კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს უმაღლესი განათლებაც კი არ აქვს

21 თებერვალი, 2007

picb1.gifარასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რაიონულ სასამართლოში უჩივის. ამჯერად მოსარჩელე საკრებულოს 2006 წლის 8 დეკემბრის იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად რამაზ ქერეჭაშვილი დაინიშნა.(ფოტოზე რამაზ ქერეჭაშვილი)

2006 წლის 8 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის გამგებელი დახურულ სხდომაზე აირჩიეს. სხდომის დახურვამ არაერთი ადამიანი დააეჭვა, რა ხდებოდა, რისი გამჟღავნება არ აწყობდა საკრებულოს და ა.შ. მოგვიანებით ამ კითხვებს პასუხი გაეცა. აღმოჩნდა, რომ რამაზ ქერეჭაშვილს უმაღლესი განათლება არ ჰქონია.

საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის დადგენილებაში კი აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც გამგებლობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. აღნიშნულ დადგენილებას, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრშია შეტანილი, მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, ანუ როგორც იურისტები განმარტავენ, აღნიშნული დადგენილება ნორმატიული აქტია და არ შეიძლება მას საკრებულოს განკარგულება ეწინააღმდეგებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დადგენილება საკრებულოს წევრების მიერ არის მომზადებული, შესაბამისად მისი მოთხოვნების შესახებ ისინი ინფორმაციას უნდა ფლობდნენ. გამგებლის თანამდებობაზე ქერეჭაშვილის არჩევისას კი არც წინააღმდეგი ყოფილა ვინმე და არც თავი შეუკავებია არავის. ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს ის წევრები, რომლებიც საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას ვერ ბედავენ, ამბობენ, რომ რა მითითებაც ჰქონდათ გუბერნატორისგან და კანცელარიიდან, ის შეასრულეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა. „მაგან ვიღაცეების რაღაცეები დაწერა და დამიბეჭდა, რომ წერა-კითხვაც არ იცისო და ახლა კომენტარს არ მივცემ,“ - დაგვიბარა ზურაბ ხევიაშვილმა, რომელიც პროფესიით ზოოვეტია და საკრებულოს თავმჯდომარეობამდე არსად უმუშავია.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე სირბილაშვილი კი დასძენს, რომ მისთვის ცნობილი არ არის, აქვს თუ არა გამგებელს უმაღლესი განათლება. „საკრებულოს აპარატის უფროსმა რომან ელიოზაშვილმა გამგებლობის კანდიდატის შესახებ ბიუროს ინფორმაცია მიაწოდა. მის გაუნათლებლობაში ეჭვი არავის შეგვიტანია და ბატონი რამაზი გამგებლადაც ავირჩიეთ. მისი განათლების შესახებ ინფორმაცია არ მაინტერესებს და მორჩა. თუ ვინმემ რამე დააშავა და სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინა, ეს ალბათ საკრებულოს იურიდიული კომისიაა, რომელიც ვალდებული იყო მოემზადებინა და გაეკონტროლებინა ყველაფერი,“ - აცხადებს ალექსანდრე სირბილაშვილმა.

კომისიის წევრთა განცხადებით, სირბილაშვილი ბიუროს წევრია და სწორედ მას ევალებოდა გამგებლობის კანდიდატის დოკუმენტაციის შემოწმება, განხილვა და დაზუსტება, რაც არ გაუკეთებია.

ჩვენ, ჯერ კიდევ იანვრის პირველ დღეებში მოვითხოვეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წერილობითი ინფორმაცია, გამგებლის განათლებისა და შრომითი ბიოგრაფიის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. „თქვენი წერილობითი მომართვა გამგებელს საკუთარ სამუშაო მაგიდაზე უდევს. პასუხიც მას ან აპარატის უფროსს მოჰკითხეთ. გაითვალისწინეთ, რომ გამგებელი პატივცემული კაცია,“ - დაგვიბარეს გამგეობაში.

აპარატის უფროსი ვასილ უტიაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, ამბობს, რომ მისი წინამორბედის საქმიანობაზე პასუხს არ აგებს.

საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის ფაქტის თაობაზე თავად რამაზ ქერეჭაშვილსაც დავუკავშირდით. „რაში გაინტერესებთ მე რა განათლება მაქვს? რატომ დაინტერესდით?“ - აღნიშნა გამგებელმა და ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი რომ აერიდებინა, მოუცლელობა მოიმიზეზა.

„რამაზ ქერეჭაშვილს ასეთი კითხვები არ უნდა უჩნდებოდეს, იმიტომ, რომ ის გამგებელია და არა მედუქნე, რომ მის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აინტერესებდეს. როგორ არ უნდა ვიცოდეთ, რა განათლება აქვს რაიონის ხელმძღვანელს, ან როგორ შეიძინა საბიუჯეტო სახსრებით საკრებულოს თავმჯდომარემ 2 000 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი? ან სად წავიდა, პრეზიდენტის ცნობილ განცხადებებამდე ერთ-ერთი კერძო ორგანიზაციის ანგარიშზე, გამგებლისთვის ავტომანქანა „ჯიპის“ შესაძენად გადარიცხული ათიათასამდე ლარი? ნებისმიერი ასეთი სახის ინფორმაცია, რამდენჯერაც და რა ფორმითაც არ უნდა მოითხოვო, იბლოკება,“ - ამბობს კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ კორესპონდენტი თამარ მახარაშვილი.

არსებული მონაცემებით, რომელიც ოფიციალურ პირებთან გადავამოწმეთ, რამაზ ქერეჭაშვილმა 1990 წელს დაამთავრა თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა კომერციულ ინსტიტუტში, რომელიც 1992 წელს დაუმთავრებია. როგორ მიიღო „პატივცემულმა“ გამგებელმა საქართველოში, ორ წელიწადში უმაღლესი განათლება და „ეკონომისტის კვალიფიკაცია“ - ძნელი სათქმელია.

გურჯაანში ამბობენ, რომ ქერეჭაშვილი გამგეობაში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში თანამდებობებზეც არაკვალიფიციურ და გაუნათლებელ კადრს ნიშნავს. „მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს განათლებასა და გამოცდილებას. მენახირეც რომ იყო, ოღონდ ნაციონალი მენახირე, თანამდებობაზე მაინც დაგნიშნავენ,“ - აცხადებენ სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანები.

რაიონულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო. მოსამართლე სარჩელს მომავალ კვირაში განიხილავს.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები