კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ციხეში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია

5 მარტი, 2007

cixeb.gif

ქუთაისის საპყრობილეში პატიმართა უფლებები ირღვევა,“ - ამ განცხადებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმრის მშობლებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობას მიმართეს.

„პატიმართა უმრავლესობა სხვადასხვა დაავადებითაა შეპყრობილი. მათ შორის ბევრი უმძიმეს მდგომარეობაშია. იმ პირობებში კი, რაც იქ არის შექმნილი, მათ კარგი დღე არ დაადგებათ. თუმცა, თუ მოკვდებიან, არც ამაზე იდარდებს ვინმე. რა, ცოტა პატიმარი შეეწირა ციხის გაუსაძლის პირობებს? რა მოხდება ხელისუფლებამ მეტი ყურადღება გამოიჩინოს, შეიტანონ მედიკამენტები და ამ ხალხს მკურნალობის კურსი ჩაუტარონ?“ - ამბობს ერთერთი პატიმრის დედა, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს და ამას იმით ხსნის, რომ ეშინია, მის შვილს საკანში რაიმე არ დაუშავონ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პატიმართა მდგომარეობით დაინტერესდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების სამედიცინო განყოფილების მთავარმა ექიმმა გოჩა კუპრეიშვილმა არ უარყო, რომ ციხეში სამედიცინო კუთხით კომფორტული ვითარება ნამდვილად არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ: „ყველა პატიმარს დიაგნოსტიკური შემოწმება უტარდება. თუკი რომელიმე მათგანს სტაციონალური ან სხვა სახის მკურნალობა დასჭირდება, საავადმყოფოში გადაგვყავს. დაფინანსებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება მედიკამენტებს, ყოველი თვის ბოლოს დეპარტამენტი გვიგზავნის და ამ მხრივ პრობლემა არ არის.“

საპირისპიროს ამტკიცებს #2 საპყრობილის საზოგადოებრივი კომისიის თავმჯდომარე მანანა მანაგაძე: „მედიკამენტების პრობლემა ციხეში კარგახანია დგას. ამის თაობაზე ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ციხის ადმინისტრაციას, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. როცა მივხვდით, რომ ამ საკითხით ადმინისტრაცია ვერ დავაინტერესეთ, ისევ გარე ძალებს ვთხოვეთ დახმარება. ვგულისხმობ ფარმაცევტულ ფირმებს თუ კერძო პირებს, რადგან არ შეიძლება, პატიმარი, ელემენტარულად, გამაყუჩებელს ვერ იღებდეს,“ - აცხადებს მანანა მანაგაძე.

სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის საბჭოს წევრებმა ციხეში არსებულ სხვადასხვა დარღვევებზე მისი პრეზენტაციის დღიდანვე დაიწყეს საუბარი. ე.წ. ევრომასშტაბის დონის საპყრობილეში იმთავითვე გაჩნდა პატიმართა კვებისა და მკურნალობის პრობლემა.

„პროდუქტი, რომლითაც პატიმრებს კვებავენ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატიმართა 70%-ს ჯამრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს, ასეთი საკვების მიღება მათთვის სიკვდილის დაჩქარების ტოლფასია. ამას რომ თავი დავანებოთ, იმ პროდუქტსაც, რითაც მათ კვებავენ, 12 და ხშირად 24 საათის დაგვიანებით აწვდიან. ეს კი, ყოველგვარ ნორმას ცდება. თაფლისა და კარაქის შეტანა გათვალისწინებულია მხოლოდ ტუბერკულოზიანთათვის, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ამ პროდუქტების მიღება ყველა პატიმრისთვის აუცილებელია. მოუგვარებელია ამანათების საკითხიც, რომლის თაობაზეც ჩვენ არაერთხელ მივმართეთე ადმინისტრაციას. მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ამაზე არანაირი კომენტარი არ არსებობს,“ - ამბობს მონიტორინგის საბჭოს წევრი, ექიმი ირაკლი ლალიაშვილი.

ამანათების შეგზავნასთან დაკავშირებულ პრობლემებს პატიმართა ახლობლებიც აპროტესტებენ. მათი თქმით, ციხის ადმინისტრაცია არ უნდა კრძალავდეს პროდუქტის გარედან შეგზავნას, რადგან კვების მხრივ პატიმრებს სერიოზული პრობლემები აქვთ. „თუ იმის ეშინიათ, რომ ამანათებში ვინმე ნარკოტიკს ან სხვა უბედურებას ჩადებს, გააკონტროლონ და ისე შეაგზავნონ. თვითონ უნდა მოაგვარონ ეს საკითხი და ამ მხრივ ჩვენ პრობლემები არ უნდა შეგვექმნას,“ - ასეთია პატიმართა ახლობლების მოსაზრება.

რაც შეეხება მედიკამენტების საკითხს, მონიტორინგის საბჭოს წევრები ვარაუდობენ, რომ რომელიმე ფარმაცევტული ფირმა კეთილ ნებას გამოიჩენს და ციხეში გარკვეული რაოდენობის მედიკამენტებს შეიტანს. ამ ინიციატივით რამდენიმე მათგანი მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარეს უკვე შეეხმიანა.   
 

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

 

ახალი ამბები