კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არ გვინდა გასამართლება

28 თებერვალი, 2007

dajerab.gif

სამტრედიის არასრულწლოვანთა სპეცსკოლა ერთადერთია საქართველოში, სადაც ამჟამად 33 სხვადასხვა სახის დანაშაულში ეჭვმიტანილი მოზარდი სასკოლო პროგრამასთან ერთად ახალ ცხოვრებას სწავლობს. ისინი დღეს გაფაციცებულები ადევნებენ თვალყურს ტელევიზიით თუ კერძო საუბრებში გაჟღერებულ ყველა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნები მომავალში შესაძლოა, უფროსებივით გაასამართლონ. შესაბამისად, ბუნებრივია მათი რეაქციაც - ბავშვებს მართლმსაჯულების ეშინიათ.

„ჩვენთვის გასაგებია, რომ ცუდი საქმე აღარ უნდა ჩავიდინოთ. უკვე ვიცით, აქედან რომ წავალთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. არ გვინდა გასამართლება, ციხეში უფრო გავფუჭდებით და კაცად აღარ ვივარგებთ. გეგმებს ვაწყობ, აქედან როცა წავალ, რას გავაკეთებ. ვაპირებ, სახლი ავაშენო და პატიოსნად ვიშრომო. არ მინდა ქურდი ვიყო და სხვის ნაშრომს ვიპარავდე,“ - ამბობს არასრულწლოვანთა სკოლის აღსაზრდელი, კასპელი გიორგი კობელაშვილი.

იგივე განცდები აქვთ დანარჩენებსაც. უფროსებს კი, ხშირ შემთხვევაში, მათი დამშვიდება უხდებათ. ამბობენ, რომ პირად საქმეს, რომელიც არასრულწლოვანს სკოლაში მიყვება, ერთხელ გადახედავენ, მერე გვერდზე გადადებენ და იწყება ახალი ცხოვრება. სკოლაში აღმზრდელები და აღსაზრდელები თანატოლები ხდებიან. მათ კარგად ესმით ერთმანეთის.

„12 წლის ბავშვის გასამართლება და მისი ციხეში ჩასმა ყოვლად გაუმართლებელია. ამ ასაკის ბავშვი ციხის რეჟიმით ვერ იცხოვრებს. ვერ გაუძლებს საპყრობილის  პირობებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. გვქონდა საუბარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც, მაგრამ სამწუხაროდ, დღის წესრიგში ისევ დგას ეს საკითხი. ნუთუ, არ ესმით, რომ 12 წლის ბავშვის გასამართლება და ციხეში ჩასმა არ შეიძლება?“ - აცხადებს სამტრედიის არასრულწლოვანთა სპეცსკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ზეინაბ ლობჟანიძე.

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საქართველოში არასრულწლოვანებს 14 წლიდან ასამართლებენ. თუმცა, საუბარია ასაკის 12 წლამდე დაწევაზე, რასაც საზოგადოება გარკვეული წინააღმდეგობით ხვდება.

„ეს არის ბავშვის საბოლოოდ დაღუპვა. დიდი ხანია შეხება მაქვს ამ კატეგორიის ბავშვებთან და ვიცი მათი ფსიქიკა. სპეცსკოლიდან გამოსულები ცხოვრების სწორ გზას ირჩევენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ დაძლიეს გაუცნობიერებლად ჩადენილი ცუდი საქციელი და საბოლოოდ გამოსწორდნენ. ციხე კი რას მოუტანს მათ? - მხოლოდ უბედურებას და დიდ უფსკრულს ცხოვრებაში,“ - ამბობს არასრულწლოვანთა კომისიის უფროსი პედაგოგი მაგული გიორგაძე. მისი სამსახური პოსტრევოლუციურმა ხელისუფლებამ უფუნქციოდ მიიჩნია და გააუქმა. თუმცა, უკვე ყოფილი პედაგოგი დღემდე ინახავს ტომებად შეკრულ იმ საქმეებს, სადაც არასრულწლოვანთა პირადი მონაცემები და თავგადასავლებია თავმოყრილი.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივა, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 12 წლამდე დაწევის შესახებ, საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. კანონში ცვლილების შეტანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ირკვევა, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად მიმართავენ დაინტერესებული პირები.

სახალხო დამცველის აპარატი, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად  უახლოეს მომავალში „არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მთავარი მიზანი უნდა იყოს არა სამართალდამრღვევი მცირეწლოვნის დასჯა, არამედ მისი სოციალური რეაბილიტაცია. ამ სფეროში საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა უნდა გაითვალისწინოს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სათაო ოფისს მომზადებული აქვს დასკვნა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს უკვე გაეგზავნა. გაითვალისწინებენ თუ არა იქ აღნიშნულ მოსაზრებას, ვნახავთ. ჩვენი აზრით, ამ ასაკის 12 წლამდე დაწევა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. დასკვნაშიც იგივე აზრი ვითარდება. საქართველოში არ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. ანუ, არასრულწლოვანთა დასჯა კი არ უნდა მოხდეს, არამედ, პრევენცია. მათ უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი აღზრდა ოჯახში, სკოლაში და ა.შ. ბავშვებისთვის კი, რომლებიც ქუჩაში იზრდებიან, მიღებული უნდა იყოს შესაბამისი კანონი. ანუ, ბავშვი კი არ უნდა დავსაჯოთ, უნდა მოვახდინოთ მისი ინტეგრაცია საზოგადოებასთან. მოზარდის განსჯა და გასამართლება მის დამნაშავედ ჩამოყალიბებას გამოიწვევს,“- ასეთია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი ჭიქაბერიძის მოსაზრება.

„საია“-ს ქუთაისის ოფისში თვლიან, რომ საქართველოში არ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც თუნდაც გამოიკვლევს, რამ გამოიწვია  მოზარდის მიერ დანაშაულის ჩადენა, რა გახდა ამის რეალური მიზეზი და ა.შ. ახალგაზრდა იურისტების აზრით, ბავშვი შორს უნდა იმყოფებოდეს პოლიციისგან. ასევე ფიქრობენ სამტრედიის სპეცსკოლაში, სადაც პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ყველაზე მეტად ელოდებიან.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან 

ახალი ამბები