კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორი „გაბერილი“ შტატების შემცირებას ითხოვს

27 თებერვალი, 2007

tatbirib.gif

რაიონებში, მუნიციპალიტეტის გამგეობებსა და საკრებულოებში ვაკანტურ თანამდებობებზე მოქალაქეები გასული წლის დეკემბერში დანიშნეს. იურისტების განცხადებით, ამ პროცესს თან კანონდარღვევები ახლდა, თუმცა პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აღშფოთება არა ამან, არამედ „გაბერილმა“ შტატებმა გამოიწვია.

„ისევე როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმაც თანამდებობებზე ახლადმიღებული თანამშრომლები თათბირზე დაიბარეს და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვეს. ის ადამიანები, ვინც თავისი ნებით დაწერეს განცხადებები და თანამდებობებიდან უხმაუროდ წავიდნენ, ხელმძღვანელებმა სხვადასხვა სამსახურებში დაასაქმეს. ისინი კი, რომლებმაც განცხადება არ დაწერეს და მიღებულნი არიან სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, ბუნებრივია ვადის გასვლის შემდეგ უმუშევარნი დარჩებიან. საინტერესოა, მაშინ რატომ დაუშვეს თავიდანვე ამდენი შტატი თუ არ სჭირდებოდათ და თუ ერთ თვეში მისი შემცირების საკითხი მაინც დადგებოდა? იმიტომ, რომ დაესაქმებინათ ის ხალხი, რომლებიც რევოლუციის დროს დროშას აფრიალებდნენ,“ - აცხადებენ კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში.

მაგალითად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც და გამგეობაშიც თანამშრომლები ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიიღეს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ამით მათ კანონი არ დაურღვევიათ. „თანამდებობებზე წესიერი ხალხი დავნიშნეთ, რა საჭირო იყო საჯარო კონკურსი. ყველა სამთვიანი გამოსაცდელი ვადით არის მიღებული და ვინც ვერ გაამართლებს, დავითხოვთ,“ - აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი.

სიღნაღის რაიონის საკრებულოში არ უარყოფენ, რომ თანამშრომელთა შემცირების მოთხოვნა ზემოდან წამოვიდა, ეს „ზემოდან“ კი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაა.

„მოთხოვნა საკრებულოებსა და გამგეობებში შტატების შემცირების თაობაზე, ნამდვილად მე მეკუთვნის და არა სახელმწიფო კანცელარიას. აი, მაგალითად, თელავის საკრებულოს 15 თანამშრომელი ჰყავს, გამგეობას 84; ახმეტის საკრებულოს 22, გამგეობას 71; საგარეჯოს საკრებულოს 17, გამგეობას 94. ანალოგიური მდგომარეობაა ლაგოდეხში, გურჯაანშიც, სადაც შტატები ყველაზე მეტად არის „გაბერილი“ და დანარჩენ რაიონებშიც. მე ვთვლი რომ ეს ყველაფერი შემაშფოთებელია,“ - აცხადებს პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გია ნაცვლიშვილი.

- ბატონო გია, იქნებ გვითხრათ რატომ არის შემაშფოთებელი?

-  ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ სახელფასო ხარჯებზეა მიმართული. არადა რას აკეთებენ ეს ადამიანები? დიდს არაფერს. ბევრი მათგანი საერთოდ უსაქმოდ არის დარჩენილი. ამიტომაც მიმაჩნია, რომ როგორც საკრებულოებში, ასევე გამგეობებში, საერთოდ არ არის საჭირო ამდენი თანამშრომელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიმართლეა ის, რომ ბევრი მათგანი არაფერს აკეთებს და ხელფასს ტყუილად იღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ შტატიანი თანამშრომლების გარდა, საკრებულოებმაც და გამგეობებმაც დამატებით კიდევ მიიღეს თანამშრომლები ვადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე. ეს არის ეშმაკობა საკრებულოს თავმჯდომარეთა და გამგებელთა მხრიდან, რასაც არ დავუშვებ.

- რას გვეტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ გამგეობებსა და საკრებულოებში თითქმის ერთი და იგივე სამსახურები არსებობს?

- საკრებულოებსა და გამგეობებს, შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს, ვეღარ გაურკვევიათ ვინ წარმოადგენს საკანონმდებლო და ვინ აღმასრულებელ ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად მოვითხოვ თანამშრომელთა სასწრაფოდ შემცირებას. ამ ადამიანების ხელფასის ხარჯზე სოფლებში ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და ეს ასეც იქნება. ზოგიერთ სოფელში ხალხი უწყლოდ იხოცება, ერთ საკრებულოს კი 20 და მეტი თანამშრომელი ჰყავს. რა საჭიროა?

ლაგოდეხის საკრებულოს თანამშრომლებს შემცირებები უკვე შეეხოთ. „თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვება ძალიან მტკივნეული პროცესია, მაგრამ საკრებულოში ახლა იმდენი ადამიანი მუშაობს, რამდენიც აუცილებელია,“ -განაცხადა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ გია წვერავამ.

სხვა რაიონების საკრებულოების ხელმძღვანელები კი გუბერნატორის დირექტივას ჯერ-ჯერობით არ დაემორჩილნენ. გურჯაანის საკრებულოში შემცირების ნაცვლად შტატები გაზარდეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც მოადგილე ჰყავს, თანაშემწედ თავისივე თანასოფლელი, სოფელ კოლაგის მცხოვრები ზურაბ მინდორაშვილი დაინიშნა. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები