კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელებმა დაკავებული სასტიკად სცემეს

5 მარტი, 2007

policia0.gifთელავის რაიონში მცხოვრები 28 წლის ზვიად მანასაროვი შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებს, ილია კირვალიძეს, ლომიშვილს, სამხარაძეს და დარჩიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. დაკავებული, რომლის ჯანრთელობის მდგომარეობაც მძიმეა, პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

ზვიად მანასაროვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შს გურჯაანის სამმართველოში 2006 წლის 27 დეკემბერს, მეძავის არაქელიანის საჩივრის საფუძველზე აღიძრა. განცხადებაში მომჩივანი ირწმუნება, რომ მას მანასაროვმა ქურთუკი წაართვა, რაშიც მობილური ტელეფონი და ფული იდო. ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმი ტელეფონით დაუკავშირდა არაქელიანს და იმ ღამეს მასთან გართობაზე შეთანხმდა. მოგვიანებით მას 50 ლარი ფული გადაუხადა, შეშაც მიუტანა, მაგრამ არაქელიანმა მანასაროვი მოატყუა და გასართობად სხვა მამაკაცებს გაჰყვა, რა დროსაც მხარეებს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა. კამათისას არაქელიანის ქურთუკი ხელთ მანასაროვს შერჩა. მომხდარიდან მეორე დღეს, ქალბატონმა მანასაროვს პოლიციაში უჩივლა და მისი კუთვნილი ნივთების წართმევა დააბრალა. არაქელიანის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო,“ - ამბობს მანასაროვის ადვოკატი ვაჟა ვარადაშვილი.

შს გურჯაანის სამმართველოს გამომძიებელი გოგი პასიკაშვილი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბარში კი აღნიშნავს, რომ იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა მანასაროვის საცხოვრებელ სახლში, სადაც არავინ დახვდა, რის გამოც მისი დაკითხვა ვერ შეძლო. „მანასაროვი ეჭვმიტანილად დაუსწრებლად ვცანით და მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ასევე დაუსწრებლად შეუფარდა. 8 თებერვალს მასზე ძებნა გამოცხადდა,“ - აღნიშნავს გამომძიებელი.

სამართალდამცავებმა მანასაროვი 2007 წლის 9 თებერვალს იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მეზობელ სოფელში მცხოვრებ ნაცნობს ტრაქტორით ნაკვეთს უხნავდა. „შევისვენეთ. გზის პირას გამოვედი თუ არა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გაჩერდა. გადმოცვივდნენ და ხელი მტაცეს. მაშინვე დამარტყეს, მანქანაში ჩამაგდეს და ქ. გურჯაანის მიმართულებით წამიყვანეს. თავიდან პოლიციელმა ილია კირვალიძემ დამიწყო ცემა. მერე სხვებმაც მცემეს. მანქანაში წიხლებსაც კი მირტყამდნენ. უცენზურო სიტყვებით მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ თუ სხვა დანაშაულებსაც არ ავიღებდი საკუთარ თავზე, ციხეში დამალპობდნენ. ყველაფერი ვიუარე. გურჯაანში რომ შევედით, სამშობიარო სახლთან ჩაუხვიეს. იქ სახლის ნანგრევებია. გადმოვიდნენ და მეც გადმომათრიეს. თან ირგვლივ იყურებოდნენ, რომ არავის დავენახეთ. ხმის ამოღება დავაპირე და კირვალიძემ მუცელში წიხლი ისე ჩამარტყა, რომ პირიდან წყალი ამოვასხი. გურჯაანის პოლიციაში რომ მიმიყვანეს, იქაც იგივე განმეორდა. კვლავ მცემდნენ და მეუბნებოდნენ, სხვა დანაშაულებსაც თუ დავიბრალებდი, ამით ისინი სხვა საქმეებსაც გახსნილად ჩათვლიდნენ, რის გამოც ხელმძღვანელობისგან მადლობას მიიღებდნენ. დაგიფასებთ, ისე არ დაგტოვებთ, ციხიდან შენს მალე გათავისუფლებაზე ჩვენ ვიზრუნებთო. მერე 100 ლარი ფულიც შემომაძლიეს. სხვა დროს კიდევ დაგეხმარებითო. მაგრამ ყველაფერზე მაინც უარი ვთქვი. ცემით გული რომ იჯერეს, მანქანაში ჩამაგდეს და ციხეში გადასაყვანად წამიყვანეს. ერთ-ერთ სოფელში გონი დავკარგე. ეპილეფსია დამემართა. გონზე რომ მოვედი, გზის პირას, მიწაზე ვეგდე. ამბობდნენ, ეს რა შარში გავეხვიეთ, ავადმყოფი ყოფილაო. ამჟამად ძალიან ცუდად ვარ. ყველაფერი მტკივა. დაზიანებებიც მაქვს. სისხლდენა დამემართა,“- აცხადებს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ზვიად მანასაროვი.

როგორც დაკავებული აღნიშნავს, გურჯაანის პოლიციიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეხუთე იზოლატორში გადაყვანისას, მას ეპილეფსიური შეტევა დაემართა. „ამ დროს პოლიციელებს შეეძლოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახათ, მაგრამ ამის ნაცვლად ზვიადი მანქანიდან გადმოაგდეს. იგი თავად მოვიდა გონზე,“ - აცხადებს ადვოკატი ვაჟა ვარადაშვილი. მისივე თქმით, ციხეში შეყვანისას დაწესებულების ექიმს მანასაროვი არც კი გაუსინჯავს, რითაც, როგორც ადვოკატი ამბობს, „ციხის ექიმმა პოლიციელების დაკვეთა შეასრულა.“

ფიზიკური ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, ბრალდებულის მიერ დაკითხვის ოქმებში არაფერია მითითებული, რასაც მანასაროვი იმით ხსნის, რომ მას პოლიციელები აშინებდნენ. შს კახეთის მთავარ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა კი ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ პატიმარს პრეტენზიები არ ჰქონია, არც აქვს და ბრალდებები უსაფუძვლოა.  

ადვოკატმა ვაჟა ვარადაშვილმა ორი დღის წინ გურჯაანის რაიონულ პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა და სამედიცინო ექსპერტიზის მიერ, მანასაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სასწრაფოდ შემოწმება მოითხოვა. „გამოძიებამ ამ ფაქტს არასწორი კვალიფიკაცია მისცა, რადგან ეს ძარცვა არ ყოფილა. რაც შეეხება ზვიადს, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. მას დღეში ორჯერ ეპილეფსია ემართება. ორგანოები დაზიანებული აქვს და სისხლად იღვრება. წამების კვალი კი სხეულზე კვლავ ატყვია. ვთხოვ უფლებადაცვით ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, რომ ამ საქმით დაინტერესედნენ,“ - აცხადებს ადვოკატი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები