კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რევოლუციურ საქართველოში მოქალაქეებს საკუთრებას ართმევენ (ნაწილი II)

1 მარტი, 2007

ngrevab.gif

კიდევ ერთი გახმაურებული ნგრევის ისტორია მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მოხდა. იქ ორი ობიექტი დაინგრა.  ერთი მეტროსადგურის მარჯვენა ამოსასვლელთან - კაფე-ბარი შპს „ორქიდეა“  და მეორე მარცხენა ამოსასვლელთან, ორსართულიანი სავაჭრო ობიექტი - შპს „მერითაიმი“. კაფე-ბარი 27 იანვარს დაინგრა, „მერითაიმი“ კი 30 იანვარს.  
   
მართალია, ორივე ობიექტის დაზარალებულმა მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს, თუმცა ერთ-ერთის საქმე წარმოებაში იმ მიზეზით არ მიიღეს, რომ სასამართლო ბაჟი - 6000 ლარი გადახდილი არ იყო. დაზარალებულს კი მისი გადახდის საშუალება არ აქვს და აქედან გამომდინარე, სარჩელის გამოტანა მოუწევს.

კაფე-ბარის დანგრევის შემდეგ, მისი მეპატრონე რუსუდან ჯოჯუა ლოგინად ჩავარდა. მან წამოდგომა 22 დღის შემდეგ შეძლო. ნგრევის ღამეს ის „ბართლომეს ღამეს“ უწოდებს და მომხდარს 1937 წელს ადარებს.

რუსუდან ჯოჯუა: „სანამ ობიექტს დამინგრევდნენ, ჩემთვის არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. დანგრევამდე 3 დღით ადრე გავიგე, რომ მისი დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო. ვიღაც პატარ-პატარა ბიჭები მოდიოდნენ ზედამხედველობის სამსახურიდან და ამბობდნენ დაგანგრევთ, დაგანგრევთო. არანაირი  სხვა, დამატებითი განმარტებები არ მოუციათ, არც არანაირი დოკუმენტი არ უჩვენებიათ. მითხრეს, თუ წესიერად არ მოიქცევი, საერთოდ, ციხეში ჩაგსვამთო. იმ ღამეს საშინელება გადავიტანე. დაახლოებით  100 კაცი მოვიდა, კაფე-ბარს ალყა შემოარტყეს, შიგნით ცეცხლი დაანთეს, ხალხი რომ გასულიყო და მერე დაანგრიეს. მას შემდეგ ლოგინად ჩავვარდი. 1937 არ მოქცეულან ასე. მაშინ ხალხი მიჰყავდათ და ხვრეტდნენ, მაგრამ ოჯახს არ აწიოკებდნენ. 

როცა კაფე დაანგრიეს, ის მუშა მდგომარეობაში იყო და ყველანაირი ინვენტარით იყო გაწყობილი. მას შემდეგ ყველაფერი თავზე დამენგრა. მართალია, მიწა ჩემი საკუთრება არ იყო, თუმცა, იჯარით მქონდა აღებული. უკანონობა არ ჩამიდენია და კანონის ყველა ნორმას ვიცავდი. ღამის 3 საათზე ლაშა მაქაცარია მოვიდა (ზედამხედველობის სამსახურის უფროსი) და ნგრევის ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის თავის ბიჭებს მადლობა გადაუხადა. დაახლოებით 50-100 პატრული იყო მობილიზებული, ისინი ზედამხედველობის სამსახურს იცავდნენ. მათ ჩემი ქმრის წაყვანა უნდოდათ, მაგრამ ფეხებში შევუვარდი და არ გავატანე. მას შემდეგ საშინელებები მესიზმრება და სულ ტირილით ვიღვიძებ. განა მარტო შენობა მენანება, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსგავს რამეს საკუთარ თავზე გამოვცდიდი.

მათ მივმართავ, ასეთი დიდი ცოდვით როგორ უნდა იცხოვრონ? ამ საქმეს ყველა აუღელვებლად ასრულებდა. მხოლოდ ორი ბიჭი ვნახე - ტიროდა. ერთმა ჩემს მეგობარს უთხრა, „ბულდოზერი“ რომ მოვა, ეს ქალი ამას ვერ გაუძლებს და გაიყვანეთო. ნგრევის შემდეგ მაქაცარიამ მითხა, ორშაბათს ჩემთან მობრძანდითო. მე არც სარჩელის შეტანა მინდოდა, ვაპირებდი მაქაცარია მენახა და მასთან გამერკვია ყველაფერი, მაგრამ როცა მივედი, ძაღლივით გამომაგდეს. ამის მერე კი გადავწყვიტე სარჩელი შემეტანა. ნგრევას  ჩემი 14 წლის გოგონა რომ უყურებდა, ყბის მოქცევა დაემართა. ექიმებთან რომ დამყავდა, ჩემი ტრადეგია ყველამ იცოდა და თანხას არ მართმევდნენ. კიდევ ის მახსოვს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მადლობა მითხრა - კარგი ქალბატონი ხართ, სხვებზე რომ არ მიუთითეთო.“        

რაც შეეხება შპს „მერითაიმ“-ს სასამართლოს მისმა ერთ-ერთმა მესაკუთრე ლალი ხიზანიშვილმა მიმართა. ის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც მისი მეუღლე გივი ხუროშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“  საუბრისას აცხადებს, კერძო საკუთრება, რომელიც მას დაუნგრიეს აუდიტმა 240 000 ლარად შეაფასა. უცნაური კი სწორედ ის არის, რომ როგორც დაზარალებულმა გვითხრა, მისი ობიექტის შესაძლო დანგრევის შესახებ მან სრულიად შემთხვევით შეიტყო.
  
გივი ხუროშვილი: „ობიექტის გაყიდვას ვაპირებდი. მყიდველმა შემთხვევით იკითხა, რაღაც გავიგე და მართალიაო. ასე შემთხვევით, ჭორის დონეზე გავიგე, რომ თურმე დანგრევას აპირებდნენ, მაგრამ არ დავიჯერე, რადგან 25-31 დეკემბრის გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის საგინაშვილის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდა, აღნიშნული შენობა დემონტაჟს არ ექვემდებარებაო. ამის მიუხედავად, რეალობის გასარკვევად ზედამხედველობის სამსახურს  მივაკითხე. საგინაშვილს შევხვდი, მაქაცარიაც იქ იყო. მან მითხრა, ეს შენობა უნდა დაინგრესო. იურისტი ვარ და კანონმდებლობაში საკმაოდ კარგად ვერკვევი. მას მაშინვე სასამართლოს გადაწვეტილება ან სხვა ნორმატიული აქტი მოვთხოვე, მაგრამ ვერ წარმომიდგინა. მიპასუხა: „ხომ გითხარით, უნდა დაინგრესო.“

როგორც დაზარალებული აცხადებს, ამის შემდეგ, მან მთავარი არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა, თუმცა იქაც მსგავსი პასუხი მიიღო.

აღნიშნული ობიექტის დასანგრევად სპეციალური ჯგუფი 29 იანვარს მივიდა, თუმცა იქ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დახვდნენ, რის გამოც შენობის დემონტაჟი ვერ განხორციელდა. შენობის მფლობელებმა კი მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს, რომ მის დასანგრევად არავინ გამოჩენილიყო.

ხუროშვილი იხსენებს, რომ 29 იანვარს მან განცხადებით სახალხო დამცველს და მერიას მიმართა და დოკუმენტის გაცნობა ითხოვა: „სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიმიღია. პროკურატურასაც მივმართე და პოლიციასაც, თუმცა, არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დილის 6 საათამდე ჩემს 4 წლის შვილთან ერთად ამ ობიექტის ირგვლივ დავდიოდი, რომ არავინ გამოჩენილიყო. 30-ში დილით კი დიდი „ბრიგადა“ მოვიდა. ალყა შემოარტყეს შენობას, ბულდოზერი მიაყენეს და ობიექტი მიწასთან გაასწორეს.“

დაზარალებულმა მერიის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი 27 თებერვალს შეიტანა. როგორც ის აცხადებს, ეს ობიექტი მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო და დემონტაჟის შემდეგ ის შემოსავლის გარეშე დარჩა. დაზარალებული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

რა შეეხება დოკუმენტებს, მის საქმეში ყველა საჭირო საბუთია წარმოდგენილი. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების საკუთრების შესახებ; მშენებლობის ნებართვა; არქმშენინსპექციის ნებართვა მშენებლობის წარმოების შესახებ,  სამშენებლო ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების აქტი და სხვა. 

ეკა გულუა

 

ახალი ამბები