კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვანის პატიმრობის მიზეზი - საბავშვო ეტლი

23 თებერვალი, 2007

kidsb.gif

15 წლის გიორგი უკვე რამდენიმე დღეა პატიმრობაშია. მისი პატიმრობის მიზეზი კი  წლინახევრის ძმის გასართობად, მეზობლის სახლიდან გამოტანილი, საბავშვო ეტლი გახდა. გიორგის მამა არ ჰყავს. დედის ავადმყოფობის გამო პატარა და-ძმებს ის პატრონობს. მისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდეგ კი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი უპატრონოდაა დარჩენილი.

შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში მცხოვრები, 1991 წელს დაბადებული გიორგი ხაჩიშვილი, 2007 წლის 14 თებერვალს მისივე მეზობლის ნანა ხაჩიშვილის განცხადების საფუძველზე დააკავეს.

„რამდენჯერმე გამქურდეს. სახლიდან, რომელშიც ამჟამად არავინ ცხოვრობს, ჩანგლები, „ბალონის“ ხუფები და ჭურჭელი მოიპარეს. ერთ დღესაც, აღმოვაჩინე, რომ ბავშვის ეტლი გაქრა. მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ მეზობლის ბავშვი ჩემი ნივთით თავის პატარა ძმას ასეირნებდა. შევწუხდი ასეთი განუკითხაობით და პოლიციას შევატყობინე,“ - აღნიშნავს დაზარალებული ნანა ხაჩიშვილი, რომელიც ამავე სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგია.

„ნანა ხაჩიშვილის სახლიდან „კალიასკის“ გარდა არაფერი წამომიღია. მამა გარდაცვლილი მყავს, დედა და ხუთი და-ძმა ვართ. ტყიდან შეშას ვეზიდები და თავს იმით ვირჩენთ. ვიცი, რომ „კალიასკის“  წამოღებით დავაშავე და ძალიან ვნანობ, მაგრამ ამის გარდა მე არაფერი ამიღია,“ - ამბობს გიორგი ხაჩიშვილი.

გამომძიებელმა გიორგი ათანელიშვილმა არასრულწლოვანი სხვისი ნივთის ქურდობისათვის ეჭვმიტანილად სცნო. პროკურატურამ დაკავებულს ბრალიც ამავე დანაშაულის ჩადენაში დასდო და გურჯაანის რაიონული სასამართლოსგან, ბრალდებულისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, 7 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის 7 დღის ვადაში გადახდა მოითხოვა. მანამდე კი გიორგი ხაჩიშვილი პატიმრობაში უნდა დარჩეს.

„გიორგი ხაჩიშვილის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ პუნქტებით (ქურდობა ბინაში შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). დაზარალებული აცხადებს, რომ საბავშვო ეტლის გარდა, სხვა ნივთებიცაა დაკარგული. იმისათვის, რომ ბრალდებულს გამოძიებისათვის თავი არ აერიდებინა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოვითხოვეთ. სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი ხაჩიშვილს გირაო შეეფარდა 7 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. მანამდე კი ის ორთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება. თუ დამნაშავემ გირაოს გადახდა უზრუნველყო, მას პატიმრობა მოეხსნება,“ - აღნიშნავს გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ ბიკაშვილი.

არასრულწლოვანის ადვოკატმა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრში მიაჩნიათ, რომ არასრულწლოვანის მიმართ პროკურატურა და სასამართლო ზედმეტად მკაცრი და უსამართლო იყო.

„დაკავებული არასრულწლოვანია, ხასიათდება დადებითად. სრულყოფილად ვერ აცნობიერებდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა მას აღიარებს. აცხადებს, რომ ნივთი დროებით წამოიღო, პატარა ძმის გასართობად. ნივთის დამალვა არც უცდია. გასათვალისწინებელია, რომ ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. ფაქტობრივად, 15 წლის ბავშვი, დედის და მცირეწლოვანი და-ძმების ერთადერთი მარჩენალია. სასამართლოს მისთვის გირაოს სახით 7 ათასი ლარი არ უნდა შეეფარდებინა. ეს გიორგი ხაჩიშვილისთვის პირდაპირ პატიმრობას ნიშნავს, რადგან მას ფულს ვერავინ გადაუხდის და არც რაიმე უძრავი ქონება აქვს, რომლის ღირებულებაც 7 ათას ლარს შეადგენს. ასეც რომ იყოს, სახლს თუ გირაოში ჩადებს, ძნელია დაბრუნება, ანუ რეალურად მცირეწლოვანი ბავშვები შესაძლებელია ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ,’ - განაცხადეს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში.

იურისტი ლია ხუროშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან აღკვეთის ღონისძიების - პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემის გაუქმების გამო, ბრალდებულთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეებიც არსებობს, პირადი თავდებობა, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა - მას პრაქტიკულად არავინ იყენებს. პროკურატურის მიერ აქცენტი პატიმრობისა და გირაოს გამოყენებაზეა აღებული. თავისთავად გირაოს გამოყენება პატიმრობაზე უმჯობესია, მაგრამ როცა პირს გირაოს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ის საბოლოოდ მაინც პატიმრობისთვის არის განწირული,“ - აცხადებს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები