კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა „სითხით“ იკლავს წყურვილს აბასთუმნის მოსახლეობა

5 მარტი, 2007

abastumanib.gif

მინერალური წყლებით განთქმული, უძველესი დროიდან ცნობილი კურორტი ახლა სუფთა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი და დაავადების გავრცელების კერად არის გადაქცეული. მდინარე ოცხე კი ნაგვითაა სავსე. 

აბასთუმანში ასული ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჟურნალისტს მოსახლეობისაგან დაუჯერებელ ამბების მოსმენა მოუწია. დაუჯერებელი ამბები კი სინამდვილეა, მას ადგილობრივები ყვებიან. უსმენ მათ და გიკვირს როგორღა ცოცხლობენ და არსებობენ ისინი.

,კურორტიაო და წყალი არ გვაქვს, მეტი ირონია რა გინდა?” -  ,, სასმელ წყალზე დაწერეთ,” -  ,,ნეტა, ვინ მოგვხედავს?“ ,,სხვისი ჭირი ღობის ჩხირი,” პესიმისტური განწყობით ლაპარაკობს მოსახლეობა.
 
,,ყველაფერზე რომ თვალი დავხუჭო, სასმელ წყალზე რა გამაჩუმებს? რა ნაგავს ვსვამთ ნეტა განახათ! გინდა გადაადუღე და გინდა გაფილტრე, წყალს მაინც არაფერი შველის. გადაადუღებ და მატლებიც იხარშება, გაფილტრავ და რა გარანტია გაქვს, რომ იმ მატლმა არაფერი შეიყოლა წყალში?” - აღშფოთებული გევსაუბრება აბასთუმნის მკვიდრი  ნინო ობოლაშვილი.

,,სასმელი წყლის აუზი ღიაა და საქონელი ჩავარდა. მოსახლეობამ არ იცოდა და გახრწნილი ძროხის წყალს სვამდა, კიდევ როგორღა ვცოცხლობთ, მიკვირს,” - ამბობს ადგილობრივი ციური თოთაშვილი. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულად აბასთუმანში კურორტის ყოფილი გამგებელი ანტონ მერაბიშვილი დანიშნეს. მისი განცხადებით, ,,სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოშლილია და ამისათვის უზარმაზარი თანხებია საჭირო, რომელსაც ჩვენი რაიონის კი არა, ქვეყნის ბიუჯეტიც არ ეყოფა.”

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ჟურნალისტის კითხვას - თუ რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში მოსახლეობამ, გამგებლის რწმუნებული ასე პასუხობს: ,,ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ახლა მთაში თოვლი დნება და სასმელი წყალი ორმაგად ბინძურდება, ამიტომ მოსახლეობას შეუძლია წყალი გადაადუღოს. მეც და ჩემი შვილებიც ამ წყალს ვსვამთ.” 

ანტონ მერაბიშვილმა მოსახლეობას სასმელ წყალზე დამაიმედებელი დაპირება მისცა:  ,,მე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შარშან დეკემბერში, მსოფლიო საინვენსტიციო ფონდში  სასმელ წყლის უზრუნველყოფაზე პროექტი შევიტანეთ და იმედი გვაქვს, რომ რაღაც გამოვა.“ მოსახლეობას კი ამ ,,რაღაცამდე” ვინ იცის რისი დალევა მოუწევს.

აბასთუმნის ტუბ-საავადმყოფო, რომელიც კურორტის ცენტრშია და ორ სართულიან შენობას მოიცავს ძირითადად ტუბერკულიოზით დაავადებული მძიმე ავადმყოფებისათვის არის განკუთვნილი. აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოს არ აქვს მფილტრავი მილი და მთლიანი კანალიზაცია მდინარე ,,ოცხეში”  ჩაედინება. მდინარე მთელ სიგრძეზე კურორტს კვეთს და  მის ორივე მხარეს მოსახლეობა ცხოვრობს. მდინარე ,,ოცხეში” გარემოს დაცვის ახალციხის სამმართველომ ტუბერკულიოზის ჩხირებიც დააფიქსირა.

ადგილობრივებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება. თუმცა . . .

,,მდინარეა თუ ნაგვის ბუნკერი ჯერ ვერ გაარკვევ, ყველაფერი შიგ ყრია: პარკები, „პამპერსები“, შპრიცები, კოლოფები, საჭმლის ნარჩენები, მკვდარი ქათმები, ძაღლები, ნეტა დაგანახათ,” - გვითხრა ადგილობრივმა ციური თოთაშვილმა.

ამ მდინარის წყალს აბასთუმნის ქვემოთ მდებარე ყველა სოფლის შინაური ცხოველი სვამს, რომლის ხორცითაც შემდეგ ადგილობრივები იკვებებიან.

გულო კოხოძე, აბასთუმანი

ახალი ამბები