კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რენტგენი - ნისიად, მკურნალობა - ნატურით

26 თებერვალი, 2007

გურჯაანის საავადმყოფოში პოლისიან ავადმყოფებს ფულს სთხოვენ

rentgeni.jpgჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარების ბარათი, კახეთში 90 000 ადამიანმა მიიღო. ბარათის მფლობელებს, წესით, უფასო სამედიცინო დახმარება ეკუთვნით, თუმცა, გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მისულ ბევრ ასეთ მოქალაქეს უცხადებენ, რომ „პოლისი“ გაუქმდა და ავადმყოფს ფული თუ არა აქვს, ვერ დაეხმარებიან.

გასულ კვირას საავადმყოფოს გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში მცხოვრებმა მაყვალა მერებაშვილმაც მიაკითხა. მას ხელი ჰქონდა მოტეხილი და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა. მიუხედავად ამისა, საავადმყოფოს მიმღებში ავადმყოფს სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარი განუცხადეს, მიზეზად კი პოლისების გაუქმება დაუსახელეს: „ვეხვეწე და ვემუდარე ექიმს, ვინ იყო არ ვიცი, იქნებ რენტგენის სურათი გადამიღოთ და შემიხვიოთ, პენსიას რომ ავიღებ, ფულს აუცილებლად გადავიხდი-მეთქი, მაგრამ ზედ არავინ შემომხედა. მერე ერთმა ახალგაზრდა თეთრხალათიანმა ქალმა მითხრა, რენტგენს გადაგიღებ და ფული რომ გექნება, მომიტანეო. ჩემი გარდაცვლილი შვილიშვილის სული დავიფიცე, ასე ვიზამ-მეთქი. სურათი გადამიღო. ხელი მოტეხილი მქონდა და თაბაშირის დადება მჭირდებოდა. მერე მითხრეს, ფული თუ არ გაქვს, სოფელში ცხოვრობ, ლობიო ან კვერცხი მაინც გექნება, ეგეც ფულიაო. არც ლობიო მაქვს და არც არაფერი, ძალიან გაჭირვებული ვარ და თუ მომხედავთ, მომხედეთ, თუ არა და ნუღარ მაწვალებთ-მეთქი. თაბაშირი არ დამადეს. სახლში რომ დავბრუნდი, ჩვენს სოფელში ექიმბაშს მივაკითხე. იმან მოტეხილობა თაფლითა და კვერცხით შემიხვია. ძალიან მტკივა, სიცხეც მომცა, მაგრამ ფული არ მაქვს და რა ვქნა, პოლისი გაუქმდაო ბაბო, რამდენჯერმე მითხრეს, თავს ნუ იმასხარავებო,“ - აღნიშნავს მაყვალა მერებაშვილი.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ პრეტენზიები სხვებსაც აქვთ. „იანვრის პირველ რიცხვებში ძალიან ცუდად გავხდი და საავადმყოფოს მივაკითხე. სამედიცინო დახმარების ბარათი წარვადგინე, მაგრამ მითხრეს, პოლისები ძალაში აღარ არის და უფასოდ ვერ დაგეხმარებითო. ავდექი და უკან წამოვედი. სიკვდილს ძლივს გადავურჩი,“ - ამბობს ლილი ორველაშვილი.

გაჭირვებული ადამიანების ბრალდებებს გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უარყოფენ, თუმცა, დირექტორის მოადგილე მარინა ნაცაური იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა ასეთი ფაქტები ხდებოდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იგი ადმინისტრაციისათვის გახდება ცნობილი, ჩაერევიან და გაარკვევენ.

„საავადმყოფოს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო დახმარების გაწევა 2007 წლის 30 იანვარს, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კახეთის რეგიონულ ფილიალსა და გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოს შორის დადებული ხელშეკრულებით ევალება. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფებს უფასო სამედიცინო დახმარებაზე უარს იმ მიზეზით ეუბნებიან, რომ როგორც სტაციონარში ამბობენ, მკურნალობა უფასოა მხოლოდ ურგენტულ ანუ გადაუდებელ შემთხვევებში,“ - აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

არსებობს გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის 71-ე ბრძანებაც, რომლის მიხედვითაც ს/ს „გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოს“ მიმღებ განყოფილებაში სამედიცინო დახმარების ბარათის (პოლისის) მქონე ავადმყოფებს უფასო ამბულატორიული დახმარება უნდა გაეწიოთ შემდეგი ნოზოლოგიების დროს: ამოვარდნილობა, სხეულის დაუზუსტებელი უბნის მოტეხილობა, თაბაშირის ნახევი, იმობილიზაცია. ასევე ჭრილობა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი პროცესის დროს პირველადი ქირურგიული დახმარება.

ბრძანების ამონაწერში მითითებულია ისიც, რომ სამედიცინო დახმარების გასაწევად ავადმყოფმა უნდა წარადგინოს პოლისის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ორი ქსეროასლი.

ჩვენმა რესპონდენტმა მოთხოვნილი დოკუმენტები წარადგინა, მაგრამ მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად თავი არ შეუწუხებიათ. სამედიცინო დახმარება მას მხოლოდ მას შემდეგ გაუწიეს, რაც მომხდარით დავინტერესდით. ამის შემდეგ საავადმყოფოს დირექტორი გელა ორველაშვილი გაჭირვებულს სახლში თავად ეწვია, სავადმყოფოში გადაიყვანა და გაჩუმება ურჩია.

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ასეთი ფაქტები ადრეც ხდებოდა. უფულობის გამო, სტაციონარში მიყვანილი რამდენიმე მძიმე ავადმყოფი განუკითხაობის მსხვერპლიც გახდა. არსებული მდგომარეობით კი ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

 

ახალი ამბები