის განცხადებით, საქმე სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს დარჩება გაუხსნელი, თუკი თავად ჭირისუფალი პროტესტის უფრო მკაცრ ფორმას არ მიმართავს.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს წყალტუბოს პოლიცია გაუხსნელ დანაშაულებებს აგროვებს. სხვა რა უნდა ვიფიქრო, როცა ერთ გაუხსნელ საქმეს მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე და ასე უსასრულოდ,“ - აცხადებს დაზარალებული ლამარა გეგუჩაძე.

წყალტუბოს რაიონი როგორც დანაშაულებების ჩადენის, ისე საქმის გაუხსნელობის მხრივ, იმერეთში დღემდე „მოწინავე“ რაიონად რჩება. ამ რაიონში დანაშაულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. პოლიცია კი სულ უფრო და უფრო სიტყვაძუნწი ხდება.

გასული დღეების მანძილზე შსს იმერეთის სამხარეო სამმართველოს პრესმდივანი ამაოდ გვპირდებოდა მხარის პირველ პოლიციელთან შეხვედრას: „თუ მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები გნებავთ, მაშინ ვეცდები შეგახვედროთ უფროსს და ის გეტყვით ზუსტ ციფრს. ოღონდ უნდა დაგვპირდეთ, რომ ინტერვიუს არ ჩაწერთ,“ - ასეთი იყო ნანა კუხალაშვილის პირობა, მაგრამ მოგვიანებით შსს იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ლევან კახიანმა არათუ ინტერვიუზე, მშრალი სტატისტიკური მონაცემების გაცემაზეც კი თავი შეიკავა.

თუმცა, არსებობს კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული ზეპირი მონაცემები, რომლის მიხედვით, წყალტუბოს რაიონში ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. დღემდე გაუხსნელია სოფელ რიონში, სინატაშვილების ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტი, რომელიც ოჯახის წევრის მკვლელობით დასრულდა. მანამდე კი, იყო ასევე ყაჩაღური თავდასხმით გამოწვეული ოჯახური ტრაგედია სოფელ ქვილიშორში, სადაც შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა მამა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

სამართალდამცავთა ინერტულობაზე სახალხო დამცველის რწმუნებულის აპარატშიც საუბრობენ. „ჩვენთან შემოსულია განცხადებები, სადაც დაზარალებული მხარე გახშირებულ  დანაშაულებებზე მიუთითებს და დახმარებას ჩვენ გვთხოვს. ისინი ძირითადად, გაუხსნელ საქმეებს და პოლიციის უმოქმედობას უჩივიან,“ - აცხადებს სახალხო დამცველის რწმუნებული იმერეთში თეონა კუჭავა.

რაც შეეხება სახლის დაწვის ფაქტს სოფელ ბანოჯაში, მისი მფლობელი ლამარა გეგუჩაძე დარწმუნებულია, რომ ის შეგნებულად დაწვეს, ისევე, როგორც მისი მეზობლის, ხუტა ჯიმშელეიშვილის სახლი: „ეს ორი სახლი გვერდიგვერდ იდგა. ჩვენი მეზობლები, ჯიმშელეიშვილები იქ მუდმივად ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს, ქურდებს და ყაჩაღებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მრავლად არიან, არ სურდათ მათი ქმედება ვინმეს შეემჩნია და ხელისშემშლელები ჰყოლოდათ. დარწმუნებული ვარ, მძარცველები პოლიციასთან არიან შეკრულნი, რადგან ორი თვე გავიდა და საქმე წინ არ წასულა,“ - ამბობს ლამარა გეგუჩაძე.

მომხდართან დაკავშირებით წყალტუბოს შსს სამმართველოში კომენტარს არავინ აკეთებს. პოლიციის უფროსთან დაკავშირებაც ამაოდ ვცადეთ. როგორც ჩანს, პოლიციას არ სურს, „ზედმეტი ჩარევით“ გამოძიებას ხელი შეეშალოს(?!)

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან 

ახალი ამბები