კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რევოლუციურ საქართველოში მოქალაქეებს საკუთრებას ართმევენ (ნაწილი III)

2 მარტი, 2007

სახელისუფლებო რეკეტის 10 მაგალითი

documentb.gif

2005 წლის დეკემბერში იგივე წესით დაინგრა ვაჟა ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალში ბ. 36. სავაჭრო-საყოფაცხოვრებო ობიექტი. ამ შემთხვევაშიც ყველა დოკუმენტი წესრიგშია. არსებობს როგორც მშენებლობის ნებართვა ასევე სხვა საჭირო დასკვნა. ამავე პერიოში დაინგრა მოქალაქე ირინა ნერგაძის კუთვნილი „შუშის სახლი“ ვაკეში.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სახალხო დამცველი ამ ობიექტებთან დაკავშირებით წერილს უგზავნის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს  და ნგრევის მიზეზებზე კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვს.  2006 წლის 18 იანვარს კი ასეთ პასუხს ღებულობს: „თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური გაცნობებთ, რომ მოქალაქე ირინა ნერგაძის და ინდმეწარმე  ზურაბ ტალახაძის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟი ჩვენი სამსახურის მიერ არ განხორციელებულა“( წერილს ხელს აწერს უფროსის მოადგილე ივანე აბესაძე).    

სოზარ სუბარი ამ პასუხს სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ კიდევ უფრო სავალალოდ ყოფილა საქმე, თუ  დღისით ქალაქის ცენტრში უზარმაზარი შენობა ინგრევა და ქალაქის მთავრობამ არ იცის, ეს ვინ ჩაიდინა, მაშინ საქმე მართლა რთულადაა: „ეს ობიექტი კერძო პირის, ტალახაძის საკუთრება იყო. ის მოდულის შენობის ახლოს მდებარეობდა. ეს საქმე ჩვენ შევისწავლეთ და აბსოლუტურად ყველაფერი კანონიერი იყო. ამ შემთხვევაში ორი რამ  გავაკეთე - მივმართე პროკურატურას, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც უკანონობა ჩაიდინა და მეორე - მას უნდა აუნაზღაურდეს არა მხოლოდ იმ ქონების საფასური, რაც დაუნგრიეს, არამედ ის შესაძლო მოგება, რაც მას უნდა მიეღო იმ  საწარმოდან.  გარდა ამისა, მორალური ზარალიც. მაგრამ, დღემდე ზარალის ანაზღაურებაზე არავინ საუბრობს. 2005 წლის დასაწყისში მოქალაქე ირინა ნერგაძის საკუთრებაც დაანგრიეს - „შუშის  სახლი“ ვაკეში. ამ შემთხვევაში მცირეოდენი დარღვევები არსებობდა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში ეს იყო კერძო საკუთრება, გატარებული იყო საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იყო, რომ ეს შენობა არის ამ ადამიანის კანონიერი საკუთრება. არც ნერგაძის და არც ტალახაძის კერძო საკუთრების დანგრევის უფლება არავის ჰქონდა.

ამ შემთხვევაშიც პროკურატურასა და ქალაქის მერიას მივმართე. მერიიდან გამაოგნებელი პასუხი მივიღე, რომ ეს სახლები მათ არ დაუნგრევიათ. ეს პასუხი ზედამხედველობის სამსახურმა მომწერა. ჯერ ერთი, „შუშის სახლი“ რომ ინგრეოდა, ყველა ხედავდა, რომ ზედამხედველობის სამსახური ანგრევდა და თავად ამ სამსახურის ხელმძღვანელობა კომენტარებსაც იქვე აკეთებდა. ასეთი ტყუილი თანამდებობის პირმა არ უნდა იკადროს. თუ ზედამხედველობამ არ დაანგრია, მაშინ კიდევ უარესი ხდება. ქალაქში არსებობს რაღაც გაუგონარი ორგანო, რომელიც დღის შუქზე რაღაც შენობებს მიადგება და ანგრევს. ამისთვის პასუხს კი არავინ აგებს. არ არსებობს ორგანო, რომელიც ადამიანებს მსგავსი უკანონობისგან დაიცავს,“ - აცხადებს სახალხო დამცველი.

მსგავსი წესით თბილისში არაერთი კერძო  საკუთრება დაინგრა. ნგრევის ოპერაციებს  კი სხვადასხვა ორგანიზიის თუ კერძო პირთა მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყო საპროტესტო აქციები, მწვავე განცხადებები საპარლამენტო ტრიბუნიდან და სასამართლოში ჩივილიც, თუმცა ჯერ-ჯერობით სასამართლოს არცერთ საქმეზე გადაწყვეტილება არ გამოუტანია.     

დაზარალებული მოქალაქეები, როგორც წესი, დასახმარებლად სახალხო დამცველის ოფისს მიმართავდნენ. სოზარ სუბართან თითქმის ყველა საქმის მასალა არსებობს, რომელიც დაინგრა. ომბუცმენის წარმომადგენლებმა არსებული მასალები დეტალურად შეისწავლეს და დასკვნაც დადეს. როგორც სუბარი „ადამიანის უფლებების ცენტრთან“ საუბარში აცხადებს,  საქართველოში საკუთრების ხელყოფის ფაქტები აშკარაა. ხელყოფა კი არა მხოლოდ ობიექტის ნგრევის მეთოდით ხდება, არამედ კუთვნილი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქებით.  

სოზარ სუბარი:  „2004 წელს საქართველოში საკუთრების ხელყოფის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მაშინ ძირითადად არა ნგრევები, არამედ საკუთრების ჩუქების ანუ წართმევის ტენდენცია იყო. კანონის შესაბამისად, უკანონო ქონების ჩამორთმევის ფაქტებს მივესალმები, მაგრამ თუ ვიღაცამ თავის დროზე მიწის ნაკვეთი ქონება, საწარმო და ა.შ. პრივატიზაციით მიიღო და ამის გადახედვას დღეს იწყებენ, მაშინ ყველაფერი გადასახედი ყოფილა და კიდევ ერთი რევოლუცია და მთელი საკუთრების ჩამორთმევა უნდა მოხდეს, რაც დაუშვებელია. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, თავის დროზე  ამ ხალხმა კონკრეტული ქონება  კანონიერად შეიძინა.

ამ წელს საკუთრების სახელმწიფოსთვის ჩუქების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ზოგი სახელმწიფოს ქონებას მას შემდეგ ჩუქნიდა, რაც დაიჭერდნენ, ჩუქების შემდეგ კი უშვებდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები საკმაოდ ბევრი იყო, ერთადერთი ფაქტი, სადაც მიმაჩნია, რომ პირადად მივაღწიე წარმატებას ეს იყო ფერმერ ნოდარ მაისურაძის საქმე, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და ქონება დაიბრუნა. სამწუხაროდ,  დამნაშავეები, რომლებიც მას ქონებას ართმევდნენ დღემდე არ დასჯილან. 2006 წლიდან კი საკუთრების ხელყოფის ახალი ტალღა უკანონოდ, ნგრევების სახით გაგრძელდა.“

ერთადერთი გამოსავალი რომელსაც ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი პოულობს ასეთია: „ეს არის უკანონობა, რომელიც სს კოდექსით სხვისი ქონების განადგურებას ნიშნავს და კანონით ისჯება. ვინც ამას ჩაიდენს უნდა დაისაჯოს და მეორე - დაზარალებულებმა უნდა იჩივლონ და თუ ქალაქის ხელისუფლება დაინახავს, რომ მათ შეიძლება სასამართლოში წააგონ, მაშინ საქმეს ეშველება. დაზარალებულები საქმეს  ბოლომდე უნდა მიყვნენ და ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ.“           

გაჩუქებული საკუთრება  

რაც შეეხება, გაჩუქებულ საკუთრებას, საპარლამენტო ოპოზიციამ ის სია მოიპოვა,   რომელიც სწორედ სახელმწიფოსთვის გარკვეული ქონების ჩუქებას ადასტურებს. მართალია, აღნიშნული ჩამონათვალი სრულ სურათს არ ასახავს, თუმცა ყველა გარიგებაში, რომელიც ,,უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ" ერთის მხრივ ეკონომიკის სამინისტროსა და მეორეს მხრივ კერძო პირებსა და კომპანიებს შორის გაფორმდა, სტანდარტული ტექსტი მეორდება. ერთ-ერთი მაგალითი: ,,მომმართეს შპს ,,ნატვრის ხე"-ს დირექტორმა ბატონმა ლაშა შაკაიამ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა რევაზ ლორთქიფანიძემ. ლაშა შაკაიამ განაცხადა, რომ სურს შპს ,,ნატვრის ხე"-ს კუთვნილი უძრავი ქონება - შენობა ნაგებობები (201,8 კვმ სარდაფი, 224,34 კვ.მ ანტრესოლი, 574,65 კვმ I და II სართულების საერთო ფართი) უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ხოლო რევაზ ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ სურს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით უსასყიდლოდ მიიღოს..."

„კონსერვატიულ პარტიას“ მსგავსი გარიგების დამადასტურებელი მასალები არაერთ კერძო საკითრებაზე გააჩნია. კერძოდ, გარიგება 1: 30.10.2006 - შპს „ნატვრის ხე“-სთან - 869.500 ლარის ქონება, რიყე; გარიგება 2: 30.10.2006 - ვალტერ შაკაიასთან, 260.850 ლარის ქონება - რიყე; გარიგება 3: 06.11.2006 - ვლადიმერ აბაშმაძესთან და ბესიკ ჟღენტთან - 867.750 ლარის ქონება, რიყე; გარიგება 4: 07.11.2006 - საქართველოს სპორტული საზოგადოება „მართვე“-სთან; გარიგება 5: 1.388.400 ლარის ქონება, ც. დადიანის ქუჩა; გარიგება 6: 10.11.2006 - მანანა გაბეჩავასთან, 433.750 ლარის ქონება, რიყე; გარიგება 7: 16.11.2006 - ნანი კალატოზიშვილთან, 277.536 ლარის ქონება, რიყე; გარიგება 8: 20.11.2006 - შპს „გოგიტა“-სთან,  867.300 ლარის ქონება, აბანოს ქუჩა; გარიგება 9:  შპს „ირაკლი“სთან, 867.000 ლარის ქონება, გრიშაშვილის ქუჩა; გარიგება 10: დავით ჯანიაშვილთან -520.200 ლარის ქონება, ჭავჭავაძის გამზირი;

ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2006 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კერძო მესაკუთრეებისათვის ჩამორთმეულია 6.352.286 ლარის ქონება. „კონსერვატორები“ ამ  ფაქტებს სახელისუფლებო რეკეტის თვალსაჩინო მაგალითს უწოდებენ და პრეზიდენტისგან მოითხოვენ  ეკონომიკური განვითარების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს; ხოლო გენერალურ პროკურორს მოუწოდებენ,  ფაქტების სრულმასშტაბიანი გამოძიება დაიწყოს.

ეკა გულუა

ახალი ამბები